ლესელიძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე

არელიის ფრონტის მე-7 არმიის 619-ე ნაღმმტყორცნი პოლკის მეთაური, პოდპოლკოვნიკი. დაიბადა 1907 წლის 7 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფ. ხვარბეთში. ჰყავდა 3 ძმა - კონსტანტინე, დავითი და ვალერიანი. ყველა მათგანი იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე არტილერისტებად. კონსტანტინე ლესელიძეც საბჭოთა კავშირის ომის გმირი გახდა. ოთხი ძმიდან სამი სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა (თავად ვიქტორი, ასევე კონსტანტინე და ვალერიანი).

დაასრულა გიმნაზიის ექვსი კლასი, წითელ არმიაში 1925 წლიდან შევიდა, კომუნისტურ პარტიაში - 1938 წელს. 1929 წელს სამხედრო-საარტილერიო სკოლა დაამთავრა, მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქში (ოკრუგში). მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომში. დიდ სამამულო ომს 1941 წელს კარელიაში შეხვდა, როდესაც იგი საარტილერიო დივიზიონის მეთაური იყო. 

1944 წლის 21 ივნისს, 619-ე არმიის ნაღმტყორცნი პოლკის მეთაურმა (მე-7 არმია, კარელიის ფრონტი), პოდპოლკოვნიკმა ვიქტორ ლესელიძემ, მოახდინა მდინარე სვირის ფორსირება, 22-27 ივნისს გაარღვია მოწინააღმდეგის დამცავი ზღუდეები, ცეცხლით გზას უხსნიდა საბჭოთა ქვეით ჯარებს ლადოგის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, ჩრდილოეთის მიმართულებით და საშუალება მისცა მათ, მოეხდინა მდინარე ოლონკისა და ტულოკსას ფორსირება.

სწორედ მდინარე ტულოკსასთან ფინელმა ფაშისტებმა მოახდინა დამატებითი ძალების მობილიზება და კონტრშეტევის წამოწყება. ბრძოლის ერთ მონაკვეთზე მათ შეავიწროეს ჩვენი ქვედანაყოფები, მათი მეავტომატეები მჭიდროდ მოუახლოვდნენ 619-ე პოლკის სადამკვირვებლო პუნქტს, რამაც პოლკის შტაბს უშუალო საფრთხე შეუქმნა. 28 ივნისს პოლკის მამაცმა მეთაურმა ვიქტორ ლესელიძემ სადამკვირვებლო პუნქტთან, ოლონეცკის რაიონის სოფელ ვიდლიცასთან, შეკრიბა თავისი ჯარისკაცები და მათ მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში წინ გაუძღვა. ლესელიძის პირადმა ვაჟკაცობამ ფრთები შეასხა საბჭოთა მეომრებს, მათ მოახერხეს თავიანთზე უფრო მრავალრიცხოვანი მტრის ქვედანაყოფების შეტევის შეჩერება და უკუგდება. მაგრამ თავად ვიქტორ ლესელიძე ამ ბრძოლაში გმირულად დაეცა...

პოდპოლკოვნიკი ვიქტორ ლესელიძე ოლონეცკის რაიონის სოფელ ილინსკის საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს. მალევე, 1944 წლის 21 ივლისს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვ. ლესელიძეს, პოლკის მოხერხებული მართვის, საბრძოლო დავალებების სამაგალითოდ შესრულებისა და გამოვლენილი გმირული მამაცობისთვის, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ლესელიძე გმირის წოდებაზე წარადგინა მე-7 არმიის სარდალმა, არტილერიის გენერალ-მაიორმა ვლადიმირ ბრეჟნევმა (რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა ლეონიდ ბრეჟნევთან - ვიქტორის ძმის, კონსტანტინე ლესელიძისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მიმნიჭებელ საბჭოთა სახელმწიფოსა და კომუნისტური პარტიის ლიდერთან).



© Didisamamulo.ge
დაბრუნება