სეით მილდიანი - წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი

ჩვენს წამოწყებას, შევქმნათ პირველი ძლიერი ქართული ინტერნეტ-რესურსი დიდი სამამულო ომის შესახებ, ჩვენი ინტერნეტ-გამომწერების, ასევე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მკითხველების გამოხმაურებაც მოჰყვა.

რესურსი „დიდი სამამულო“ (www.didisamamulo.ge), ფაქტობრივად, ონლაინ-ენციკლოპედიად ყალიბდება, ქართულად ითარგმნება ენციკლოპედიური ცნობები დიდი სამამულო ომის საკვანძო თემებსა და განსაკუთრებით, ამ ომში ქართველების მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, საიტზე არის რუბრიკა „ჩემი მამაცი წინაპარი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის მიერ ფრონტზე მებრძოლი საკუთარი წინაპრების შესახებ ინფორმაციებისა და ფოტოების მოწოდებას, მათი გამოქვეყნების მიზნით. ეს ინფორმაციები ელექტრონული სახით დაცული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე.

ამასთან დაკავშირებით, ტელეფონით დამიკავშირდა „საქართველო და მსოფლიოს“ მკითხველი, ქალბატონი ლამარა მილდიანი, ომის მონაწილის, შინსახკომის ოფიცრის, სეით დავითის ძე მილდიანის ქალიშვილი. ქალბატონმა ლამარამ მოგვაწოდა თავისი სახელოვანი მამის, წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერის ფოტოსურათი, რომელზეც სეით მილდიანი მეუღლესთან - ჩიტო ჩხეტიანთან ერთად არის აღბეჭდილი, აქვე წარმოგიდგენთ თავად ულამაზესი ქალბატონის, ლამარა მილდიანის ახალგაზრდობის ფოტოსაც.

რაც შეეხება უფროს სერჟანტს სეით მილდიანს, იგი 1912 წელს იყო დაბადებული მესტიის რაიონში. საშუალო სკოლა გაგრაში დაამთავრა, შემდეგ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. ახალგაზრდობაშივე გაიტაცა სამხედრო საქმემ და შინსახკომის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, მონაწილეობდა ფაშისტური გერმანიისაგან კავკასიის დაცვაში, მიღებული აქვს მედალი და მადლობის წერილი საქართველოს  უშიშროების მინისტრისგან. აღსანიშნავია, რომ სეით მილდიანი ომამდე სპეცდისციპლინების ლექტორი იყო. გარდა სამხედრო საქმიანობისა, მუშაობდა რუსულ-ქართულ-სვანური ლექსიკონის შექმნაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, სეით მილდიანი გახდა წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი. წითელი ვარსკვლავის ორდენი საბჭოთა კავშირში 1930 წელს დაარსდა, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (უმაღლესი საბჭოს წინამორბედი ორგანო) 5 მაისის დადგენილებით. ამ ორდენს ანიჭებდნენ „საბჭოთა კავშირის დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიან დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის“.

ისტორიკოს ანდრეი ჟუკოვის მიერ მოძიებული შინსახკომის არქივების მიხედვით, ნამდვილად დაფიქსირებულია სეით მილდიანის წოდება და ჯილდო, ეს ინფორმაცია კი გამოქვეყნებულია ჟუკოვის მიერ შექმნილ ინტერნეტ-რესურსზე „ნკვდ.მემო“: (https://nkvd.memo.ru/index.php/Милдиани,_Сеид_Давидович)

 სეით დავითის ძე მილდიანი.
 წოდება: უფროსი ლეიტენანტი.
 ჯილდო: წითელი ვარსკვლავის ორდენი.
 წყარო: სსრ კავშირის  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1949 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება (ნაწილი მე-4).


სამწუხაროდ, სეით მილდიანის ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. იგი შეეწირა თავის პრინციპებს, პატიოსნებას, არ გადაუხვია სტალინ-ბერიას ხაზს და ხრუშჩოვისა და მისი ბანდის რეპრესიებს შეეწირა 1953 წელს. სწორედ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დაიკარგა წითელი ვარსკვლავის ორდენი, თუმცა ქალბატონ ლამარას ამ ორდენის დამადასტურებელი წერილი - უშიშროების მინისტრ რუხაძის მოლოცვა სეით მილდიანის სახელზე შემორჩა და სათუთად ინახავს. გთავაზობთ ამ წერილის ფოტოსაც (ფოტოგალერეა - ქვევით).

უდიდეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლამარას, ამ მასალების მოწოდებისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ დამიკავშირდა ქალბატონი ლია ხუნდაძეც, სტალინგრადის ბრძოლის მონაწილის, ვლადიმერ ივანეს ძე ხუნდაძის ქალიშვილი, რომელიც ასევე დამპირდა, რომ მომაწვდის მასალებს მამის შესახებ. ონლაინ-ენციკლოპედია „დიდი სამამულო“, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ერთად, კვლავაც გააგრძელებს ამ საშვილიშვილო საქმეზე ზრუნვას და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საქმიანობაში ხელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ღირსეული წარმომადგენლები შეგვიწყობენ.

გულბაათ რცხილაძე,
მოძრაობა „საქართველოს  უკვდავი   ჯარი“


© Didisamamulo.ge
დაბრუნება