ედელვაისი - სამხედრო გეგმა და სამთო დივიზია

"ედელვაისი":

1. "გეგმა ედელვაისი" (გერმ.: "Unternehmen Edelweiß", თავად სიტყვა "ედელვაისი" ალპური თეთრი ყვავილის აღმნიშვნელია) იყო კოდური სახელწოდება ნაცისტური გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი ოპერაციისა, რომელიც 1942 წლის 23 ივლისიდან კავკასიის ნავთობის საბადოების დაპყრობას (გროზნოსა და ბაქოში) ითვალისწინებდა. "ედელვაისი" წარმოადგენდა ე. წ. "ლურჯი გეგმის" - შემდგომში "ბრაუნშვაიგის" გაგრძელებას (იხ.: კავკასიისათვის ბრძოლა).

2. 1-ლი სამთო დივიზია, ცნობილი, როგორც "ედელვაისი" (გამომდინარე დივიზიის ემბლემიდან, რომელზეც ეს თეთრი ალპური ყვავილი იყო გამოსახული). იყო ვერმახტის ელიტური საბრძოლო შენაერთი, ძირითადად დაკომპლექტებული სამხრეთელი გერმანელებისგან - ბავარიელებისა და ავსტრიელებისაგან. ადოლფ ჰიტლერი "ედელვაისს" თავის "საგვარდიო დივიზიას" უწოდებდა. სამთო დივიზია მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში, იქნებოდა ეს პოლონეთი, ბალკანეთი, საბჭოთა კავშირი თუ საბერძნეთი, სადაც, კერძოდ, კეფალონიაში, დივიზიამ 1943 წელს სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. მანამდე, 1942 წელს, ეს სასტიკი ხროვა კავკასიის ქედს მოადგა, იალბუზის მწვერვალიც დალაშქრა და აფხაზეთშიც (სოფ. ფსხუ) შემოიჭრა.

მაგრამ "ედელვაისმა" საბჭოთა ჯარებისგან მძიმე კონტრდარტყმები და მსხვერპლი განიცადა (13.227 დახოცილი ჯარისკაცი და ოფიცერი). 1943 წლის იანვარში "ედელვაისი" კავკასიის მთებიდან მოხსნეს, მაიკოპში გადაიყვანეს გენერალ ფონ ლე სუირის (საბჭოთა ტყვეობაში გარდაიცვალა) ძალებთან, შემდეგ კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, პარტიზანებთან საბრძოლველად გადაისროლეს.  



© Didisamamulo.ge
დაბრუნება