1940 წლის 21 დეკემბრს წითელმა არმიამ შეიარაღებათა ნუსხაში ოფიციალურად გაიფორმა შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც ავტორმა სულ მალე, 1941 წელს გააუმჯობესა (მოდელი ППШ-41) და ამით ისტორიაში შევიდა – შპაგინის იარაღი წითელი არმიის ვიზუალურ მახასიათებლებში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. როდესაც ფოტოზე ან ვიდეოზე ნახავთ მებრძოლს, რომელსაც ამ ბარაბნის ფორმის მჭიდიანი იარაღი უკავია, მაშინ უტყუარად დიდი სამამულო ომის დროინდელ წითელარმიელს ხედავთ.
შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სერიულ წარმოებაში მიღება და შემდგომი პოპულარობა მისმა ექსპლუატაციის სიმარტივემ, წონაში სიმსუბუქემ და წარმოების სიიოლემ განაპირობა. ეს იარაღი საიმედოობითაც გამოირჩეოდა.
1940 წლის ბოლომდე, სანამ შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შესაბამის გამოცდებს წარმატებით გაივლიდა, ასეთი დანიშნულების იარაღის წარმოება რთულ და ძვირ სიამოვნებად მიიჩნეოდა, ჯარისკაცები ხრახნიანი თოფებით იყვნენ შეიარაღებულნი. სამხედრო კონსტრუქტორმა გეორგი შპაგინმა ახალი ტექნოლოგია შექმნა, რითაც შესაძლებელი გახდა წარმოებაში ამ პრობლემის მოგვარება – ფრეზირების ნაცვლად, დეტალების დამზადებისას შტამპები გამოიყენა.
გეორგი შპაგინი 1897 წელს გლეხების ოჯახში დაიბადა და მხოლოდ სამწლიანი საეკლესიო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მოზარდობისას ხელოსნად მუშაობდა შუშის ქარხანაში. 1916 წლიდან არმიაში გაიწვიეს და ერთ წელიწადში ნიჭიერი ახალგაზრდა არტილერიის ოსტატი გახდა. სამოქალაქო ომის დროს წითელ არმიაში შევიდა და იგივე საქმიანობა განაგრძო. 1919 წლის დემობილიზაციისა და ავადმყოფობის შემდეგ კოვროვის სათოფე-სატყვიამფრქვევე ქარხანა #2-ში დაიწყო მუშაობა, სადაც ცნობილი კონსტრუქტორი ვასილი დეგტიარიოვი მუშაობდა.
შპაგინის იარაღმა მომავალში სწორედ დეგტიარიოვის ანალოგიური იარაღის მოდელებს აჯობა, ისევე, როგორც ბორის შპიტალნის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. მიუხედავად იმისა, რომ შპიტალნის იარაღი სროლისას მეტ ეფექტურობას ავლენდა, შპაგინის მოდელმა არმიის ხელმძღვანელობა თავისი სიმარტივით და გამძლეობით მოხიბლა.
შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სერიული წარმოება ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. 1941 წლის ბოლომდე წითელმა არმიამ მიიღო 92 ათასი ППШ. ჯარისკაცებმა იარაღს კარგად აუღეს ალღო და მას მოფერებით „პაპაშა“ დაარქვეს. 1942 წელს უკვე 1,5 მლნ ერთეული „შპაგინი“ ჩაბარდა ჯარს, ხოლო ომის მთელი ოთხი წლის მანძილზე -დაახლოებით 5,5 მლნ ერთეული.
თავდაპირველად „პაპაშა“ არტილერისტების, ტანკისტების და მთასა და ტყიან ადგილებში მებრძოლი ქვეითების იარაღად მიიჩნეოდა, მასობრივი ქვეითი ჯარი ისევ „ვინტოვკებით“ – ხრახნიანი თოფებით იყო შეიარაღებული, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა. ფინეთთან 1939-1940 წწ. ომის დროს წითელ არმიას ძალიან აკლდა მოხერხებული ავტომატური იარაღი. სამხედრო ექსპერტებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ შპაგინის იარაღი, უფრო ადრე რომ გამოეგონა მის ავტორს, წითელ არმიას ომის წარმოებას ბევრად გაუადვილებდა.
„პაპაშა“ მშვენიერი იარაღი გამოდგა სატანკო დესანტისთვის, რომელსაც არ სჭირდება მაღალი სიზუსტის იარაღი, ასევე კარგი შედეგების მომტანი აღმოჩნდა ქალაქის, ქუჩის ბრძოლებში. შპაგინის იარაღი განსაკუთრებით ეფექტურია მოკლე მანძილზე სროლაში, როდესაც საჭიროა ცეცხლის მაღალი ინტენსიურობა. 1941 წლის “პაპაშა” 7,62х25 კალიბრის ТТ-ს ტყვიებზე იყო გათვლილი. წონა 5,5 კგ-ს შეადგენდა. ტყვიის საწყისი სიჩქარე იყო 500 მ/წმ, დამიზნებითი სროლის სიშორე – 500 მ. “შპაგინი” წუთში 700-900 გასროლას ახორციელებდა, ხოლო დამიზნებითი (საბრძოლო) სროლის სიჩქარე შეადგენდა 30-იდან 90 გასროლამდე წუთში.
შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დიდი სამამულო ომში გამარჯვებასთან ასოცირდება და ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობად და პოპულარულ ცეცხლსასროლ იარაღად დარჩება დიდი ომების ისტორიაში. კონსტრუქტორმა შპაგინმა მრავალი ჯილდო და ორდენი მიიღო სახელმწიფოსგან. მისი შექმნილი იარაღი საბჭოთა არმიაში 1960-იანი წლების შუა ხანებამდე გამოიყენა, სანამ მეორე ლეგენდამ – კალაშნიკოვის ავტომატურმა იარაღმა საბოლოოდ არ ჩაანაცვლა იგი.


