
რეგიონული მასმედია: რატომ დაშალეს აბასთუმანში გმირთა მემორიალი
კურორტ აბასთუმანში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალი დაშალეს, მის ადგილზე ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია სახლებს აშენებს.
ადგილობრივების თქმით, მიწის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ ადამიანის ძვლებიც აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე.
მემორიალის დემონტაჟი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ოქტომბერ–ნოემბრის პერიოდში მოხდა. სწორედ მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონუმენტის მიმდებარედ ომში დაღუპულთა საფლავებიც იყო განთავსებული. ერთ–ერთი ადგილობრივი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ადამიანის ძვლები ნამდვილად იპოვეს, თუმცა რა ბედი ეწია მათ, არ იცის. მისივე თქმით, აბასთუმანში მომხდარზე საუბარს ყველა გაურბის.
„როგორ გაქრა იმხელა მონუმენტი? იმ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილი იყო და ჯარისკაცებიც იყვნენ დამარხული. ჩვენი ბიჭები, აფხაზეთის გმირებიც მანდ იყვნენ დაკრძალულები. ისე ეშინია ხალხს, რომ არ იმჩნევენ. როდემდე?! ყველა გაჩუმებულია“,- ამბობს ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, აბასთუმანში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთის ომში დაღუპული ახალგაზრდების ნეშტები საერთო სასაფლაოზე გადაასვენეს.
მემორიალის ადგილზე, ამჟამად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია კერძო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე, მონუმენტის დემონტაჟის საჭიროებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ნაგებობა დაზიანებული და უსახური იყო.
–განმარტავს იგი.
რაც შეეხება ადამიანის ძვლების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, გოჩა ქიმაძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.
„რატომ ატყდა ამ საქმესთან დაკავშირებით ესეთი განგაში, თითქოს იქ სასაფლაოები იყო, არ ვიცი. იქ, აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მსმენია. არავინ არ არის ამის (ადამიანის ძვლების აღმოჩენის) თვითმხილველი. ყველა ამბობს, რომ „ამბობენ, რომ ძვლები ამოჰყვა“, მაგრამ არავინ არ ამბობს, რომ თავად დაინახეს ეს. სიცრუეა და მეტი არაფერი. თუ იქ უპატრონო მიცვალებულები იყო, მაშინ რატომ იყო, ან სად იყო? რომელი პატრონი დატოვებდა თავის მიცვალებულს სხვა მხარეში? გამორიცხულია. იქ არაფერი ძვლები არ ამოსულა. მე სადაც მოვიკითხე, ვისაც არ ვკითხე, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ძვლები არ გვინახავსო. რაღაც ერთი დიდი, ცხვრის თავის ქალა აღმოჩნდა და იძახიან, რომ საქონლის ძვალიც“,–აცხადებს გოჩა ქიმაძე.
მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შპს „ვილა აბასთუმანს“ ეკუთვნის. "სამხრეთის კარიბჭეს" რედაქცია შეეცადა კომპანიის მეწილეებთან საკითხზე გასაუბრებას, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “TMS Construction” ასრულებს, რომელსაც სამი მეწილე ჰყავს. მათგან ორი, ძმები, სანდრო და თეიმურაზ პატაშურები მმართველი პარტიის“, „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის მიხედვით, მათ მმართველი გუნდისთვის ჯამში 200 000 ლარი აქვთ შეწირული.
აბათუმანში შპს „ვილა აბასთუმანი“ რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. შპს–ს 20%–ანი წილის მფლობელი ზურაბ კიკნაძე კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმოს“ დირექტორი და 20% წილის მფლობელია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კვლევის მიხედვით, შპს „ვილა აბასთუმანის“ უფლებამონაცვლე მარინა კბილაშვილმა, 2021 წლის 9 ივნისს, აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე 5,684 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 568,400 ლარად იყიდა. მარინე კბილაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ადიგენის საკრებულოს დეპუტატის ელდარ კბილაშვილის დედაა. შპს „ვილა აბასთუმანი“ საპრივატიზებო ხელშეკრულების გაფორმებამდე 8 დღით ადრე, 1 სექტემბერს დაფუძნდა.
„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, იყო თუ არა განთავსებული ხსენებულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად უკვე დაშლილი მემორიალი, რაზეც დეპუტატი, ელდარ კბილაშვილი აცხადებს, რომ მონუმენტი მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც შემდეგ ზემოხსენებულ კომპანიას მიჰყიდა, არ იყო განთავსებული და ნაგებობა 200–300 მეტრის დაშორებით მდებარეობდა.
თემო ინასარიძე
"სამხრეთის კარიბჭე"