უნიკალური ექიმი, რომელმაც ხუთი ომი გადაიტანა და მილიონობით ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა! – DidiSamamulo.Ge

უნიკალური ექიმი, რომელმაც ხუთი ომი გადაიტანა და მილიონობით ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა!

by SuperUser
A+A-
Reset

დიდი სამამულო ომის დროს, ექიმების დახმარებით, 18 მილიონი დაჭრილ-დაშავებული საბჭოთა ჯარისკაცი ისევ ჩადგა მწყობრში და მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა. მათ ძალიან გაუმართლათ, რომ წითელი არმიის მთავარ ქირურგად ვოროშილოვმა გამოცდილი ექიმი – ნიკოლაი ბურდენკო დანიშნა. სწორედ მან შეიმუშავა ჯარისკაცების ევაკუაციის, გადარჩენისა და მკურნალობის საფრონტო სისტემა.

1941 წელს ანუ დიდი სამამულო ომის დაწყებისას, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბურდენკოს 65 წელი შეუსრულდა. იგი მთავარი სამხედრო-სანიტარული სამმართველოს ქირურგად და ხელმძღვანელის კონსულტანტად მუშაობდა. ბურდენკოს, როგორც ქირურგს, ოთხი ომი ჰქონდა გამოვლილი: რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905 წწ.), პირველი მსოფლიო ომი (1914-1918 წწ.), რუსეთის სამოქალაქო ომი (1918-1920 წწ.) და სსრკ-ფინეთის ომი (1938-1939 წწ.). მიღებული კონტუზიების გამო, საბჭოთა ქირურგი თითქმის მთლიანად დაყრუვდა და, როდესაც მოსაუბრეს ვერ უგებდა, მასთან ფანქრისა და ქაღალდის საშუალებით ამყარებდა კომუნიკაციას.

დიდი სამამულო ომის პირველსავე დღეს ნ. ბურდენკო დანიშნულ იქნა წითელი არმიის მთავარ ქირურგად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მის პასუხისმგებლობაში არა კლინიკა, არა ინსტიტუტი, არა ერთი არმია, არამედ უზარმაზარი საბჭოთა კავშირის მთელი შეიარაღებული ძალები მოექცნენ. ფრონტის ხაზი, რომელიც ჩრდილოეთიდან, ბარენცის ზღვიდან სამხრეთისკენ, შავ ზღვამდე, გადაიჭიმა, საჭიროებდა დაჭრილების სასწრაფო ევაკუაციისა და მკურნალობის ორგანიზებას.

იმისათვის, რომ გავიგოთ, რაოდენ გონივრულად იყო აწყობილი წითელარმიელების გადარჩენის სისტემა, დავაკვირდეთ მის თითოეულ ეტაპს. ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმები ამ ომში მოქმედებდნენ, იყო დაჭრილების სორტირება დიაგნოზის მიხედვით, შესაბამის ექიმთან მათი მოხვედრით და დროის მკაცრი კონტროლი, რომლის განმავლობაშიც უნდა მომხდარიყო ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა.

პირველი ეტაპი: ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა

დაჭრილებს პირველ დახმარებას ასეულის/როტის სანიტარული განყოფილება უწევდა. სანიტრებად მუშაობდნენ სპეციალურ კურსებზე მომზადებული ახალგაზრდები (მათ შორის გოგონები 40%-ს შეადგენდნენ), რომელთა მთავარი ამოცანა იყო, ძლიერი სისხლდენის შეჩერება გადახვევის საშუალებით და დაჭრილების გამოყვანა ბრძოლის ველიდან, ე. წ. „დაჭრილების ბუდეში“.

ბრძოლის ველიდან 80 იარაღიანი დაჭრილის გამოყვანა სანიტარული ინსტრუქტორის ან სანიტარის მიერ ლენინის ორდენით აღინიშნებოდა.

1941 წელს სანიტარის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ბრძოლის ველზე შეადგენდა მხოლოდ 40 წამს!

მეორე ეტაპი: ექიმამდელი დახმარება (ფრონტიდან დაშორება 0,5-1,5 კმ)

ძაღლებიანი მარხილებით ხდებოდა დაჭრილების მიყვანა ბატალიონის სამედიცინო პუნქტში, რაც, როგორც წესი, მიწურს წარმოადგენდა. სანიტრები, სამხედრო ფელდშერის ხელმძღვანელობით, აქ ახდენდნენ ექიმამდელი დახმარების აღმოჩენას დაჭრილებისათვის. სამხედრო ფელდშერს ჰქონდა საშუალო სამედიცინო განათლება. სამედიცინო იერარქიაში მისი ადგილი სანიტარსა და ექიმს შორისაა.

მსუბუქად დაჭრილებს, პირველადი დახმარების შემდეგ, უკან, ნაწილში აგზავნიდნენ, ხოლო მძიმე ჭრილობიანი ჯარისკაცები საპოლკო სამედიცინო პუნქტში გადაჰყავდათ.

მესამე ეტაპი: ექიმის დახმარება და საპოლკო სამედიცინო პუნქტში პირველადი დახარისხება:

საპოლკო სამედიცინო პუნქტი ეწყობოდა ფრონტის ხაზიდან სულ 2-5 კმ-ის დაშორებით. ნორმატივის მიხედვით, მებრძოლი აქ უნდა მოეყვანათ ჭრილობის მიღებიდან არაუგვიანეს 6 საათის გასვლის შემდეგ. ორ მცირე კარავში – მიმღებ-დამხარისხებელსა და გადამხვევში, მუშაობდნენ ერთი უფროსი და სამი უმცროსი ექიმი, 11 ფელდშერი, 40 სანიტარული ინსტრუქტორი და სანიტარი. ყველანი ისინი უკვე საექიმო დახმარებას აღმოუჩენდნენ დაჭრილებს.

აქვე ხდებოდა პირველადი დახარისხება – ჭრილობის სიმძიმისა და შეხედულების მიხედვით. ყოველ დაჭრილზე იხსნებოდა სამედიცინო ისტორია. ომში ამ ბარათს „მოწინავე რაიონის ბარათი“ ეწოდებოდა.

მეოთხე ეტაპი: კვალიფიციური ქირურგიული დახმარება (ფრონტის ხაზიდან დაშორება: 6-10 კმ)

თუკი დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, შრატებისა და ტკივილგამაყუჩებლების გაკეთების შემდეგ, იგი სასწრაფოდ მიჰყავდათ სადივიზიო სამედიცინო პუნქტში. ეს პუნქტი, როგორც წესი, წარმოადგენდა, საველე კარვების კომპლექსს. მისი მოწყობა ევალებოდა სამედიცინო სანიტარულ ბატალიონს – медсанбат -ს. არსებითად, ეს იყო პირველი საველე საავადმყოფო, ნამდვილი საოპერაციოთი.

როგორც აღვნიშნეთ, ფრონტიდან სულ რაღაც 6-იდან 10 კილომეტრამდე დაშორებით, მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს უკეთებდნენ შემდეგი სახის ოპერაციებს:

  • მოგლეჯილი კიდურების ამპუტაცია;
  • გახსნილი პნევმოტორაქსის დახურვა;
  • მუცლის ღრუს ორგანოების გადარჩენა.

ომისშემდგომი სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ სადივიზიო სამედიცინო პუნქტებში განხორციელდა დაჭრილ საბჭოთა მებრძოლთა ოპერაციების თითქმის ¾. დაჭრილები ადგილზე ჭრილობის მიღებიდან მაქსიმუმ 12 საათის მანძილზე უნდა მოეყვანათ, პრაქტიკაში ეს დრო 6-8 საათი გრძელდებოდა.

რა ესაჭიროებოდათ ყველაზე მეტად, სადივიზიო სამედიცინო პუნქტების ექიმებს? – რა თქმა უნდა, გადასხმებისათვის საჭირო სისხლი!

ფრონტისათვის სისხლს მთელს უზარმაზარ საბჭოთა ქვეყანაში აგროვებდნენ. როდესაც დონორების სისხლი არ იყო საკმარისი, იყენებდნენ სისხლის შემცვლელებს: პლაზმას, გოგირდ-ტრანსფუზინს, სელცოვსკის სითხეს, პეტროვის სითხეს და სხვ.

ყოველივე ამის მიწოდება ფრონტზე ხდებოდა რკინიგზის საშუალებით, სანიტარული და სატვირთო მანქანებით, მარხილებით, ციგებით, ხოლო როდესაც გაზაფხულზე გზები გაუვალი ხდებოდა, ტვირთს თვითმფრინავებიდან, სპეციალურ კალათებში შეფუთულს, ყრიდნენ. იმისათვის რომ ტრანსპორტი უქმად არ მოცდენილიყო, უკანა გზაზე მას ტვირთავდნენ ევაკუაციისთვის განკუთვნილი დაჭრილებით, რომლებიც სპეციალიზებულ დახმარებას საჭიროებდნენ.

წითელი არმიის მთავარმა ქირურგმა ნიკოლაი ბურდენკომ არა მხოლოდ საკუთარი ძალები არ დაზოგა დაჭრილთა საევაკუაციო სისტემის შესაქმნელად, არამედ თავად ჩაატარა რამდენიმე ათასი ოპერაცია, მათ შორის, ფრონტზე. მებრძოლებს დოქტორი ბურდენკო დაამახსოვრდათ, როგორც კაცი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინოდა. თუკი ოპერაციის დროს მტრის ცეცხლი ახლოვდებოდა, ბურდენკო პაციენტს არასოდეს ტოვებდა და თავის საქმეს ბოლომდე აკეთებდა. „დაჭრილებს არსად აღარ შეუძლიათ დამალვა. ისინი ელიან. ექიმის ადგილი – ავადმყოფის საწოლთანაა“ – ეს ციტატა სწორედ ნ. ბურდენკოს ეკუთვნის.

თუმცა ამ პრაქტიკული ღვაწლის გარდა, ბურდენკომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის საქმე გააკეთა – მის მიერ შედგენილი მეთოდური სახელმძღვანელოები დაწვრილებითი ინსტრუქციებით, რომელთა მიხედვითაც სამხედრო ქირურგებმა სასწრაფო ოპერაციები ჩაატარეს ფრონტზე – ასეულ ათასობით!

მეხუთე ეტაპი: სპეციალიზებული ქირურგიული დახმარება (ფრონტიდან მანძილი: 15-40 კმ)

საჯარისო და არმიის ზურგის რაიონები განსხვავდებიან წინა ხაზიდან დაშორების მიხედვით. მაგრამ, რაც შეეხება მკურნალობას, დიდი განსხვავება მობილურ ჰოსპიტალებს შორის არ არის: აქ კეთდებოდა სპეციალიზებული ქირურგიული ოპერაციები.

ფაქტობრივად, ეს იყო ნამდვილი ჰოსპიტლები, თუნდაც საველე: საპოლიკლინიკო, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებებით, საკუტარი ლაბორატორიით, აფთიაქითა და რენტგენ-კაბინეტით.

1942 წლის დეკემბერში, ომების ისტორიაში პირველად, მოძრავი საველე ჰოსპიტლები გაყოფილ იქნა თერაპიულ (100 საწოლამდე) და ქირურგიულ (200 საწოლამდე) ჰოსპიტლებად. ცოტა მოგვიანებით შეიქმნა სპეციალიზებული ინფექციური საველე ჰოსპიტლებიც. მკურნალობაში ეს ნამდვილ გარღვევას მოასწავებდა.

მეექვსე ეტაპი: სარეკონსტრუქციო ქირურგია და რეაბილიტაცია (ღრმა ზურგი)

ყველაზე რთული ოპერაციები, რომლებიც სხეულის ნაწილების აღდგენასა და ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვდნენ, კეთდებოდა საუკეთესო სამოქალაქო საავადმყოფოებში, რომლებიც სასწრაფოდ გადაკეთდნენ საევაკუაციო ჰოსპიტლებად.

1941 წლის ივნისში, მომავალ აკადემიკოს ბურდენკოს სახელობის მთავარ სამხედრო-კლინიკურ ჰოსპიტალს ჰქონდა რაიონული სტატუსი და მან დაუყოვნებლივ დაიწყო ფუნქციონირება სამხედრო დროის შესაბამისად.

ჰოსპიტლის ექიმთა ნახევარი ფრონტზე წავიდა და იქ ასრულებდა ქირურგის, თერაპევტის, ეპიდემიოლოგის, ინფექციონისტის მოვალეობებს. რეზერვიდან კი ჰოსპიტალში მაღალი კვალიფიკაციის სამოქალაქო სპეციალისტები გამოიძახეს. მთელი პერსონალი გადაყვანილ იქნა საყაზარმე მდგომარეობაზე – ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრებით.

ჰოსპიტლის ნაგებობების სარდაფებში მოეწყო ბომბებისგან თავშესაფრები. ქირურგიულის ქვეშ მოეწყო განთავსდა ჰოსპიტალი: ერთი ფრთის ქვეშ იყო დამხარისხებელი განყოფილება, მეორე ფრთის ქვეშ – გადასახვევი, ცენტრში – საოპერაციო. მსუბუქად დაჭრილებს მეორე სართულზე აწვენდნენ, ისინი საჰაერო განგაშის დროს თავად ჩადიოდნენ სარდაფში, მძიმედ დაჭრილები კი პირველ სართულზე იწვნენ. სკოლის მოსწავლე უფროსკლასელი გოგონები, ასევე სტუდენტი გოგონები და მოსკოვის საწარმოების თანამშრომელი ქალები შეფობას უწევდნენ ჰოსპიტალს და დაჭრილებს ბომბების თავშესაფარში ჩაყვანაში საკაცეებით ეხმარებოდნენ.

რეაბილიტაცია

საავადმყოფო, ჰოსპიტალი, ადამიანურ ტკივილს ნიშნავს. საქმე მარტო ფიზიკურ ტკივილში არ არის, რომელსაც ფრონტიდან აქ მოხვედრილი ყველა პაციენტი განიცდიდა; გასათვალისწინებელია სულიერი ტკივილიც, რომელიც ადამიანს ხშირად სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. ექიმები ამასაც ითვალისწინებდნენ. ისინი არ კმაყოფილდებოდნენ მებრძოლთა ფიზიკური გამოჯანმრთელებით, აუცილებელი იყო, მათთვის სიცოცხლის სურვილის დაბრუნება!

დასაწყისისთვის აუცილებელი იყო პაციენტების ამოძრავება, სასურველია, ოპერაციის შემდეგვე. თუკი პაციენტს გადაადგილება არ შეეძლო დამოუკიდებლად, სპეციალურ ტრენაჟორებს იყენებდნენ, მათი დახმარებით მედდები და სანიტრები პაციენტის ხელებს ან ფეხებს ამოძრავებდნენ. ამას გარდა, იყო ცეკვებიც – არა მხოლოდ დროის გასაყვანად, არამედ ამპუტირებული კიდურების პაციენტების რეაბილიტაციისათვის!

1941 წელსვე, ლენინგრადის ფრონტზე, ნიკოლაი ბურდენკომ კიდევ ერთი კონტუზია მიიღო.  მიუხედავად ამისა, მან განაგრძო მუშაობა, მაგრამ საუბედუროდ, მეორე ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც ექიმმა ლაპარაკის უნარი დაკარგა. ამ უბედურებამ ბურდენკო აიძულა, ჩაეწერა ყველაფერი ის, რაც მან ომში ისწავლა: მისი ავტორობით გამოვიდა 9 ფუნდამენტური ბროშურა ევაკუციისა და დაჭრილთა მკურნალობის ყველა ეტაპის შესახებ.

ომის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ, მოსკოვში ჩატარდა ქირურგთა საკავშირო ყრილობა. თავმჯდომარედ ნ. ბურდენკო აირჩიეს. აქამდე რამდენიმე თვით ადრე, მან მესამე ინსულტი მიიღო, რომელიც ბოლომდე ვეღარ გადაიტანა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, საავადმყოფოში ჩაწოლილმა ექიმმა, მოახერხა მოხსენების კარნახი, რომელიც ცეცხლსასროლი ჭრილობების მკურნალობას ეხებოდა.

დაწერილის წაკითხვა ბურდენკოს თავად არ შეეძლო, ეს მის ნაცვლად მისმა მოწაფემ გააკეთა. თავად ბურდენკო დარბაზში იმყოფებოდა. როდესაც მოწაფემ მისი გამოსვლა წაიკითხა, ექიმმა კოლეგებისთვის ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა, რომ ეს მისი „გედის სიმღერა“ იყო. მთელი დარბაზი ფეხზე დგომით, ტაშით და ოვაციებით მიესალმა დიდ საბჭოთა ექიმს.

უფრო დაწვრილებით, ნიკოლაი ბურდენკოსა და სამხედრო მედიცინის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტური ფილმის საშუალებით: «Доктор Бурденко: война со смертью».

წყარო: doc-TV

Рекомендуем