„ყველას არ ვესროდით“ – სნაიპერული გამოცდილება ლუდმილა პავლიჩენკოსგან – DidiSamamulo.Ge

„ყველას არ ვესროდით“ – სნაიპერული გამოცდილება ლუდმილა პავლიჩენკოსგან

by SuperUser
A+A-
Reset

ლუდმილა პავლიჩენკო (დაბადების გვარი – ბელოვა) 1943 წელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დაჯილდოვდა, 1945 წელს სსრკ კომუნისტურ პარტიაში მიიღეს, ჰქონდა ლენინის ორი ორდენი.  ეს პატივი ახალგაზრდა გოგონას შემთხვევით არ ერგო: ლუდმილა პავლიჩენკო გახლავთ ისტორიაში საუკეთესო სნაიპერი ქალებს შორის, რომელმაც თავისი ნიჭი სამშობლოს დაცვასა და ფაშიზმთან ბრძოლას მოახმარა.

როდესაც ომი დაიწყო, ლუდმილას თავიდან შაშხანას არ ანდობდნენ – ქალს კაცზე უკეთ სროლა არ შეუძლიაო, ეუბნებოდნენ. მაგრამ მალე დიამეტრალურად შეიცვალა ეს შეხედულება, ვინაიდან პავლიჩენკომ ფენომენალური შედეგები აჩვენა. სნაიპერმა ქალმა სულ რაღაც 3 თვეში 179 გერმანელი და რუმინელი მომხდური გამოასალმა სიცოცხლეს და ამით საბჭოთა მეომრების სიცოცხლე დაზოგა.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ომმა პავლიჩენკოს ოდესაში მოუსწრო, სადაც ახალგაზრდა ისტორიკოსი გოგონა ისტორიულ მუზეუმში აპირებდა სამოქალაქო კარიერის გაგრძელებას. ფრონტზე მოხალისედ წავიდა, ბევრი არ უფიქრია. იგი ზღვისპირა არმიის ჩაპაევის სახელობის 25-ე მსროლელ დივიზიაში მსახურობდა. ბესარაბიისა და ოდესის დაცვის შემდეგ, რომელიც 79 დღე გრძელდებოდა და შედეგად, მტერს დიდი ზარალი მიადგა – დაახლოებით 160 ათასი დახოცილი მეომრით, 200-მდე განადგურებული თვითმფრინავითა და 100-მდე ტანკით, პავლიჩენკო, წითელი არმიის შემადგენლობასთან ერთად, ოდესიდან ყირიმში იქნა ევაკუირებული, სადაც ქალაქ სევასტოპოლს იცავდა. ყირიმის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე საპორტო ქალაქის დაცვის გახანგრძლივებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ძირითად ფრონტებზე წითელი არმიისთვის შვების მოსაპოვებლად და გერმანელების წნეხისგან გასათავისუფლებლად. მართლაც, ყირიმმა და კერძოდ, სევასტოპოლმა, ჰიტლერელთა დიდი ძალები მიიზიდა სხვა ფრონტებიდან, 1941 წლის შემოდგომიდან დაწყებული, 1942 წლის ივლისის ჩათვლით, როდესაც სევასტოპოლის საბოლოო შტურმი განხორციელდა. შტურმს თავად გენერალი ერიხ ფონ მანშტაინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც გერმანულ-რუმინული ჯარების 6 კორპუსი დასჭირდა პიროსის გამარჯვების მოსაპოვებლად. მანშტაინისვე აღიარებით, სევასტოპოლის აღებას იმდენი საარტილერიო ცეცხლი დასჭირდა, რამდენიც არც ერთ სხვა ქალაქს მთელი ომის მანძილზე. მტერმა ყირიმში ომის ამ ეტაპზე 300 ათასი კაცი დაკარგა (ამასთან, 200 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა).

ლუდმილა პავლიჩენკომ თავისი ნამდვილი შესაძლებლობები სწორედ სევასტოპოლის გმირული დაცვისას გამოავლინა. მან კიდევ 130 ჰიტლერელი გაანადგურა, მათ შორის, 36 „კოლეგა“-სნაიპერი. ჯამში პავლიჩენკოს რეკორდი 309 დახოცილ ფაშისტამდე ავიდა. პავლიჩენკომ ისე გაითქვა სახელი, რომ მტერი მის მოსაკლავად სპეციალურ ზომებს ღებულობდა, აგებდა სხვადასხვა მახეებს, პავლიჩენკოს ყურადღების გასაფანტად და სამალავიდან გამოსატყუებლად ოსტატურად დამზადებულ ფიტულებს იყენებდა, შინაურ ცხოველებს უშვებდა სნაიპერთა საბრძოლო ველზე და სხვა. მაგრამ ამ ბრძოლებიდან პავლიჩენკო ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.

1942 წლის ივნისში პავლიჩენკო მძიმედ დაიჭრა და იგი კავკასიაში გადაიყვანეს. შესაძლოა, ამ ჭრილობამ მისი სიცოცხლე იხსნა. პავლიჩენკოს 25-ე მსროლელი დივიზია ყირიმში თვის ბოლოს მთლიანად დაიღუპა.

იმავე წლის შემოდგომაზე გმირი გოგონა, რომელიც საბჭოეთში ძალზე პოპულარული გახდა, ახალგაზრდული დელეგაციის შემადგენლობაში, კიდევ ერთ ცნობილ მსროლელთან, ვლადიმირ პჩელინცევთან ერთად, შეერთებულ შტატებსა და კანადაში გააგზავნეს რამდენიმეკვირიანი ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში საბჭოთა ახალგაზრდები ამერიკულ საზოგადოებას აცნობდნენ ომის მსვლელობას და იმ სიმძიმეს, რომელსაც საბჭოთა ხალხი იტანდა. ომი ამერიკის კონტინენტიდან შორს მიმდინარეობდა, იაპონიასთან საზღვაო-საჰაერო ომი საკუთრივ ამერიკის მიწას არ სწვდებოდა და ხალხი ომისგან ისეთ სიმძიმეს მიახლოებითაც ვერ გრძნობდა, როგორც საბჭოთა კავშირის ხალხები გრძნობდნენ. ამერიკელებს და კანადელებს ვერც წარმოედგინათ, რეალურად რა საშინელება ხდებოდა საბჭოთა კავშირის მიწაზე, რა გმირულ წინააღმდეგობას უწევდა მტერს ხალხი, სტალინის მეთაურობით და რა ფასი უჯდებოდა ეს ყველაფერი. ამერიკელები და ბრიტანელები ხომ არ ჩქარობდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ამერიკული საზოგადოებაც, შესაბამისად, ზერელედ განწყობილი – საბჭოთა დელეგაციის წევრებს უფრო მეტ კითხვებს ომის შესახებ კი არა, მათი ჩაცმულობის სტილზე და სხვა უმნიშვნელო დეტალებზე უსვამდნენ. პავლიჩენკოს ისიც კი ჰკითხეს, ფრონტზე ქალები პომადას თუ ისვამენო.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ლუდმილა პავლიჩენკომ ისტორიული სიტყვები დააქუხა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ამერიკული საზოგადოების ცნობიერებაზე: „მე 25 წლის ვარ, ფრონტზე 309 ფაშისტი დამპყრობლის განადგურება მოვასწარი. ხომ არ გეჩვენებათ, ჯენტლმენებო, რომ თქვენ ზედმეტად დიდ ხანს იმალებით ჩემს ზურგს უკან?!“

საბჭოთა დელეგაციას შტატებში პრეზიდენტი რუზველტი და მისი მეუღლე, ელეონორა მასპინძლობდნენ. ელეონორა რუზველტმა მამაცი საბჭოთა მსროლელი ლუდმილა პავლიჩენკო დაიმეგობრა კიდეც და რამდენიმე დღით ლუდმილა თეთრ სახლში ცხოვრობდა.

ასეთი იყო ფენომენალური სნაიპერის ომის დროინდელი გმირული ღვაწლი, არადა, იგი სულაც არ აპირებდა მეომრობას და თავის ერთ ვაჟს ზრდიდა. მისი განსაკუთრებული სნაიპერული ნიჭი შემთხვევით გაიხსნა, 1937 წელს, როდესაც მეგობრებთან ერთად კიევში, პარკში სეირნობის დროს, ტირში შევიდა. პავლიჩენკომ ტირის ინსტრუქტორის, ჭრილობის გამო დემობილიზებული ერთ-ერთი წითელი საველე მეთაურის ყურადღება მიიქცია…

ომის შემდეგ, პავლიჩენკო ინსტრუქტორად მუშაობდა სნაიპერულ კლუბში, ხშირად ხვდებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობას. ომმა მის  ჯანმრთელობას ცუდი კვალი დაამჩნია, გარდაიცვალა 58 წლის ასაკში. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე პავლიჩენკო საბჭოთა ტელევიზიამ ჩაწერა, სადაც მან საინტერესო დეტალებზე ისაუბრა, თუ როგორ მუშაობენ ფრონტზე სნაიპერები, რა არის სნაიპერთა დუელი, ვის ესროდნენ და ვის არ ესროდნენ საბჭოთა სნაიპერები. პავლიჩენკო ამერიკაში ვიზიტსაც იხსენებს. გთავაზობთ ამ საინტერესო ვიდეოჩანაწერს რუსულ ენაზე:

Рекомендуем