თბილისში გენერალი კ. ლესელიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

საბჭოთა კავშირის გმირის, ფრონტზე ოთხი ძმის  გამგზავნი ოჯახის წარმომადგენლის, კონსტანტინე ლესელიძის ბიუსტთან, თბილისის ცენტრში, გამარჯვების დღეს, „საქართველოს უკვდავი ჯარის“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ყვავილები მიიტანეს. 

ლესელიძის ბიუსტის შემკობა სწორედ 9 მაისს, ნაცვლად დაკეტილი ვაკის პარკისა, „საქ. უკვდავი ჯარის“ დამფუძნებელმა, გულბაათ რცხილაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ საშუალებით, ინტერვიუში დააანონსა. მის იდეას თავად გაზეთის გამომცემელი ტარას გაგნიძე, ასევე - ჟურნალისტი ეკა ნასყიდაშვილი, პუბლიცისტი დავით მხეიძე, ინჟინერი ტარიელ სუხიაშვილი, სამხედრო ოფიცერი (სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი) გუჯა ბიჭიაშვილი, ისტორიკოსი ვიქტორ ცაავა, პროგრამისტი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი და ეკონომისტი გიორგი მდივანი გამოეხმაურნენ. მათ ერთობლივად შეამკეს მონუმენტი და პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას.

 თუმცა შემდგომ, მთელი დღის მანძილზე, მოქალაქეები მიდიოდნენ ლესელიძის ძეგლთან. მათ შორის იყვნენ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები თემურ ფიფიასა და თემურ სამნიძის ხელმძღვანელობით, რომელთაც თავიანთ კოლეგებთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ასეულობით თანამოაზრეებთან ერთად, ლესელიძის ბიუსტთან გამოხატეს თავიანთი პატივისცემა დიდი სამამულო ომის მონაწილეებისადმი. 

შეგახსენებთ, რომ გენერალი ლესელიძე 1943 წლის იანვრამდე ამიერკავკასიის ფრონტის 46-ე არმიას სარდლობდა, 1943 წლის იანვრიდან 1944 წლის თებერვლამდე კი, ეტაპობრივად, ამიერკავკასიის, ჩრდილო კავკასიისა და პირველ უკრაინულ ფრონტებზე 47-ე და 18-ე არმიების სარდალი იყო. იყო სუვოროვის და კუტუზოვის 1-ლი ხარისხის ორდენების კავალერი, ფლობდა ყველა სხვა ძირითად ორდენსაც. გარდაიცვალა 1944-ის თებერვალში, ჰოსპიტალში, ფრონტზე აკიდებული ძლიერი გაციებისა და ფილტვების ანთებისაგან. ლესელიძემ უზრუნველჰყო კავკასიის ქედის ცენტრალური ნაწილის წარმატებული დაცვა (რის წყალობითაც დაუნდობელმა მტერმა საქართველოში ვერ შემოაღწია), ასევე დიდი როლი შეასრულა ნოვოროსიისკის, ქერჩისა და ჟიტომირ-ბერდიჩევის შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში.

ფრონტებზე იბრძოდნენ კ. ლესელიძის ძმებიც, სამი მათგანიდან ორი - ვიქტორი და ვალერიანი, დაიღუპნენ. ვიქტორ ლესელიძეს 1944 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ხოლო კონსტანტინე ლესელიძეს - 1971 წელს, ლეონიდ ბრეჟნევის ინიციატივით. 

საბჭოთა სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ლიდერს, ლეონიდ ბრეჟნევს არ დავიწყებოდა  ქართველი გენერალი, რომლის გმირული ხასიათის და ქმედებების მოწმე თავად იყო. აი რა განაცხადა ბრეჟნევმა 1971 წლის 14 მაისს თბილისში, საბჭოთა საქართველოს 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში:

მე წილად მხვდა მეომა საბჭოთა მხედართმთავრებიდან ერთ-ერთ ნიჭიერ მხედართმთავართან - მეთვრამეტე არმიის სარდალთან, გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ადამიანები მალევე იხსნებიან, იქ მაშინვე მიხვდები, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე მე დამამახსოვრდა, როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლის მოყვარული და მამაცი, მტრების მიმართ შეურიგებელი და მეგობრებისადმი გულუხვი, ღირსების ადამიანი, სიტყვის ადამიანი, მახვილი გონებისა და ცხელი გულის ადამიანი“. 

თბილისში გაიხსნა კ. ლესელიძის ბიუსტი, ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა. ლესელიძის ქუჩები გაჩნდა ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში, მახარაძეში (ოზურგეთში), ორ სკოლას ეწოდა ასევე ლესელიძის სახელი. რაოდენ სამწუხაროა, რომ აფხაზი ნაციონალისტების მიერ 1992 წელს სოფ. ლესელიძისთვის სახელის შეცვლა მისაბაძი გამოდგა ქართველი ჩინოვნიკებისათვის 2010-იან წლებში, როდესაც თბილისის ლესელიძის ქუჩას ეს სახელი წაართვეს. თუმცა ხალხი მაინც არ ივიწყებს თავის გმირს და ამ ქუჩის მცხოვრებნი, ისევე, როგორც ყველა თბილისელი,  ქუჩას ძველებურად „ლესელიძეს“ უწოდებენ.

 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება