1945 წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 6 მაისს (გიორგობა დღე) დაემთხვა – ჰიტლერული გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციამდე (9 მაისი) სამი დღით ადრე.
გამარჯვების წელს, ისევე, როგორც ომის მსვლელობის მანძილზე, 1942, 43 და 44 წლებში, მთავრობის სპეციალური განკარგულებით, ქალაქებსა და სოფლებში მოქმედებას უჩერებდნენ მკაცრად განსაზღვრულ საკომენდანტო საათს, რათა ხალხს შეძლებოდა საზეიმო ღვთისმსახურებაზე დასწრება.
საინტერესოა, რომ 1945 წელს კიდევ ერთი დიდი დამთხვევა მოხდა საერო და სასულიერო დღესასწაულებს შორის – გამარჯვების გრანდიოზული აღლუმი, რომელიც 24 ივნისს წითელ მოედანზე ჩატარდა, აღდგომის 50-ე დღეს შედგა ანუ სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც აღდგომის დღესასწაულის დასასრულია. დამთხვევაა ეს თუ ყოფილმა სემინარისტმა, ჩვენმა დიდმა თანამემამულემ, იოსებ სტალინმა, განზრახ დაამთხვია ორი მოვლენა ერთმანეთს, კიდევ საკითხავია…
იმას, თუ როგორ შეხვდნენ მორწმუნეები ფაშიზმზე გამარჯვების წლის აღდგომას, საარქივო დოკუმენტები ცხადჰყოფენ (აქ წარმოგიდგენთ mk.ru-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით).
3 მაისს სტალინმა დადებითი რეზოლუცია დაადო 25 აპრილს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს რეკომენდაციას აღდგომის დღესასწაულის შეუფერხებლად ჩატარების შესახებ. დოკუმენტში გრიფით „სრულიად საიდუმლო“ საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეს იოსებ სტალინს ეკლესიის საქმეთა საბჭო წერდა:
„მიგვაჩნია მიზანშეწონილად, 1942-43 წლებისა და 1944 წლის მაგალითების მიხედვით, ნება დაერთოს სააღდგომო მსახურებას მოსკოვისა და სხვა იმ ქალაქების ტაძრებში, სადაც საალყო და სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული, და, ამასთან დაკავშირებით, დაშვებულ იქნას ქალაქში გადაადგილება ამა წლის 5-6 მაისის ღამეს“.
სტალინმა არა მხოლოდ ნება დართო, არამედ ბევრ საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში უქმე დღედ გამოცხადდა არა მხოლოდ კვირა – 6 მაისი, არამედ მისი წინამორბედი ვნების შაბათი, 5 მაისი – და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ძალების ტოტალური მობილიზაციისა და საომარი კამპანიის პირობებში ცხოვრობდა! საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, პურის ქარხნებსა და საცხობებში ოპერატიულად მოეწყო პასკების ცხობა, რომელიც, როგორც ქსელში გაშვების შემდეგ გაირკვა, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა.
ტაძრებში შეკრებილ მორწმუნეებს მთავარი ქრისტიანული ზეიმის დადგომასთან დაკავშირებით, პატრიარქ ალექსი I-ის ეპისტოლეს უკითხავდნენ:
„ქრისტეს აღდგომის სიხარული ახლა მოახლოებული გამარჯვების ნათელ იმედს უერთდება, სიცრუესა და სიბნელეზე სიმართლისა და სინათლის გამარჯვებისას… ქრისტეს სინათლესა და ძალას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ფაშიზმის ბნელმა ძალებმა და ღვთის ყოვლისშემძლეობა წარსდგა ადამიანის ყალბი ძალის წინაშე“…
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემაჯამებელი მოხსენების თანახმად, ქვეყანაში სააღდგომო ღვთისმსახურების ჩასატარებლად, გაიხსნა დაახლოებით 10 ათასი ტაძარი. ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, ტაძრებში 5-6 მაისის დილას მივიდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი.
