მუსტაფაევი ბექირ დურსუნის ძე (ბაქირ დურსუნ-ოღლი)

წარმოშობით ქურთი (საბუთების მიხედვით - აზერბაიჯანელად ჩაწერილი) ბექირ მუსტაფაევი 1898 წლის 11 თებერვალს ახალციხის რაიონის სოფელ ბლორძაში (გლაზარში), გლეხის ოჯახში დაიბადა. სკკპ წევრი გახდა 1944 წელს. ჯარში 1941 წლის აგვისტოში გაიწვიეს, 1942 წლის მარტიდან მონაწილეობდა კავკასიის თავდაცვაში. თავი გამოიჩინა ქერჩის ბრძოლებში 1943 წლის შემოდგომას. 

56-ე არმიის 55-ე საგვარდიო წითელი დროშის ორდენოსანი ირკუტსკის მსროლელი დივიზიის 164-ე საგვარდიო მსროლელი პოლკის მსროლელი, რიგითი მუსტაფაევი, 1943 წლის 3 ნოემბერს, ქერჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოებულ ბრძოლაში მოწინააღმდეგის გამაგრებულ პუნქტს, სიმაღლეზე, ცოცვით მიუახლოვდა და ხელყუმბარების სროლით, 5 ფაშისტი მოსპო. თანამებრძოლების სულისკვეთება გაძლიერდა მუსტაფაევის მაგალითით, წითელარმიელები შეტევაზე გადავიდნენ და მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავეს. სასანგრო ბრძოლაში მან კიდევ 4 ფაშისტი დახოცა, ხელთ იგდო ტყვიამფრქვევი და იგი მოწინააღმდეგეს შემოუბრუნა. თავადაც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა.

ქერჩის ბრძოლებში ბექირ მუსტაფაევმა სულ 40-ზე მეტი ჰიტლერელი დახოცა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით, მიენიჭა 1944 წლის 16 მაისს. ომის შემდეგ, დემობილიზებულ იქნა. ცხოვრობდა და მუშაობდა უზბეკეთში, სამარყანდის ოლქში. გარდაიცვალა 1978 წლის 10 დეკემბერს, დაკრძალულია სამარყანდის ოლქის სოფ. კაინამაში. მუსტაფაევის სახელი ეწოდა ყირგიზეთის დედაქალაქ ფრუნზეს (ახლანდელი ბიშკეკი) ერთ-ერთ ქუჩას.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება