გეგეშიძე არკადი სპირიდონის ძე
არკადი სპირიდონის ძე გეგეშიძე დაიბადა 1902 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941 წლის ივნისიდან. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი დროშის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 23 ოქტომბერს - სევასტოპოლის დაცვისას ბატალიონის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის. გარდაიცვალა 1974 წელს.
კომკავშირის საგზურით გაიგზავნა და მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში, სადაც საკადრო ოფიცერი გახდა. 1941 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ვიდრე სევასტოპოლის 250-დღიანი გმირული დაცვის დასრულებამდე, კაპიტანი გეგეშიძე სპეცდანიშნულების ჯარში, მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის მე-2 განსაკუთრებულ მსროლელ ბატალიონს მეთაურობდა.
1941 წლის ნოემბერში ზღვისპირა არმია, გენერალ-მაიორ პეტროვის მეთაურობით, ორგანიზებულად იხევდა უკან, სევასტოპოლისკენ. ა. გეგეშიძის ბატალიონს დაევალა შეტევაზე გადმოსული მტრის შეკავება სოფელ საბლის აღმოსავლეთით. 2 და 3 ნოემბერს ბატალიონმა აწარმოა მძიმე ბრძოლები და საშუალება მისცა ზღვისპირეთის არმიას, უკან დახევა ორგანიზებულად განეხორციელებინა. შემდეგ, 8-17 ნოემბრის მონაკვეთში კი, გეგეშიძის ბატალიონი უკვე შეტევით ოპერაციებს აწარმოებდა მეკენზიურ მთებში, ხუტორ მეკენაია-2-ის მიმართულებით... მთელი შემდგომი თვეების მანძილზე, ვიდრე 1942 წლის 17 ივნისამდე, როდესაც გეგეშიძე ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა, უშიშარი ქართველი კაპიტანი ხან თავდაცვით, ხან შეტევით ოპერაციებს აწარმოებდა სევასტოპოლის შემოგარენში, იგი ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდებოდა და მანევრირების დიდოსტატობა დაამტკიცა. გეგეშიძემ საოცარი ნიჭი და უნარი გამოავლინა საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვის და განხორციელების, ასევე ჯარისკაცების მოტივირების თვალსაზრისით. მისი პირადი სიმამაცე აღანთებდა და შიშს უკარგავდა საბჭოთა ჯარისკაცებს. ასე, 1942 წლის 11 და 12 ივნისის ბრძოლებში, გეგეშიძე ბატალიონს პირადად გაუძღვა შეტევაზე და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვია. კაპიტანი გეგეშიძის ბატალიონმა გერმანელთა ბატალიონი მთლიანად გაანადგურა, ოთხ ტანკთან ერთად. საბჭოთა მეზღვაურებს ნადავლის სახით დარჩათ მოწინააღმდეგის ოთხი ქვემეხი, რამდენიმე ტყვიამფრქვევი და ორი რადიოსადგური.