კაზარიანი აშოტ ვაგარშაკის ძე – DidiSamamulo.Ge

კაზარიანი აშოტ ვაგარშაკის ძე

by SuperUser
A+A-
Reset

დაიბადა 1919 წელს სოფელ ჩიფტ-ქილისაში, წალკის რაიონი. სკოლაში თბილისში დადიოდა. 1939 წელს კი ჯარში გაიწვიეს, თბილისის სამხედრო კომისარიატის მეშვეობით. იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთის, კალინინის, დასავლეთის, 1-ლ ბალტიისპირა, მე-3 ბელორუსულ ფრონტებზე. ოთხჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ ოთხჯერვე მწყობრში ჩადგა და ბრძოლა განაგრძო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორი ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს. გარდაიცვალა 1995 წელს ერევანში.

აშოტ კაზარიანი ტანკისტი გახლდათ, თავისი ბრძოლისუნარიანობა წალკელმა მებრძოლმა განსაკუთრებით 1945 წლის იანვარში, აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორიაზე გამოავლინა, გვარდიის კაპიტნის რანგში, როდესაც სატანკო ბატალიონს ხელმძღვანელობდა (117-ე სატანკო ბრიგადა, მე-3 ბელორუსიის ფრონტი). კაზარიანის ბატალიონმა 17-იდან 23 იანვრამდე ბრძოლებით 150 კილომეტრი განვლო და ათასამდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამ ხუთი დღის განმავლობაში საბჭოთა ტანკისტებმა მტრის 30 ტანკი და თვითმავალი ქვემეხი, 86 სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, 41 მინმტყორცნი, 39 ტყვიამფრქვევი, 1400 ტვირთი, 70 ჯავშანტრანსპორტიორი, 215 მოტოციკლეტი, 300-მდე გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი მოსპეს.

კაზარიანის ბატალიონის დიდი მიღწევაა ტყვეთა ორი ბანაკის ანუ 660 სამხედრო ტყვის გათავისუფლება. აღმოსავლეთ პრუსიაში ნაცისტებს ათობით ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი, სადაც საბჭოთა ტყვეები ჰყავდათ შეყრილი. უკან დახევისას გერმანელები ცდილობდნენ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლას, ისინი ამ ბანაკებს წვავდნენ, ხოლო ტყვეებს ხვრეტდნენ. ერთადერთი, რაც ტყვეებს იხსნიდა, იყო საბჭოთა ჯარების შეტევების დიდი სისწრაფე, საბჭოთა ტანკების მოულოდნელი გამოჩენა მტრის ზურგში. კაზარიანის მეთაურობით, ბატალიონმა ამ ამოცანას თავი სამაგალითოდ გაართვა.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე მამაცი მეთაური თვით სახელგანთქმულმა მარშალმა, მე-3 ბელორუსიის ფრონტის სარდალმა ა. ვასილევსკიმ წარადგინა. მარშლის რელაციაში ნათქვამია: „ამხანაგი კაზარიანი დაიჭრა, მაგრამ ამოცანის შესრულებამდე მწყობრში დარჩა. იმის გამო, რომ მას აქვს უნარი, მცირე ძალებით მოიპოვოს გამარჯვება, პირადი სიმამაცისა და გმირობისათვის, ამხ. კაზარიანი იმსახურებს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას“.

Рекомендуем