
ლენინგრადის ბლოკადა
ლენინგრადის ბლოკადა[1] ფაშისტური მოკავშირე ჯარების მიერ 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო, როდესაც სამხრეთიდან მოსულმა გერმანულ არმიათა ჯგუფმა „ჩრდილოეთმა“ დაიკავა შლისელბურგი, მგა და სახმელეთო გზა გადაუკეტა ბალტიის ზღვასა და ლადოგის ტბას შორის მდებარე ლენინგრადს (ჩრდილოეთდან ქალაქს ფინეთის ჯარები მიუახლოვდნენ). ჰიტლერის გეგმებში შედიოდა ლენინგრადის „ჰერმეტული ბლოკადა“ მომავალი წლის გაზაფხულამდე, მისი უმოწყალო დაბომბვა არტილერიითა და ავიაციით, შემდეგ კი - ქალაქის დაკავება. ამ მიზნის მისაღწევად გერმანელები არ იშურებდნენ ძალებსა და იარაღს: ქალაქის მიმართულებით გამოშვებულ იქნა 150 ათასამდე ჭურვი და ჩამოგდებულ იქნა 107 აალებადი ფუგასური ბომბი.
ქალაქი ლენინგრადი, 3 მილიონზე მეტი მცხოვრებით, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. სურსათ-სანოვაგე ილეოდა - 12 სექტემბერს პურის, ბურღულეულისა და ხორცის მარაგები 30-35 დღე-ღამეზე, ცხიმები - 45 დღე-ღამეზე, შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი - 60 დღე-ღამეზე იყო დარჩენილი. მკაცრი ეკონომიის პირობებშიც კი, გათბობის სისტემისთვის აუცილებელი ქვანახშირი ნოემბრამდე ეყოფოდა ქალაქს, ხოლო თხევადი საწვავის მარაგები - მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე. 1-ლი ოქტომბრიდან 3-ჯერ - 6-ჯერ შემცირდა პურის ულუფა და მუშებისთვის შეადგინა 400 გრამი დღეში, მოსამსახურეებისთვის, უმუშევრებისა და ბავშვებისთვის - 200 გრამამდე. ეს ნორმა 20 ნოემბრიდან კიდევ უფრო შემცირდა: მუშებს დღეში მხოლოდ 250 გრამი ერგებოდათ, ყველა დანარჩენებს - 125 გრამი. ვითარება ცოტა გამოსწორდა 25 დეკემბრიდან, როდესაც ლადოგის ტბა გაიყინა და ამოქმედდა „სიცოცხლის გზა“ - ლენინგრადის მიმართულებით სატვირთო მანქანები პირდაპირ გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდნენ.
„სიცოცხლის გზა“ ხალხური სახელწოდებაა სავსებით რეალური მოვლენისა, რომელიც დამკვიდრდა ისტორიაში. იგი ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გაყინულ ტბაზე ქაოტურად მოძრაობდნენ სურსათით დატვირთული მანქანები ლენინგრადის მიმართულებით და უკანა გზაზე ევაკუირებული მოსახლეობით. „სიცოცხლის გზას“ თან ახლდა ჰიდროგრაფების და სხვა სპეციალისტების დაუღალავი შრომა, გაყვანილ იქნა კავშირგაბმულობის ქსელი, მოგვიანებით (1942 წ.) - ტბის ფსკერზე, ქალაქში თხევადი საწვავის მისაწოდებლად, მილიც იქნა ჩადებული. „სიცოცხლის გზას“ იცავდა ლადოგის ტბის ფლოტილია, რომელიც წლის უყინულო პერიოდში თავად ამარაგებდა ქალაქს, თუმცა ფლოტილია უფრო მცირე შესაძლებლობებს იძლეოდა, ისედაც მწირ ვითარებაში - მტერი ხომ უმოწყალოდ ბომბავდა და უტევდა „სიცოცხლის გზას“, ცდილობდა მის გადაჭრას.
საბჭოთა ხელისუფლებამ დიდძალი რესურსები გადაისროლა ლენინგრადის დასაცავად, მის მოსამარაგებლად და მოსახლეობის გადასარჩენად (ევაკუაციის ჩათვლით). თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მომარაგების კოორდინატორი კომუნისტური პარტიის ადგილობრივი კომიტეტის მდივანი ანდრეი ჟდანოვი იყო, რომელიც თავის საქმეს ენერგიულად და სწორად უძღვებოდა.[2] თუმცა ფრონტზე ობიექტური ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ქალაქს უდიდესი მსხვერპლის გაღება მოუხდა - ხალხი არა მხოლოდ და იმდენად არა მტრის ჭურვებისა და ბომბებისგან იღუპებოდა, რამდენადაც არასაკმარისი და არაჯანსაღი კვებისაგან, სხვადასხვა თანმხლები დაავადებებისაგან, სიცივისაგან. ადამიანებს სახლებში არ ჰქონდათ სინათლე, სითბო, წყალი და კანალიზაცია. 1941 წლის სექტემბერ-ნოემბერში ლენინგრადში 251-ჯერ გაისმა საჰაერო განგაშის სირენის ხმა, ნოემბრის თვეში ქალაქის საარტილერიო დაბომბვა დღე-ღამეში 9 საათს აღწევდა!
ლენინგრადის ბლოკადის დროს, შიმშილისა და დაბომბვებისგან დაიღუპა, სულ მცირე, 641 ათასი მცხოვრები, კიდევ ათეულ ათასობით ადამიანმა ევაკუაციას ვერ გაუძლო. სიკვდილიანობის, ევაკუაციისა და არმიაში დამატებითი გაწვევების შედეგად, ლენინგრადის მოსახლეობა, 1941 წლის სექტემბრიდან 1942 წლის სექტემბრამდე, 1 მილიონ 837 ათასი ადამიანით შემცირდა და 1-მილიონიან ნიშნულზე (სხვა მონაცემებით, 707 ათასამდე) ჩამოვიდა. მსხვერპლი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა საბჭოთა ჯარების და ხალხის გმირობა ფრონტზე და მომარაგების სფეროში, „სიცოცხლის გზაზე“. ბლოკადის ორ ცივ ზამთარს, გაყინულ ტბაზე, გადაყვანილ იქნა 1,5 მილიონი ადამიანი, გადაზიდულ იქნა 1 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი. საბჭოთა სახელმწიფომ ომის პირობებში შეძლო ლადოგის ტბაზე ახალი ნავსადგურების აშენება (მთავარი პორტი შლისელბურგი მტერს ეკავა), რომლებიც დამატებით ამარაგებდნენ ქალაქს და ქალაქის მომმარაგებლებსაც...
ლენინგრადი მსხვილი საწარმო ქალაქი იყო, რომელშიც სამხედრო წარმოებაც იყო განვითარებული. ბუნებრივია, ლენინგრადი როგორც ახლა, ისე იმჟამადაც წარმოადგენდა რუსეთის და მთელი საბჭოეთის კულტურულ ცენტრს. ჰიტლერის ჯარები რუსეთის ძველი დედაქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას ისევე არ ინდობდნენ, როგორც საწარმოებს: მწყობრიდან გამოვიდა 840 სამრეწველო საწარმო, 170 სამედიცინო დაწესებულება, დაზიანდა ასეულობით ისტორიისა და კულტურის ძეგლი, ბომბები და ჭურვები მოხვდა კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსულ მუზეუმს, ერმიტაჟს, ზამთრის სასახლეს, საინჟინრო სასახლეს და სხვ. დაინგრა ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) ისტორიული შემოგარენი-ქალაქები: პეტროდვორეცი, პუშკინი, პავლოვსკი, სტრელნა და სხვ.
ლენინგრადის სრული ბლოკადა, სანამ ქალაქთან სახმელეთო მისასვლელი არ არსებობდა, 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1943 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდა, სანამ საბჭოთა ჯარებმა არ გაჭრეს 8-11 კილომეტრის სიგანის კორიდორი შლისელბურგთან და სინიავინოსთან (ოპერაცია „ისკრა“). იმავე წლის თებერვალში ლენინგრადთან სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. თუმცა ქალაქის სრულ და საიმედო დებლოკირებამდე კიდევ მთელი ერთი წელი გავიდა. ამრიგად, ლენინგრადის ბლოკადამ საერთო ჯამში 872 დღე გასტანა, თუკი ბლოკადის მოხსნად 1944 წლის 27 იანვრის თარიღს ავიღებთ.
1941 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც გერმანელები დარწმუნდნენ, რომ ლენინგრადს ვერ დაიპყრობდნენ და იგი ვერც ასპროცენტიან ბლოკადაში მოაქციეს, მათი ჯარები ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაიჭრნენ, რათა შორიდან განეხორციელებინათ ქალაქის სრული ბლოკადა, ლადოგის ტბის სანაპიროს იზოლაციით. ვერმახტის ჯარებმა 1941 წლის 8 ნოემბერს დაიკავეს ქალაქი ტიხვინი და გადაკეტეს ერთადერთი რკინიგზა, რომლითაც ლენინგრადთან ირიბი კომუნიკაცია ჯერ კიდევ არსებობდა.
გერმანელმა ნაცისტებმა დაანგრიეს და გაძარცვეს ტიხვინი. ყოფილი ტიხვინის მონასტერი ციხედ გადააქციეს, სადაც აწამებდნენ და ხვრეტდნენ საბჭოთა მოქალაქეებს.
მაგრამ წითელმა არმიამ, სტალინის ბრძანებით, მალევე განახორციელა ძლიერი კონტრშეტევა - 1941 წლის 10 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე გრძელდებოდა ეს კონტრშეტევა, რომელიც ტიხვინის შეტევითი ოპერაციის სახელით არის ცნობილი. საბჭოთა ჯარებმა, ძალების თავმოყრის შემდეგ, უპირატესობა მიიღეს არტილერიისა და ცოცხალი ძალის სახით, თუმცა გერმანელებს ტანკების და თვითმფრინავების რიცხოვნობით ჩამორჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, ტიხვინის ოპერაცია პირველი დიდი და წარმატებული შეტევითი ღონისძიება აღმოჩნდა, წითელი არმიის მიერ შესანიშნავად შესრულებული. გენერალ კირილ მერეცკოვის მე-4 არმიამ 9 დეკემბერს გაათავისუფლა ტიხვინი, მოძრაობა რკინიგზაზე აღდგა. მე-4 არმიამ, ასევე 54-ე (გენ. ი. ფედიუნინსკი) და 52-ე (გენ. ნ. კლიკოვი) არმიებმა, საერთო ჯამში, მძიმე დარტყმა მიაყენეს გერმანელთა ათ დივიზიას (მათ შორის, ორ სატანკოს და ორ მოტორიზებულს), წინ წაიწიეს 100-120 კილომეტრით, აიძულეს გერმანული სარდლობა, ტიხვინის მიმართულებით დამატებითი ხუთი დივიზია გადმოესროლა... ტიხვინის შეტევითი ოპერაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა ლენინგრადის გადასარჩენად, მაგრამ ასევე დიდი როლი შეასრულა მოსკოვისთვის წარმოებული ბრძოლების მოსაგებად.
[1] იხ. სტატიები «Ленинград» (გვ.400), «Ленинградская битва 1941-44» (გვ.402), «Дорога жизни» (გვ.251) «Тихвинская наступательная операция 1941» (გვ.715) – Великая Отечественная Война 1941-1945, Энциклопедия (М.: «Советская Энциклопедия»), 1985 г.-ში. ასევე: “30 километров Дороги жизни. Как "срочное изобретение" спасало жителей блокадного города”, ТАСС, 21.11.2021 [https://tass.ru/blokada-leningrada/12973335 ] და Вера Марунова: "8 сентября 1941 года началась блокада Ленинграда" - Новости и события Российского исторического общества [https://historyrussia.org/sobytiya/8-sentyabrya-1941-goda-nachalas-blokada-leningrada.html].
[2] ლენინგრადის დაცვაში ქართველებსაც აქვთ თავიანთი წვლილი შეტანილი. ყველაზე ცნობილი მათგანი, თავისი სტატუსით, საქართველოს სსრ-ის მომავალი პირველი პირი, ვასილ მჟავანაძე გახლდათ, რომელიც ბლოკადურ ქალაქში ზღვისპირეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფის პოლიტ. განყოფილების უფროსი გახდა, შემდეგ, 42-ე არმიის სამხედრო საბჭოს წევრი, 1942 წ. დეკემბერში - გენერალ-მაიორის წოდება მიიღო, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. იხ.: https://warheroes.ru/hero/hero.asp?Hero_id=13660