ქრონიკა – როგორ მზადდებოდა ომი, ნაწილი პირველი: „მიუნხენის გარიგება“ – DidiSamamulo.Ge

ქრონიკა – როგორ მზადდებოდა ომი, ნაწილი პირველი: „მიუნხენის გარიგება“

by SuperUser
A+A-
Reset

„მიუნხენის გარიგება“ – ასე არის ისტორიაში შესული 1938 წლის მიუნხენის კონფერენციის შედეგები – შეთანხმება; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნ. ჩემბერლენისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ე. დალადიეს მიერ ჰიტლერის გერმანიისათვის ჩეხოსლოვაკიის ჩაბარება, ამ სუვერენული, მაღალგანვითარებული სახელმწიფოს ზურგს უკან გამართული მოლაპარაკებები, როდესაც „დასავლური დემოკრატიების“ ლიდერები ადოლფ ჰიტლერს ეახლნენ მიუნხენში და ყველა მისი მოთხოვნა შეასრულეს.

ინგლისელებმა და ფრანგებმა არა თუ ხელი აიღეს ჩეხოსლოვაკიის დაცვაზე (რაც ფრანგებს ევალებოდათ კიდეც 1935 წლის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით, რომელზეც ხელი საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა მოწერილი), არამედ პირდაპირი მუქარებით აიძულეს პრაღა, თავისი ტერიტორიების დიდი (1/5) და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჰიტლერული გერმანიისათვის, რითაც ისარგებლა ჰიტლერმა და ამ ტერიტორიების მიღების შემდეგ რამდენიმე თვეში პრაღაც დაიკავა.

დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობები ასე მოწადინებულნი ვითომ იმ მიზეზით იყვნენ, რომ ჩეხოსლოვაკიის ხარჯზე დაეკმაყოფილებინათ ჰიტლერის მადა, რომელიც აღარ გააგრძელებდა ექსპანსიას. მაგრამ ეს თვალთმაქცი პოზიცია იყო. სინამდვილეში, დასავლური „დემოკრატიების“ მიზანს გერმანიისა და საბჭოთა კავშირის დაჯახების დაჩქარება წარმოადგენდა. ინგლის-საფრანგეთს არც ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩებოდა ამ მხრივ – მიუნხენის გარიგებაში თავისი წვლილი აშშ პრეზიდენტმა ფრანკლინ დ. რუზველტმაც შეიტანა, როდესაც ჰიტლერს გაუგზავნა პირადი წერილი, რომელშიც მხარი დაუჭირა კონფერენციის მოწვევას „ომის თავიდან ასაცილებლად“.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 1938 წლის უმთავრესი მოვლენების ქრონოლოგიას, რადგან მკითხველმა დასკვნები თავად, ჩვენი კომენტარების გარეშე გააკეთოს:

20 თებერვალი:
რაიხსტაგში გამოსვლისას, ადოლფ ჰიტლერმა განაცხადა, რომ „გერმანია ვერ იქნება გულგრილი 10 მილიონი გერმანელის ბედის მიმართ, რომლებიც ორ მეზობელ ქვეყანაში [ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიაში] ცხოვრობენ… გერმანიის მთავრობა ყველაფერს იღონებს მთელი გერმანელი ხალხის გასაერთიანებლად“.

12 მარტი:
გერმანიის არმიამ ღამით ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა. „ანშლუსი“ დაიწყო.

14 მარტი:
ჰიტლერის ბრძანებულება „გერმანიის იმპერიასთან ავსტრიის გაერთიანების შესახებ“. ამ „ანშლუსის“ შედეგად, გერმანიის ტერიტორია გაიზარდა 17%-ით, მოსახლეობა 10%-ით (6,7 მილიონით). ჩეხოსლოვაკია ყველა მხრიდან გარშემორტყმული აღმოჩნდა გერმანიის რაიხისა და მისი სატელიტების მიერ.

15 მარტი:
სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ვ. პოტიომკინმა მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის დესპანთან ზ. ფირლინგერთან საუბარში დაადასტურა საბჭოთა კავშირის მზადყოფნა, შეასრულოს 1935 წლის ურთიერთდახმარების ორმხრივი პაქტით აღებული ვალდებულებები იმ შემთხვევაში, თუკი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკას თავს დაესხმება გერმანია. ანალოგიური განცხადება გააკეთეს სსრკ საგარეო საქმეთა კომისარმა მ. ლიტვინოვმა მოსკოვში ბრიტანეთის ელჩთან საუბარში და საბჭოთა სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პარიზში – საფრანგეთის მთავრობასთან საუბრისას.

16 მარტი:
საბჭოთა კავშირმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და აშშ-ს, შექმნილიყო საერთო ფრონტი შესაძლო შეიარაღებული აგრესიისაგან ჩეხოსლოვაკიის დასაცავად.

28 მარტი:
ჰიტლერმა ბერლინში მიიღო სუდეტური გერმანული პარტიის ლიდერი კ. ჰენლაინი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის სუდეტურ მხარეში გერმანული დიასპორის „დამცველის“ როლს ასრულებდა და მას დაავალა, პრაღისათვის წამოეყენებინა იმთავითვე მიუღებელი მოთხოვნები.

24 აპრილი:
ჩეხურ კარლსბადში ჩატარდა სუდეტური გერმანული პარტიის ყრილობა. ჰენლაინის გამოსვლა შეიცავდა სუდეტელი გერმანელებისთვის სრული ავტონომიის მინიჭების მოთხოვნას.

26 აპრილი: 
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მ. კალინინი აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ სსრკ, თუკი იგი მიიღებს პრაღის თხოვნას, ჩეხოსლოვაკიას დახმარებას აღმოუჩენს.

7 მაისი:
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩების ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრ კ. კროფტასთან პრაღაში გამართული შეხვედრისას თავიანთი მთავრობების სახელით გააკეთეს „მეგობრული რჩევა“, ჩეხოსლოვაკების მიერ ჰენლაინის მოთხოვნების მიღების თაობაზე. ელჩებმა ჩეხოსლოვაკი მინისტრიგააფრთხილეს, რომ თუკი პრაღის „სიხისტის“ გამო წარმოიშობა შეიარაღებული კონფლიქტი, ლონდონი და პარიზი ჩეხოსლოვაკიას დახმარებას არ აღმოუჩენენ.

12 მაისი:
ჟენევაში შედგა სსრკ საგარეო საქმეთა კომისრის მ. ლიტვინოვის შეხვედრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟ. ბონესთან. შეხვედრისას საბჭოთა დიპლომატმა ფრანგ კოლეგას შესთავაზა ორმხრივი მოლაპარაკებები ჩეხოსლოვაკიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ტექნიკურ საკითხებზე, ჩეხოსლოვაკიაზე გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში. მ. ლიტვინოვის მიერ ასევე შემოთავაზებული იყო, რომ პოლონეთისა და რუმინეთისაგან ერთობლივად მოეთხოვათ ნებართვა, მათ ტერიტორიებზე წითელი არმიის შენაერთების გასატარებლად ჩეხოსლოვაკიის მიმართულებით, ამ უკანასკნელისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. ჟ. ბონემ მხოლოდ მოსკოვის ინიციატივის „შესწავლაზე“ განაცხადა თანხმობა.

14 მაისი:
„პოლონელები და რუმინელები აცხადებენ, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაატარებენ წითელ არმიას“ (მ. ლიტვინოვის ტელეგრამა ჟენევიდან – მოსკოვს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა კომისარიატს).

19 მაისი:
ჰენლაინმა გამოაცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებამ აზრი დაკარგა. რამდენიმე ქალაქში მოხდა სუდეტური გერმანული პარტიის აქტივისტების შეტაკებები ჩეხოსლოვაკიის პოლიციასთან.
პარალელურად, გაიზარდა დაძაბულობა ბერლინსა და პრაღას შორის, გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის საზღვართან მოახდინა ჯარების კონცენტრაცია. რაიხსმინისტრმა ი. რიბენტროპმა ბერლინში ჩეხოსლოვაკიის დესპანი ვ. მასტნი გააფრთხილა გერმანიის არმიის მზადყოფნის შესახებ, ნებისმიერ მომენტში შეიჭრას ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე, თითქოს-და გერმანული დიასპორის დაცვის მიზნით.

20 მაისი:
ჩეხოსლოვაკიის საკავშირო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ე. ბენეშმა 180 ათასი რეზერვისტის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. „მაისის კრიზისის“ დასაწყისი.

26 მაისი:
ჰენლაინმა განაახლა მოლაპარაკებები ჩეხოსლოვაკიის მთავრობასთან. „მაისის კრიზისის“ დასასრული.

30 მაისი:
ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიასთან ომის გეგმის (Plan „Grün“) დამტკიცება და ბრძანების გაცემა, რომ ეს გეგმა არაუგვიანეს 1938 წლის 1-ლი ოქტომბრისა უნდა განხორციელებულიყო.

13 ივნისი:
ჩეხოსლოვაკიაში სსრ კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ს. ალექსანდროვსკის საუბრიდან ს. კროფტასთან: „…საფრანგეთი გაძლიერებულ ზეწოლას ახორციელებს ჩეხოსლოვაკიაზე, როდესაც ითხოვს ჰენლაინთან მოლაპარაკებების გადამჭრელ დაჩქარებას, სუდეტელი გერმანელებისთვის შორს მიმავალი დათმობების გასაკეთებლად, ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუციის ფარგლებში. …პოლონეთი თითქმის სრულებით არ მალავს იმას, რომ შეუძლია ჩეხოსლოვაკიაზე ასეთ თავდასხმაში მონაწილეობის მიღება, პოლონეთის სასარგებლოდ ჩეხოსლოვაკიისგან ტერიტორიის ნაწილის ჩამოჭრის მიზნით“.

22 ივლისი:
ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ თანხმობა გამოაცხადა, სუდეტური მხარისათვის ავტონომიის მინიჭების მზადყოფნის შესახებ.

3 აგვისტო:
პრაღაში ინგლისელი ლორდი რენსიმენი ჩადის, ჩეხოსლოვაკიის მთავრობასა და სუდეტელ გერმანელებს შორის ავტონომიის საკითხზე მომრიგებლის უფლება-მოსილებით.

22 აგვისტო:
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარი მ. ლიტვინოვი მოსკოვში გერმანიის ელჩს ვ. ფონ შულენბურგს უცხადებს, რომ მოსკოვი ჩეხოსლოვაკიას აგრესიის შემთხვევაში დაეხმარება და „თავის დანაპირებს შეასრულებს“.

აგვისტოს ბოლო დღეები:
მოსკოვში გაიმართა კონსულტაციები ჩეხოსლოვაკიის საჰაერო შეიარაღებული ძალების სარდალ იაროსლავ ფაიფრთან, საბჭოთა და ჩეხოსლოვაკურ სამხედრო-საჰაერო ძალებს შორის უშუალო თანამშრომლობის თაობაზე. საბჭოთა კავშირის დახმარებით შემუშავებულ იქნა ჩეხოსლოვაკიის თავდაცვის გეგმა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სსრ კავშირი ჩეხოსლოვაკიაში გააგზავნიდა 700 გამანადგურებელს პირობით, რომ მათთვის მომზადდებოდა შესაფერისი აეროდრომები, რომელთაც ჩეხები და სლოვაკები თავიანთი საზენიტო არტილერიით დაიცავდნენ.

1-ლი სექტემბერი:
ჰენლაინის მონაწილეობა ბავარიულ ბერხტესგადენში, „მესამე რაიხის“ ხელმძღვანელობასთან გამართულ თათბირში. ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ ჰენლაინს უბრძანა, უარი ეთქვა ლორდ რენსიმენის ყველა კომპრომისულ შემოთავაზებაზე და ჩეხოსლოვაკიისგან სუდეტური მხარის გერმანიისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა მოეთხოვა.

2 სექტემბერი:
მ. ლიტვინოვმა ტელეგრამით აცნობა საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან წარმომადგენელს პრაღაში: „…იმ შემთხვევაში, თუკი საფრანგეთი გასწევს დახმარებას, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, შევასრულოთ საბჭოთა-ჩეხოსლოვაკურ პაქტში ჩადებული ყველა ჩვენი ვალდებულება , საამისოდ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება. თუკი პოლონეთი და რუმინეთი ამჟამად ქმნიან სირთულეებს, მათი ქცევა, განსაკუთრებით – რუმინეთის, შეიძლება შეიცვალოს, თუკი ერთა ლიგა გამოიტანს აგრესიის შესახებ დადგენილებას“.
იმავე ლიტვინოვმა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებს გაუგზავნა წერილი შემდეგი შეთავაზებებით:

1 – დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას სსრ კავშირის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თათბირი, სამი სახელმწიფოს სახელით გამოქვეყნდეს დეკლარაცია, რომელშიც გამოთქმული იქნება გაფრთხილება, რომ თუკი გერმანია ჩეხოსლოვაკიის მიმართ განახორციელებს აგრესიას, ამ უკანასკნელს გაეწევა დახმარება;
2 – დაუყოვნებლივ გაეგზავნოს მიმართვა ერთა ლიგას მისი წესდების მე-11 მუხლის საფუძველზე, ჩეხოსლოვაკიის მიმართ გერმანული აგრესიის ფაქტის კონსტატაციისათვის;
3 – მოწვეულ იქნას საბჭოთა კავშირის, საფრანგეთისა და ჩეხოსლოვაკიის გენერალური შტაბების წარმომადგენლების თათბირი, სამი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის პრაქტიკული ურთიერთქმედების საკითხების გადასაწყვეტად, აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წარსამართად.

7 სექტემბერი:
სუდეტელი გერმანელების შეიარაღებული შეტაკებები ჩეხოსლოვაკურ პოლიციასთან და ჯარებთან, მორავსკა-ოსტრავაში. ჰენლაინმა კვლავ შეწყვიტა მოლაპარაკებები ჩეხოსლოვაკურ მთავრობასთან.

13 სექტემბერი:
სუდეტეთში გერმანული ჯანყი მოხდა. პრეზიდენტმა ე. ბენეშმა სუდეტურ მხარეში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და ჯარს სეპარატისტული გამოსვლების ჩახშობა უბრძანა.  ჰენლაინმა, თავის მხრივ, ჩეხოსლოვაკიის მთავრობას წარუდგინა მოთხოვნა, სუდეტეთში სამხედრო მდგომარეობის გაუქმების, ჯარების გაყვანისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციების ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ. ულტიმატუმის შესრულების ვადა – ექვსი საათი.

15 სექტემბერი:
ჩეხოსლოვაკიის ჯარებმა სუდეტური გერმანული პარტიის აქტივისტების მიერ წამოწყებული პუტჩი ჩაახშეს, ჰენლაინი გერმანიაში გაიქცა.
ამავე დღეს ნევილ ჩემბერლენი ადოლფ ჰიტლერს შეხვდა ბერხტესგადენში. დიდი ბრიტანეთის პრემიერი პრინციპულად დაეთანხმა გერმანიის მოთხოვნას, რომ „რაიხს“ გადასცემოდა ჩეხოსლოვაკიის მოსაზღვრე ტერიტორიები, ოღონდ თხოვნით, რომ სამხედრო მოქმედებები გადადებულიყო, რათა მომხდარიყო საკითხის შეთანხმება ბრიტანული კაბინეტის წევრებთან, პარიზთან და ლორდ რენსიმენთან.

16 სექტემბერი:
რენსიმენმა მოხსენება წარუდგინა ბრიტანულ მთავრობას, ჩეხოსლოვაკიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მხარდაჭერა გამოხატა სუდეტური მხარის გერმანიისთვის გადაცემის მიმართ, პლებისციტის ჩატარების გარეშე.

18 სექტემბერი:
ლონდონში ჩემბერლენი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ დალადიეს შეხვდა, საფრანგეთისვე საგარეო მინისტრ ბონესთან ერთად. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩეხოსლოვაკიის მთავრობისადმი ერთობლივი მიმართვის გაკეთების თაობაზე.

19 სექტემბერი:
დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებმა პრეზიდენტ ბენეშს გადასცეს ერთობლივი ნოტა, ტექსტით: „… აუცილებელია გერმანიისათვის სუდეტელი გერმანელებით უპირატესად დასახლებული რაიონების დათმობა, საერთო-ევროპული ომის თავიდან აცილების მიზნით..“
პრეზიდენტმა ბენეშმა მოსკოვს მიმართა, ოფიციალური შეკითხვით: ა) საფრანგეთის მხრივ სამოკავშირეო ვალდებულებებისადმი ერთგულების შემთხვევაში გაუწევდა თუ არა მოსკოვი დახმარებას პრაღას, ასეთივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ბ) დაეხმარებოდა თუ არა სსრკ ჩეხოსლოვაკიას, როგორც ერთა ლიგის წევრი?

20 სექტემბერი:
საბჭოთა მთავრობამ დიპლომატიური არხებით ბენეშს დადებითი პასუხი გაუგზავნა მის ამ შეკითხვებზე.

21 სექტემბერი:
გერმანია-ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე მასშტაბური სამხედრო შეტაკება მოხდა. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დიპლომატიური დემარში მოუწყეს არა ნაცისტურ გერმანიას, არამედ ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობას პრაღაში, თავიანთი ელჩების მეშვეობით. ელჩებმა ჩეხებსა და სლოვაკებს მოუწოდეს, გადაეცათ გერმანიისათვის სადავო ტერიტორიები და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია – უარი ეთქვათ მოსკოვთან ხელშეკრულებაზე. „ეს ერთადერთი საშუალებაა, თავიდან იქნას აცილებული აგრესია“ – ნათქვამი იყო ნოტაში.
ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო დათმობაზე და გერმანიისათვის სუდეტეთი გადაეცა.
ჟენევაში შემდგარი ერთა ლიგის სხდომაზე ლიტვინოვმა საბჭოთა მთავრობის სახელით გაავრცელა წინადადება, სასწრაფოდ ყოფილიყო მოწვეული ევროპული სახელმწიფოების თათბირი, სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიის საკითხზე კოლექტიური ზომების შემუშავების მიზნით.

22-23 სექტემბერი:
ნ. ჩემბერლენის შეხვედრა ა. ჰიტლერთან ბად-გოდესბერგში (გერმანია). „გოდესბერგის მემორანდუმის“ ხელმოწერა. ამ დოკუმენტში რაიხსკანცლერმა მოითხოვა ჩეხოსლოვაკიის მხრიდან ტერიტორიების დათმობა არა მხოლოდ გერმანიის, არამედ პოლონეთისა და უნგრეთის სასარგებლოდაც, ასევე სუდეტურ მხარეში გერმანიის ჯარების შეყვანა არაუგვიანეს 1938 წლის 1-ლი ოქტომბრისა. ჰიტლერის მოთხოვნა ასევე ვრცელდებოდა ჩეხოსლოვაკიის იმ ტერიტორიების თვითგამორკვევაზე პლებისციტის გზით, სადაც გერმანელები მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენდნენ.

24 სექტემბერი:
„გოდესბერგის მემორანდუმი“ ოფიციალურ პრაღას ოფიციალურმა ლონდონმა გადასცა დიპლომატიური არხების საშუალებით.

25 სექტემბერი:
ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკამ უარჰყო „გოდესბერგის მემორანდუმი“.
ჰიტლერმა სიტყვა წარმოსთქვა „შპორტპალასტში“ და მოითხოვა, რომ სუდეტის მხარე გერმანიას გადასცემოდა არაუგვიანეს 1-ლი ოქტომბრისა, სხვა შემთხვევაში, გერმანია ამას ძალით მოიპოვებდა. რაიხსკანცლერმა ამასთან განაცხადა, რომ თუკი სუდეტელი გერმანელების პრობლემა მოგვარდებოდა, იგი შემდგომ ტერიტორიულ მოთხოვნებს აღარ წაუყენებდა ევროპას.

27 სექტემბერი:
აშშ პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა მიმართა ჰიტლერს, ჩეხოსლოვაკიის საკითხთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარის კონფერენციაზე მოწვევის თაობაზე. პრეზიდენტი რუზველტი ამგვარი კონფერენციის აუცილებლობას ასაბუთებდა მიზნით, რომ გამოძებნილიყო „პრაქტიკული ღონისძიებები აგრესიის თავიდან ასაცილებლად“ და კოლექტიური ძალებით მომხდარიყო „მშვიდობის გადარჩენა“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ჩემბერლენმა კი იტალიის ფაშისტ ლიდერ მუსოლინის მიმართა თხოვნით, ემოქმედა როგორც შუამავალს, დაერწმუნებინა ჰიტლერი, რომ სუდეტეთში შეჭრა გადაედო. ბენიტო მუსოლინი ტელეფონით დაუკავშირდა ჰიტლერს, რის შედეგადაც „ფიურერმა“ მიუნხენში მიიწვია მუსოლინი, ჩემბერლენი და დალადიე, ჩეხოსლოვაკიის საკითხზე კონფერენციის გამართვის მიზნით.

ამავე დღეს პოლონეთის დესპანმა ჩეხოსლოვაკიაში, კ. პაპემ პრეზიდენტ ბენეშს გადასცა ვარშავის ულტიმატუმი პოლონეთისათვის ტეშინის სილეზიის დათმობასთან დაკავშირებით.

29-30 სექტემბერი:
მიუნხენში გაიმართა კონფერენცია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერების მონაწილეობით, გერმანია-ჩეხოსლოვაკიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. მიღწეული შეთანხმების ძალით, 1938 წლის 1-10 ოქტომბრის ვადებში უნდა მომხდარიყო ჩეხოსლოვაკიის მიერ გერმანიის „რაიხისთვის“ ტერიტორიული დათმობების განხორციელება: სუდეტის მხარის გადაცემა ამ ტერიტორიებზე განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობით, სიმაგრეებით, ფაბრიკა-ქარხნებით, ნედლეულის მარაგებით, გზებით და ა. შ.); გარდა ამისა, ჩეხოსლოვაკიას 3 თვის მანძილზე პოლონეთისა და უნგრეთისთვის უნდა დაეთმო შესაბამისი სადავო ტერიტორიები. ამის შემდეგ მიუნხენის კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოები იძლეოდნენ „გარანტიებს“ ჩეხოსლოვაკიის მიმართ დაუსაბუთებელი აგრესიის წინააღმდეგ.
ჩეხოსლოვაკიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიუნხენში ხელი მოაწერეს სუდეტეთის დათმობას გერმანიის სასარგებლოდ.

30 სექტემბერი:
ვარშავამ პრაღას გაუგზავნა მეორე ულტიმატუმი, რომლის მიხედვით, მეორე დღეს, 1938 წლის 1-ლ ოქტომბერს, შუადღემდე, პოლონეთს ჩეხოსლოვაკიის მთავრობისგან უნდა მიეღო თანხმობა, ტეშინის სილეზიის რაიონის პოლონეთისთვის ეტაპობრივი, 10-დღიან ვადაში გადაცემის თაობაზე.

1-ლი ოქტომბერი:
ვერმახტის ნაწილებმა მოახდინეს სუდეტეთის ოკუპაციას. ამ ოკუპაციის შედეგად, ჩეხოსლოვაკიამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 1/5, დაახლოებით 5 მილიონი მოსახლე, ასევე საწარმოო დაწესებულებების 33%.
პრაღამ ასევე მიიღო პოლონეთის 30 სექტემბრის ულტიმატუმი.

2 ოქტომბერი:
საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტომ (ТАСС) გაავრცელა განცხადება, რომ საბჭოთა მთავრობას „არ ჰქონდა და არ აქვს არავითარი კავშირი მიუნხენის კონფერენციასთან და მის გადაწყვეტილებებთან“.

4 ოქტომბერი:
საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს ცნობა: „ადგილი არ ჰქონია არავითარ თათბირებს და მით უმეტეს, შეთანხმებებს საბჭოთა კავშირის, საფრანგეთისა და ინგლისის მთავრობებს შორის, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ბედზე და აგრესორისადმი დათმობებზე. არც საფრანგეთს, არც ინგლისს არ ჩაუტარებიათ კონსულტაციები საბჭოთა კავშირთან, მათ მხოლოდ აცნობეს საბჭოთა კავშირის მთავრობას მომხდარი ფაქტების შესახებ“.

Рекомендуем