„ვკვდები, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი!“ – გერმანია რომ ომს წააგებდა, ომის პირველივე დღეს გამოჩნდა! – DidiSamamulo.Ge

„ვკვდები, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი!“ – გერმანია რომ ომს წააგებდა, ომის პირველივე დღეს გამოჩნდა!

by SuperUser
A+A-
Reset

დიდი სამამულო ომის დაწყება 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას,  აღინიშნა.  პირველი შეტევა ფაშისტურმა ვერმახტმა ბელარუსულ ქალაქ ბრესტსა და მის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში განლაგებულ საბჭოთა ყაზარმაზე მიიტანა.

ბრესტის ციხეში ომის დაწყების მომენტში, სულ მცირე, 3,5 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ: მე-17 სასაზღვრო ნაწილის მე-6 და 42-ე მსროლელი დივიზიების ქვედანაყოფები და შინსახკომის („ნკვდ“) ჯარების 132-ე განცალკევებული საკონვოირო ბატალიონი.

ციხე-სიმაგრის აღებით ფაშისტები სტრატეგიულად მნიშნელოვანე ტრასასა და გზების დიდ კვანძს ეუფლებოდნენ, ამიტომ მათ ძალისხმევა არ დაიშურეს ციხე-სიმაგრის დამცველთა წინააღმდეგობის სწრაფად გასატეხად. და სწორედ აქ შეცდნენ. საბჭოთა მებრძოლებმა ობიექტის ორგანიზებული დაცვა რამდენიმე დღის განმავლობაში, 29 ივნისამდე შეძლეს, მაგრამ შემდეგაც, მთელი ივლისის თვის განმავლობაში, ბრესტის ციხე-სიმაგრის ალყაშემორტყმული, ცალკეული დამცველები წინააღმდეგობას უწევდნენ რიცხოვნობით და აღჭურვილობით ბევრად  უფრო აღმატებულ მტერს. ბრესტის დამცველებს არ ჰქონდათ კავშირი ცენტრთან, განიცდიდნენ შეიარაღების, საკვებისა და წყლის უკიდურეს სიმწირეს.

სწორედ ამ მძიმე ფონზე ბრესტის ციხე-სიმაგრის ხანგრძლივი დაცვა დიდი გმირობის ტოლფასი იყო. ამ გმირობის შესახებ არავინ უწყოდა საბჭოთა კავშირში 1944 წლის 28 ივლისამდე, ვიდრე წითელმა არმიამ ბრესტი ისევ არ დაიბრუნა და გაათავისუფლა. საბჭოთა ჯარისკაცებმა გათავისუფლებული სიმაგრის აგურის კედლებზე ასეთი წარწერა აღმოაჩინეს – „ვკვდები, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი! მშვიდობით, სამშობლოვ!“ («Умираю, но не сдаюсь! Прощай, Родина!»). ბრესტის ციხე-სიმაგრის მცველთა გმირობის შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გავრცელდა, რადგან ამ წარწერას ბევრი სხვა დადასტურება მოჰყვა ადგილზე.

ალყაში მოქცეულთა უკომპრომისო და გმირული წინააღმდეგობის ორგანიზატორები იყვნენ კაპიტანი ივან ზუბაჩოვი და საპოლკო კომისარი ეფიმ ფომინი. 28 ივნისს შემდგომ დაქსაქსული გმირების ჯგუფები მაიორმა პიოტრ გავრილოვმა შეკრიბა და ციხე-სიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილში, ე. წ. აღმოსავლეთის ფორტთან, განაგრძო წინააღმდეგობა. გავრილოვის გმირობამ თვით დაუნდობელი გერმანელი ფაშისტები გააოცა იმდენად, რომ როდესაც გავრილოვი უგონოდ იპოვეს (ბრძოლების 32-ე დღეს!) და, ასე დატყვევებული, ჰოსპიტალში მოათავსეს, მის სანახავად სპეციალურად მოდიოდნენ გერმანელი ოფიცრები. სამაგიეროდ, არ დაინდეს და დახვრიტეს ეფიმ ფომინი.

გერმანელებმა ბრესტში ასევე უგონოდ მყოფ მდგომარეობაში დაატყვევეს სამველ მატევოსიანი, რომელმაც რაღაც მომენტში ტყვეთა ბანაკიდან გაქცევა მოახერხა და პარტიზანებს შეუერთდა. მატევოსიანმა 1945 წელს ბერლინამდე მიაღწია და რაიხსტაგზე თავისი ხელმოწერა დატოვა.

ტყვეობაში დიდი დრო გაატარა ლეიტენანტმა ვინოგრადოვმა, მაგრამ ომის თითქმის უკანასკნელ ეტაპზე, 1945 წლის მარტში, მაინც მოახერხა გერმანული ტყვეობიდან გაქცევა და საბჭოთა მებრძოლებს შეუერთდა. ამის მსგავსი კიდევ არაერთი ფაქტი შეიძლება დასახელდეს.

ბრესტის დამცველთა შორის თავი ქართველებმაც გამოიჩინეს. გმირული თავდაცვის ორგანიზატორთა შორის, როგორებიც იყვნენ ზუბაჩოვი, გავრილოვი, ნესტერჩუკი, ბიტკო, მელნიკოვი, კიჟევატოვი, პოტაპოვი და სხვები, სახელდება უმცროსი პოლიტრუკი (პოლიტიკური მუშაკი) ა. პ. კალანდაძეც (იხ. ენციკლოპედია „Великая Отечественная Война“, მოსკოვი, 1985 წ., გვ. 111). სხვათა შორის, ბრესტის ციხე-სიმაგრის დაცვისას დაიღუპა საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ძმა, აკაკი შევარდნაძე.

აღსანიშნავია, რომ ციხე-სიმაგრის გარდა, საკუთრივ ქალაქ ბრესტში (ყოფ. ბრესტ-ლიტოვსკი) ასევე მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა. გერმანელებმა ვერ შეძლეს ქალაქის ერთი დარტყმით გატეხვა. ფაშისტებს წითელარმიელებმა დიდი წინააღმდეგობა რკინიგზის სადგურზეც გაუწიეს; ბრძოლები ამ რაიონში 2 ივლისამდე გაგრძელდა და საბჭოთა მებრძოლებმა ალყის გარღვევა და ტყეებში გასვლა მოახერხეს.

ბრესტის ციხე-სიმაგრის ერთთვიანი გმირული წინააღმდეგობა დღევანდელი გადასახედიდან ცხადჰყოფს, რომ მრავალეროვანი საბჭოთა კავშირის ბრძოლა ფაშიზმთან აუცილებელი წარმატებით უნდა დამთავრებულიყო. ჰიტლერის  ურდოები, რომელთაც ომის პირველ ეტაპზე მოპოვებულმა წარმატებებმა თავბრუ დაასხეს, არ დააკვირდნენ ბრესტის პრეცედენტს – მცირერიცხოვანმა საბჭოთა გარნიზონმა უდიდესი წინააღმდეგობა გასწია, სადაც კი ამის მცირე შესაძლებლობა მიეცა, გერმანელების ტყვედ აყვანაც კი მოახერხა; ეს კი ნიშნავდა, რომ საბჭოთა მებრძოლები, როდესაც ამის მომენტი დადგებოდა, აუცილებლად მიაყენებდნენ ფაშისტებს მომაკვდინებელ დარტყმას და ეს ასე მოხდა კიდეც! გერმანელების და მათი მოკავშირეების რამდენიმეთვიანი „ნავარდი“ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ლენინგრადთან და მოსკოვთან სულ სამიოდე თვეში მიახლოება, კიევის უზარმაზარი ალყა და ერთბაშად 450 ათასი ტყვედ ჩავარდნილი წითელარმიელი – მხოლოდ დროებითი წარმატება იქნებოდა ფაშისტების მწარე მარცხის წინ.

1965 წლის 8 მაისს, გამარჯვების მე-20 საიუბილეო თარიღის წინა დღეს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ბრესტის ციხეს „გმირი-სიმაგრის“ წოდება მიენიჭა.

ფოტოზე: ბრესტის სიმაგრის მემორიალი (დასრულდა 1971 წელს).
დოკუმენტური მასალა ბრესტის სიმაგრის წინააღმდეგობაზე 1941 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, იხ. აქ.

Рекомендуем