ლელაძე გიორგი დავითის ძე
დაიბადა 1919 წლის 16 ნოემბერს თერჯოლის რ-ნის სოფ. საზანოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს, მოსკოვში გადავიდა სასწავლებლად, სადაც არქიტექტორულ ინსტიტუტში მოეწყო. 1942 წელს გახდა სკკპ წევრი.
1941 წლის ივნისში გიორგი ლელაძე მობილიზებულ იქნა მოსკოვის მისადგომებთან გასამაგრებელი ნაგებობების მოსაწყობად, ხოლო აგვისტოში გაიწვიეს წითელ არმიაში - სამხედრო სასწავლებელში. 1942 წელს ვლადიმირის სამხედრო ქვეითთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მაისიდან, ფრონტზე გაგზავნეს, სადაც 1945 წლის ჩათვლით იბრძოდა, მე-15 მსროლელი დივიზიის 321-ე მსროლელი პოლკის შემადგენლობაში.
კურსკის შვერილზე წარმოებული ბრძოლებისას უფროსი ლეიტენანტი ლელაძე ნაღმმტყორცნ როტას ხელმძღვანელობდა. ეს რაზმი ზურგს უმაგრებდა საბჭოთა საჯარისო ნაწილების გადასვლას პონირისა და ოლხოვატკის მიდამოებში. ლელაძის როტამ შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეს, ხელი შეეშალა ოპერაციისთვის - მტრის შეტევის ნებისმიერი მცდელობა ჩახშობილ იქნა სატყვიამფრქვევო ცეცხლით. სამდღიანი ბრძოლების მანძილზე არანაკლებ ასი ჰიტლერელი იქნა განადგურებული.
მდ. დნეპრის ფორსირებისას ნაღმმტყორცნი როტის მეთაური ლელაძე, თავის ჯარისკაცებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მდინარის დასავლეთ ნაპირზე გადავიდა, ფაშისტებს ორი ქვემეხი წაართვა და მათ წინააღმდეგვე მიაბრუნა. სხვა შემთხვევაში, როდესაც დაიჭრა ბატალიონის მეთაური, ლელაძემ მყისიერად აიღო ხელში მეთაურობა და დასახულ ამოცანას წარმატებით გაუძღვა.
მაგრამ განსაკუთრებული გმირობა გ. ლელაძემ მდინარე ვისლას ფორსირებისას გამოავლინა. 1945 წლის 27 იანვარს (ოსვენციმის გათავისუფლების დღეს) ლელაძის ბატალიონმა ერთი დარტყმით მოახდინა ვისლას ფორსირება და სოფელ გროს-ვესტფალენის მიდამოებში მნიშვნელოვანი პლაცდარმის დაკავება. საბჭოთა მეომრებმა 2 დღე-ღამის განმავლობაში მოახერხეს მოწინააღმდეგის კონტრშეტევების მოგერიება, ვიდრე დამხმარე ძალები მოვიდოდნენ.
იმავე 1945 წლის 10 აპრილს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავისი ბრძანებულებით, გიორგი ლელაძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭა, ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლით. ლელაძეს პატივი ერგო წილად, გამარჯვების აღლუმში მიეღო მონაწილეობა - 24 ივნისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე.
ჰქონდა სხვადასხვა ორდენები და მედლები, მ. შ. დიდი სამამულო ომის 1-ლი და მე-2 ხარისხის ორდენები, სუვოროვის მე-3 ხარისხის ორდენი და სხვ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც გარდაიცვალა 1993 წლის 15 ოქტომბერს.