რუსულმა სპეცსამსახურმა იაპონელთა მიერ ომის დროს ჩადენილ მხეცობებზე საარქივო მასალა გამოაქვეყნა – DidiSamamulo.Ge

რუსულმა სპეცსამსახურმა იაპონელთა მიერ ომის დროს ჩადენილ მხეცობებზე საარქივო მასალა გამოაქვეყნა

by SuperUser
A+A-
Reset

კერძოდ, საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დროს აიყვანეს ტყვედ, კვანტუნის არმიის 731-ე სპეციალურ რაზმში ბაქტერიოლოგიური იარაღის საცდელი ობიექტი გახდნენ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომლის კორესპონდენტებმა აღნიშნული დოკუმენტები შეისწავლეს.

1930-1945 წლების მანძილზე, იაპონელებს, პირველ ყოვლისა მანჯურიაში, სხვადასხვა მიზეზით დაუგროვდათ რამდენიმე ათასი საბჭოთა მოქალაქე. მათ შორის იყვნენ წითელარმიელებიც, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ 1938 წლის ხასანის ტბის და 1939 წლის მდინარე ხალხინ-გოლის ბრძოლების შედეგად. იაპონელები საქმეს „რაციონალურად“ მიუდგნენ: მაქსიმალურად ცდილობდნენ, ტყვეები გადაებირებინათ და გადაბირებულებს ჯაშუშებად აგზავნიდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (ეს, პირველ ყოვლისა, ეხებოდათ ჩინეთში მყოფ რუს ემიგრანტებს). ის ტყვეები (და ასეთი ბევრი იყო), ვინც არ თანხმდებოდნენ სამშობლოს წინააღმდეგ ჯაშუშობაზე, ხდებოდნენ საშინელი ცდების ობიექტი. განსაკუთრებით საშინელი იყო ზემოთ ხსენებული კვანტუნის არმიის 731-ე სპეციალური რაზმი, სადაც 1945 წლიდან მოთავსებულ ტყვეებზე ატარებდნენ ცდებს ისე, რომ მათ სხვადასხვა ბაქტერიებით აავადებდნენ, მათ შორის იყო ტიფის, შავი ჭირის, ქოლერის, ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიები.

საარქივო მასალებს შორისაა „ჰოგოინის“ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი უფროსის, იოსიო იიძიმასა და მისი მოადგილის, კენძი იამაგისის დაკითხვის ოქმები. იიძიმას ჩვენების მიხედვით, ბანაკი 150 კაცზე იყო გათვლილი. იქ მხოლოდ რუსი მამაკაცები იმყოფებოდნენ, მათ შორის, მანჯურიაში შემთხვევით დაშვებული თვითმფრინავებიდან აყვანილი საბჭოთა მფრინავები, ასევე, საბჭოთა საზღვრის პერიმეტრზე დატყვევებული სამოქალაქო პირები – სსრკ მოქალაქეები. იიძიმა აჩვენებს, რომ 731-ე რაზმი სწავლობდა მომაკვდინებელი ბაქტერიების ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და ამ ცდებისათვის საჭირო იყვნენ „ცოცხალი ადამიანები“. იამაგისიმ კი აღიარა, რომ პირადად გაიმეტა სასიკვდილოდ 40-მდე ადამიანი.

შემაძრწუნებელია საკონცენტრაციო ბანაკში ადამიანების მიმართ გამოვლენილი სისასტიკე. ასე, სპეციალურ 731-ე და მე-100 რაზმებში განზრახ დაავადებულ ადამიანთა უმეტესობა საშინელი ტანჯვით იღუპებოდა, მაგრამ ექსპერიმენტების შედეგად, ზოგიერთი უძლებდა ბაქტერიებს. გამოჯანმრთელების შემდეგ მათ თავიდან აავადებდნენ, ცდების გასაგრძელებლად და საბოლოოდ კლავდნენ. ცოცხალ ადამიანებს აცლიდნენ შინაგან ორგანოებს, რათა „ექიმებს“ ენახათ, როგორ ვრცელდება ინფექცია ორგანიზმში.

იაპონია ინტენსიურად მუშაობდა ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე. 1944 წლის შემოდგომაზე მანჯურიაში (ჩინეთი) მოქმედმა იაპონიის კვანტუნის არმიამ გამოიყენა კიდეც „ისიის სისტემის“ ბაქტერიოლოგიური ბომბი – ამას ადასტურებს კვანტუნის არმიის სარდლის, გენერალ ოტოძო იამადას დაკითხვის ოქმები (იაპონელი არაადამიანების დაკითხვები საბჭოთა ხელისუფლებამ აწარმოა 1945-1949 წლებში, ხაბაროვსკის პროცესის ფარგლებში). ასეთი სახელი ბომბს გენერალ-ლეიტენანტ სირო ისიას საპატისაცემოდ უწოდეს. ისია მიკრობიოლოგი იყო და სწორედ იგი ხელმძღვანელობდა 731-ე სპეცრაზმს. საბჭოთა მოქალაქეების გარდა, ამ რაზმმა არაერთი ჩინელი და კორეელიც იმსხვერპლა (დაკითხვებით დადასტურებულია მინიმუმ 3 ათასი საცდელი ობიექტის – ადამიანის სიკვდილი). ისიას ბომბს ჰქონდა კერამიკული კორპუსი, რომელიც ჭირით დაავადებული რწყილებით იყო გაჯერებული. ბომბი დედამიწამდე 50-100 მეტრის სიმაღლეზე ფეთქდებოდა, რაც გარემოს მაქსიმალურ დაბინძურებას განაპირობებდა.

მანამდე რუსეთის ფსბ-მ პირველად გახსნა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ, რომ იაპონია სსრ კავშირთან ომისთვის ჯერ კიდევ 1938 წელს ემზადებოდა. თუმცა სტალინის დიპლომატიამ საბჭოთა კავშირს თავიდან ააცილა იაპონური აგრესია და საბჭოეთის ნაცვლად, იაპონია თავს აშშ-ს დაესხა. ომის ბოლოს, საბჭოთა კავშირის მთავრობას უკვე საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ იაპონიამ ბაქტერიოლოგიური იარაღი შექმნა. პასუხად, 1945 წლის 8 აგვისტოს (მაშინ, როდესაც ამერიკული ბირთვული ბომბები უკვე ჩამოყრილი იყო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში) საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა ომი გამოუცხადა ჰიტლერული გერმანიის ყოფილ მოკავშირეს, იაპონიას და თავისი სისასტიკით ცნობილი კვანტუნის არმია, რომელიც იაპონიის ბირთვული დაბომბვის შემდეგ წინააღმდეგობას მაინც აგრძელებდა, ერთ კვირაში ალაგმა. 15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ბრძოლები შეწყვიტა, 2 სექტემბერს კი იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია გამოცხადდა, რითაც დასრულდა 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომი.

Рекомендуем