ტერმინი „დიდი სამამულო ომი“ | Термин «Великая Отечественная Война» – DidiSamamulo.Ge

ტერმინი „დიდი სამამულო ომი“ | Термин «Великая Отечественная Война»

by dazva1111
A+A-
Reset

ტერმინი „დიდი სამამულო ომი“ (რუსულად: Великая Отечественная Война) ერთბაშად არ გაჩენილა. როდესაც ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს 1941 წლის 22 ივნისს და ომი გაჩაღდა, საბჭოთა კავშირში ეს მაშინვე იქნა აღქმული ტოტალურ ომად, რომელში დამარცხებაც სამშობლოს დაღუპვის ტოლფასი იქნებოდა. ამას მოწმობს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის მეთაურის, იოსებ სტალინის დავალებით და საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოვოვის მიერ რადიოთი წაკითხული ტექსტი, რომელშიც გაჟღერდა ტერმინი „გამარჯვების სამამულო ომი“, რომელსაც „წითელი არმია და მთელი ჩვენი ხალხი განახორციელებენ სამშობლოსათვის, ღირსებისათვის, თავისუფლებისთვის“ («Красная Армия и весь наш народ поведут победоносную Отечественную войну за родину, за честь, за свободу»).[1]

ერთი კვირის შემდეგ, 1941 წლის 3 ივლისს, სტალინის რადიომიმართვაში გაჟღერდა სიტყვათწყობა „დიდი ომი“: „ფაშისტურ გერმანიასთან ომი ჩვეულებრივ ომად ვერ ჩაითვლება. იგი არ არის მხოლოდ ორ არმიას შორის ომი. იგი ასევე არის მთელი საბჭოთა ხალხის დიდი ომი გერმანულ-ფაშისტური ჯარების წინააღმდეგ“ („Войну с фашистской Германией нельзя считать войной обычной. Она является не только войной между двумя армиями. Она является вместе с тем великой войной всего советского народа против немецко-фашистских войск»).[2] სტალინმა ასევე ახსენა „ჩვენი ომი ჩვენი მამულის თავისუფლებისთვის“ («Наша война за свободу нашего Отечества»).[3]

როდესაც ქვეყნის უმაღლესი საბჭოს (პარლამენტის) პრეზიდიუმმა, 1942 წლის მაისში, ოფიციალურად დააფუძნა „სამამულო ომის“ ორდენები, ეს ტერმინი ფართოდ გავრცელდა არაოფიციალურ დონეზეც, ხალხში. მაგრამ, რაც შეეხება ცნებას „დიდი სამამულო ომი“, მისი ოფიციალური გაფორმება მოხდა მხოლოდ 9 მაისის გამარჯვების შემდეგ, როდესაც დაფუძნდა მედალი – „1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის“.

მომდევნო ათწლეულებში, საბჭოთა კავშირში ასევე დამკვიდრდა ტერმინები – „საბჭოთა კავშირის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომი“ და „საბჭოთა ხალხის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომი“.

[1] Выступление по радио заместителя Председателя Совета Народных Комиссаров СССР, народного комиссара иностранных дел СССР  В. М. Молотова. 22 июня 1941г. // Известия, 24 июня 1941.

[2] Из выступления И.В. Сталина по радио с Обращением к советскому народу, воинам армии и флота. 3 июля 1941 г. // Печ. по: Сталин И., О Великой Отечественной войне Советского Союза, с. 16.

[3] იქვე.

სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენი

მედალი “დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის”

«Вместо предисловия: Термин «Великая Отечественная Война» – глава из книги Гулбаата Рцхиладзе “Великая Отечественная Война 1941-1945. Справочник” (Тбилиси, 2022 г., НА ГРУЗИНСКОМ ЯЗ.).

Рекомендуем