საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე შემდეგი შინაარსის ინიციატივა გააჟღერა:
“შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს”.
ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას არაფერი აქვს საერთო საქართველოს დამოუკიდებლობა-ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნასთან. პრეზიდენტის ინიციატივა აშკარად გარედან არის შემოგდებული და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
დედაქალაქში, გმირთა მოედანზე, არის შესაბამისი მონუმენტი – მართალია, ბევრის აზრით, ესთეტიკურად უშნო და ნაკლებ ფასეული, მაგრამ მაინც არის. ვაკის პარკში (უწინ – გამარჯვების პარკი) მშვენივრად არის ინტეგრირებული უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი (თუკი 1991 წელს ჩადენილ “პატრიოტულ აქტს” არ ჩავთვლით, როდესაც მონუმენტიდან რამდენიმე ფიგურისა და წარწერების დემონტაჟი მოხდა). ეს არის ერთადერთი ძეგლი თბილისში, რომელიც ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას ასახავს, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად, ფაშიზმისაგან სამშობლოსა და მსოფლიოს გადასარჩენად. არასგზის არ შეიძლება ამ თემით მანიპულირება და მისი დაკავშირება ვითომ “ასწლიან ომთან”.
მადლობა ღმერთს, ბოლო ასი წლის მანძილზე საქართველომ არა მხოლოდ ომები გადაიტანა, არამედ მეტწილად მშვიდობიანად და ეკონომიკურად კარგად ცხოვრობდა, ბოლო 30 წელიწადს თუ არ ჩავთვლით. პრეზიდენტი კარგად უნდა დაფიქრდეს, რა შედეგებს მოიტანს მისი ინიციატივა – იგი უფრო გაამძაფრებს ნაპრალს ქართული საზოგადოების შიგნით, დაძაბავს ვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამეზობლოში.

