დიდი სამამულო ომის დროს ნაცისტურ ტყვეობაში ჩავარდნილი საბჭოთა სამხედროების რაოდენობის საკითხი დღემდე არ არის ასი პროცენტით დადგენილი. გერმანულ ისტორიოგრაფიაში ეს ციფრი 6 მილიონს აღწევს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გერმანელები სამხედრო ტყვეებად არა მხოლოდ წითელი არმიის ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, პარტიზანებსა და პარტიული ორგანოების მუშაკებს, არამედ 16-55 წლის ასაკის მამრობითი სქესის მოსახლეობას, რომელიც წითელ არმიასთან ერთად იხევდა უკან, მიიჩნევდნენ.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, საბჭოთა სამხედრო ტყვეების რაოდენობა სულ შეადგენს 4 მლნ 559 ათას კაცს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს კომისია, მ. გარეევის ხელმძღვანელობით საუბრობდა 4 მილიონ კაცზე. დათვლის სირთულე იმითაცაა განპირობებული, რომ 1943 წლამდე საბჭოთა სამხედრო ტყვეებს არ ენიჭებოდათ სარეგისტრაციო ნომრები.
სამაგიეროდ, ზუსტად არის დადგენილი, რომ გერმანული ტყვეობიდან შინ დაბრუნდა 1 836 562 კაცი. გადაჭარბებულია და ტყუილია ის, რომ მათ უმრავლესობას საბჭოთა ხელისუფლება „ლაგერებში“ უშვებდა. სიმართლე კი ეს არის: ტყვეობიდან დაბრუნებულთაგან 1 მილიონი ისევ სამხედრო სამსახურში იქნა ჩარიცხული, 600 ათასი – წარმოებაში სამუშაოდ გაიგზავნა და მხოლოდ 200 ათასი ყოფილი ტყვე აღმოჩნდა შინსახკომის „ლაგერებში“, როგორც ტყვეობისას არასათანადო ქმედებებში ეჭვმიტანილები და გასამართლებულები.
აქვე გამოვყოთ პროცენტული მაჩვენებელი – რამდენი საბჭოთა ჯარისკაცია დაღუპული გერმანულ ტყვეობაში. თუკი ავიღებთ მაქსიმალურ, გერმანულ მაჩვენებელს, 6 მილიონი საბჭოთა ტყვის შესახებ, პროცენტი ძალიან დამთრგუნველია; გამოდის, რომ ტყვეობაში დაღუპულა 4 მლნ 163 438 ჯარისკაცი ანუ 70,6%. თუკი ავიღებთ ტყვეების მინიმალურ რაოდენობას – 4 მილიონს, მაშინ ნაცისტურ ტყვეობას 2 მლნ 163 438 საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე უმსხვერპლია ანუ 54%, რაც მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია – მით უფრო, იმ ფონზე, რომ საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდნილი და შემდეგ სხვადასხვა ობიექტებზე წლების მანძილზე ნამუშევარი გერმანელების (დაახლოებით 3 მლნ. კაცი პლუს რუმინელები, უნგრელები და სხვა ოკუპანტები) მხოლოდ 16%-ია დაღუპული, დანარჩენები კი 1950-იანი წლების პირველ ნახევარში სახლებში დაბრუნდნენ!
გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში საბჭოთა ჯარისკაცებს შორის სიკვდილიანობა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა გერმანიაში ომის დროს სამუშაო ძალების მიმართ წარმოშობილი უზარმაზარი მოთხოვნა – სამხედრო წარმოებაში მუშახელის ნაკლებობის შევსება ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, საბჭოთა სამხედრო ტყვეების საშუალებით გადაწყვიტა. გერმანელი ისტორიკოსის, გ. მომზენის მიხედვით, „შესაფერისი კვების“ შემთხვევაში, საბჭოთა სამხედრო ტყვეების პროდუქტიულობა 80%-ს, ხანდახან კი მთელ 100%-ს შეადგენდა, გერმანელ მუშებთან მიმართებით. სამთო და მეტალურგიულ წარმოებაში ეს ციფრი ნაკლები იყო – 70%. სხვა გერმანელი ისტორიკოსის, უ. ჰერბერტის ხელთ არსებული ცნობებით, გერმანიაში სულ 631 559 საბჭოთა სამხედრო ტყვე მუშაობდა. ისინი თავიანთთვის ახალ სპეციალობებს სწავლობდნენ და ხდებოდნენ ელექტრიკოსები, მექანიკოსები, მჩარხავები და სხვ. საბჭოთა ტყვეები სხვა ეროვნების მუშებისგან იზოლირებულად მუშაობდნენ, დღეში 12 საათის მანძილზე და მათი ანაზღაურება პრემიალურ საფუძველზე ხდებოდა.
გერმანელებისვე ცნობებით, 1942 წლის თებერვლამდე სამხედრო ტყვეებისთვის შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში ყოველდღიურად 6 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი კარგავდა სიცოცხლეს. ხშირად ეს ხდებოდა განზრახ, მხუთავი აირის გამოყენების საშუალებით. მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 883 485 საბჭოთა სამხედრო ტყვეა დასაფლავებული.
დადგენილია, რომ საბჭოთა სამხედრო ტყვეები პირველები იყვნენ, ვისზეც საკონცენტრაციო ბანაკებში გამოსცადეს მომწამლავი ნივთიერებები. უფრო გვიან ეს მეთოდი ყველგან გამოიყენებოდა ებრაელების გასანადგურებლად.
არაერთი საბჭოთა მეომარი ტყვეობაში ავადმყოფობებისგან გარდაიცვალა. თუმცა ნაცისტები ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებას არც აცლიდნენ ბევრს და სიცოცხლეს უსწრაფებდნენ; ასე მოხდა მაუტჰაუზენ-გუზენის საბანაკე კომპლექსში 1941 წლის ოქტომბერში, როდესაც ტიფის ეპიდემიამ იფეთქა და წლის ბოლომდე 6500 მათგანი დაიღუპა.
ნაცისტები იშვიათ შემთხვევებში აღმოუჩენდნენ სამხედრო ტყვეებს სამედიცინო დახმარებას. ტყვეებს ხოცავდნენ როგორც ბანაკებში, ისე მარშის დროს. მათი კვების რაციონი იშვიათად აღემატებოდა დღეში 1000 კალორიას, რომ არაფერი ითქვას საკვების ხარისხზე. ამიტომაც არის ასე მაღალი პროცენტი, ტყვეობაში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცებისა. შედარებისთვის: საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდნილ გერმანელებს თვით ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადშიც კი აძლევდნენ ულუფას მცირე დოზით, მაშინ, როცა ქალაქის მოსახლეობა შიმშილით იხოცებოდა!
ეს უნდა კარგად გვახსოვდეს, როდესაც ვსაუბრობთ „ცივილიზებულ ევროპაზე“ – ნაცისტები არ იყვნენ ცივილიზებულნი და მათთან შედარებით, კომუნისტური საბჭოთა კავშირი, მართლაც რომ ჰუმანიზმის ეტალონია.
დასასრულს, გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს (რუსულ ენაზე), რომელიც საბჭოთა კავშირში გერმანელი ტყვეების ყოფასა და მუშაობას ასახავს.
