ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალი და კრიზისის დაძლევა სსრკ-ის მიერ 1945-1953 წლებში – DidiSamamulo.Ge

ომით მიყენებული ეკონომიკური ზარალი და კრიზისის დაძლევა სსრკ-ის მიერ 1945-1953 წლებში

by SuperUser
A+A-
Reset

დიდ სამამულო ომსა და მეორე მსოფლიო ომში მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, ომის დასასრულს, 1945 წელს, საბჭოთა კავშირი ეკონომიკურად ძალზე დასუსტებული იყო.

ოთხწლიანმა ომმა საბჭოთა კავშირის მატერიალური რესურსები 2 ტრილიონ 569 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტით დააზარალა, რაც მთელი ეროვნული სიმდიდრეების 30%-ს შეადგენდა! სამხედრო ხარჯებმა 1945 წლის ფასებით (!) 192 მილიარდ დოლარს მიაღწია. გაჩანაგებულ და დანგრეულ იქნა 1710 ქალაქი და ქალაქის ტიპის დასახლება, 70 ათასი სოფელი და სამოსახლო, 32 ათასი სამრეწველო საწარმო.
ამ უბედურებებს 1946 წლის გვალვიანი ზაფხულიც დაემატა, მაგრამ უკვე 1947 წელს საბჭოეთის ლიდერმა, გამარჯვების ავტორმა იოსებ სტალინმა თითქმის მკვდარი ეკონომიკის გაცოცხლება დაიწყო, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელი ეკონომიკური სასწაულით დაგვირგვინდა!
ლიბერალი ეკონომისტები ათას სისულელეს ჯღაბნიან, არ აღიარებენ სტალინური ეკონომიკის მიღწევებს; ისინი ამბობენ, რომ სტალინმა 1947 წელს ფულის რეფორმა მოსახლეობის ხარჯზე გაატარა, რაც მორიგი სიცრუეა. ჰიპერინფლაციის საფრთხის წინაშე მდგარი ნაომარი სახელმწიფო ვალდებული იყო, მოსახლეობისგან ამოეღო ჭარბი ნაღდი ფული, იმავე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. 10 ძველ “ჩერვონეცში” 1 ახალ რუბლს (ქართულად – მანეთს) იძლეოდა სახელმწიფო. სეკვესტრირება შეეხო მხოლოდ 3 ათას საბჭოთა მანეთზე დიდი ოდენობის საბანკო შენატანებს, ანუ ფაქტობრივად მათ, ვინც ომის პერიოდში ნახევრადლეგალურად იშოვა ფული. ნეტავ, რამდენი პატიოსანი ადამიანი მოიხვეჭდა ფულს ომის დროს და რამდენი უპატიოსნო?.. ამიტომ, სტალინის ფულადი რეფორმით, მოსახლეობის აბსოლუტრად უდიდეს ნაწილს არაფერი დაუკარგავს, ხაზინაში კი 14 მილიარდი მანეთი შევიდა.

სამაგიეროდ, ფულის რეფორმის პარალელურად, იმავე 1947 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირმა ევროპაში პირველმა გააუქმა საბარათე სისტემა კვების პროდუქტებსა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე – ყველაფერი უკვე თავისუფლად იყიდებოდა მაღაზიებში (დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც გერმანიასთან ომში შეუდარებლად ნაკლებად დაზარალდა, ვიდრე სსრკ, საბარათე სისტემის გაუქმება მხოლოდ 1954 წელს შეძლო, ხოლო იმავე წელს ბრიტანელმა მეშახტეებმა გაფიცვა მოაწყეს მოთხოვნით, რომ ისეთივე ანაზღაურების პირობები ჰქონოდათ, როგორც საბჭოთა მეშახტეებს!). დეფიციტის გაქრობასთან ერთად კი მოხდა ფასების დარეგულირება – ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო ყველაფერი ის, რაც ომის დროს და მის შედეგად სანატრელად იქცა.

სწორედ აქ იწყება სტალინური ეკონომიკის ნამდვილი სასწაული: ყოველწლიური ფასების კლება კვების პროდუქტებსა და სხვადასხვა სამომხმარებლო საგნებზე. 1947-1950 წლებში არსებითი ხასიათის ფასკლება მოხდა, რის წყალობით ხალხმა საბოლოოდ იგრძნო შვება და ცხოვრების პირობები რეალურად გაიუმჯობესა. 1950 წლისთვის საბჭოეთის წარმოება ომის წინანდელ მასშტაბებზე გავიდა. დააკვირდით, ეს ყველაფერი მოხდა ომის დროს დანგრეული ქვეყნის აღმშენებლობის დაწყებიდან მე-5 წელს!

აი სტატისტიკა, როგორ გაიაფდა პროდუქტები 1947-1953 წლებში, სტალინის გარდაცვალებამდე, 500-700 მანეთიანი ხელფასების პირობებში:

ამას ჰქვია ეკონომიკური სასწაული და არა დასავლეთ გერმანიის ეკონომიკას, რომელიც მხოლოდ 1950-იანი-1960-იანი წლების მიჯნიდან იწყებს შთამბეჭდავ განვითარებას და ზრდას, თუმცა თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილი იაფი მუშახელის ხარჯზე, რამაც 3-4 ათწლეულში დიდი დემოგრაფიული პრობლემები შეუქმნა ქვეყანას – ათასობით თურქული მეჩეთებითა და იმ პირველი ემიგრანტების არალოიალური შთამომავლებით! ეს შთამომავლები გერმანელებს ახსენებენ, რომ დიდწილად სწორედ მათი წინაპრების იაფი მუშაობის დამსახურებაა ე. წ. გერმანული ეკონომიკური სასწაული და აგდებით ეკიდებიან გერმანულ წესრიგს, ჩვეულებებს, კონსტიტუციურ პრინციპებს (რა თქმა უნდა, ეს ემიგრანტების შთამომავალთა უმეტესობას არ ეხება, მაგრამ ეხება საკმაოდ დიდ ნაწილს, ამას თავად გერმანელები და ემიგრანტთა “ნორმალური” შთამომავლებიც აღიარებენ)!…
ეს ისე, სიტყვისთვის, ხოლო რაც შეეხება სტალინის ეკონომიკურ სასწაულს, იგი შედგა დასავლეთის მხრიდან “ცივი ომის” გამოცხადების პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ეროვნული შემოსავლები დაახლოებით 5-ჯერ და კიდევ მეტჯერ აღემატებოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ შემოსავლებს. ამერიკამ ევროპას 13 მილიარდი დოლარი გამოუყო ე.წ. მარშალის გეგმის ფარგლებში, საბჭოთა კავშირმა კი უარი თქვა როგორც უცხოური კრედიტების აღებაზე, ისე ბრეტონ-ვუდსის სისტემის რატიფიცირებასა და ამერიკული დოლარის ჰეგემონიის აღიარებაზე! ასე მარტო, საკუთარი ძალებით, საბჭოეთში გაერთიანებული მეგობარი ხალხების გმირული შრომითა და სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობით გამოვიდა ევრაზიის გიგანტი კრიზისიდან!

ნურავინ შეეცდება, ეს წარმატება გერმანულ რეპარაციებს მიაწეროს. რა თქმა უნდა, გერმანიიდან ათეულ ათასობით საწარმოს დემონტაჟი და საბჭოთა კავშირში გადმოტანა მოხდა, გერმანიასა და მის მოკავშირეებს ჩამოერთვათ აურაცხელი დაზგა-დანადგარები, სხვა საწარმოო საშუალებები, ფუფუნების საგნები და ა. შ., საბჭოეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთი იყო (ისევ სტატიის დასაწყისში მოტანილი სტატისტიკა იხილეთ). შედარებისთვის: 1945 წლის 15 მაისს საბჭოეთის წარმომადგენლებს რაიხსბანკის სარდაფებში მხოლოდ 90 ცალი ოქროს ზოდი და 3,5 მილიონი დოლარი დახვდათ (სხვადასხვა ვალუტებში), ასევე სხვადასხვა უსარგებლო ობლიგაციები; ყველაფერი დანარჩენი ნაცისტებს გაზიდული ჰქონდათ გერმანიის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, სადაც ისინი ამერიკულ-ბრიტანულ ოკუპაციას ელოდნენ.

თანამედროვე ცნობილი რუსი ეკონომისტი, ვალენტინ კატასონოვი, თავის წიგნში “სტალინის ეკონომიკა” (მოსკოვი, 2014 წ.) აღნიშნავს: “კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ საცალო ფასების კლების საფუძველს შრომის ნაყოფიერების ზრდა და პროდუქციის თვითღირებულების კლება წარმოადგენდა. სტალინის ეკონომიკაში წარმოების სფეროში მოქმედებდა ხარჯიანობის საწინააღმდეგო მექანიზმი. ეს მექანიზმი ერთბაშად არ შექმნილა, პირველ ხუთწლედში (1929-1932) საწარმოო პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა კიდეც – 2,3%-ით. მეორე ხუთწლედში (1933-1937) უკვე კლება იყო 10,3%-ით, მესამე ხუთწლედში (1938-1940) კლება ამავე დონეზე შენარჩუნდა. მეოთხე ხუთწლედში (1946-1950) საწარმოო პროდუქციის თვითღირებულების კლებამ 17% შეადგინა, ხოლო მეხუთე ხუთწლედის ფარგლებში (1951-1955) მიღწეულ იქნა რეკორდული კლების მაჩვენებელი – 23,3%. სწორედ აქ არის 1950-იანი წლების სსრ კავშირის წარმატებების საფუძველი საძებნელი. წინა ხუთწლედებში გამომუშავებულ იქნა და ამოქმედდა საბჭოთა ეკონომიკის ხარჯიანობის საწინააღმდეგო მექანიზმი. ასეთი მექანიზმი მსოფლიოში ჯერ არ არსებულა”.

აი ეს ყველაფერი სტალინმა გააკეთა ომის დამთავრების შემდგომ. აქვე შეგახსენებთ, რომ სტალინმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ომის დამთავრების მომენტიდან 8 წელიწადი იცოცხლა (უფრო ზუსტად, 2 თვე დააკლდა 8 წელს) და სწორედ ამ არასრული 8 წლის მანძილზე მიაღწია მან ამდენს. ეს ეკონომიკაში, თორემ არაფერს ვამბობ საბჭოთა “ბირთვულ სასწაულზე”, როგორ პირში ჩალაგამოვლებული დარჩნენ დასავლელი “პარტნიორები”, რომელთაც ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ ათიოდე წლის შემდეგ შექმნიდა საკუთარ ბირთვულ ბომბს…

გულბაათ რცხილაძე

Рекомендуем