საბჭოთა კავშირის სიდიდით მეორე ქალაქი ლენინგრადი გერმანელი ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ მთლიანად იყო ბლოკირებული 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1943 წლის 18 იანვრამდე, როდესაც რკალი ნაწილობრივ გარღვეულ იქნა. ლენინგრადის ალყა მთლიანობაში 1944 წლის 27 იანვრამდე გრძელდებოდა – გერმანული და ფინური ჯარების მიერ, რომელთაც ესპანური „ლურჯი დივიზია“, ასევე იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალები, ჩრდილოაფრიკელი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მობილიზებული მოხალისეები ეხმარებოდნენ. საერთო ჯამში, 1941-1944 წლებში ლენინგრადის ბლოკადამ 872 დღე გასტანა და ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა – ძირითადად, შიმშილისა და სნეულებების გამო, რადგან ქალაქის უსაფრთხო უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, ისევე, როგორც სამხედრო აღჭურვილობით, შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ლენინგრადის მისადგომები ზღვიდან იმგვარად იყო დანაღმული მტრის მიერ, რომ საზღვაო გზის დებლოკირება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ, ისიც თითქმის ერთი წლის თავზე – 1946 წელს, გახდა შესაძლებელი.
ლენინგრადში, განსაკუთრებით, ბლოკადის პირველ წელს, მასობრივი შიმშილი მძვინვარებდა. არსებობდა ერთადერთი „სიცოცხლის გზა“ – მეტად სარისკო და არასაიმედო, აღმოსავლეთის მიმართულებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ლადოგის ტბა იყინებოდა. მაგრამ ლადოგის ტბა მტრული არტილერიის ცეცხლის არეალში იყო მოქცეული და ამ მიზეზით, ლენინგრადელები საკმარის დახმარებას ვერ ღებულობდნენ.
მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ქალაქმა გმირულად იბრძოლა და გაუძლო საშინელ ალყას, რუსმა ხალხმა თავისი ჭეშმარიტი გმირული სული დაანახა მტერს. ლენინგრადმა დაამტკიცა, რომ საბჭოთა კავშირის დაჩოქება შეუძლებელი იყო.
ამიტომ, დღე, 27 იანვარი, როდესაც წითელმა არმიამ მთლიანად გაწმინდა ქალაქის შემოგარენი ფაშისტებისაგან და ისინი შორს უკუაგდო, რუსეთში გამოცხადებულია სამხედრო დიდების დღედ. ისტორიულ ლენინგრადში, რომელსაც მოგვიანებით უფრო ადრინდელი ისტორიული სახელი – სანკტ-პეტერბურგი დაუბრუნდა, ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით.
