“ილიუშა” – მარტივი, საიმედო და ეფექტური რუსული თვითმფრინავი, რომელმაც გერმანული ტანკების ბედი გადაწყვიტა – DidiSamamulo.Ge

“ილიუშა” – მარტივი, საიმედო და ეფექტური რუსული თვითმფრინავი, რომელმაც გერმანული ტანკების ბედი გადაწყვიტა

by SuperUser
A+A-
Reset

1940 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული საბჭოთა მოიერიშე თვითმფრინავის, “ილიუშინ 2”-ის (Ил-2) პირველი საცდელი ფრენა შედგა. თვითმფრინავს სახელგანთქმული პილოტი ვლადიმირ კოკინაკი მართავდა. “ილ-2” მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მასობრივი თვითმფრინავი გახდა და, როგორც ისტორიკოსები მიიჩნევენ, ვერმახტზე გამარჯვებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

თავისი დროის კვალობაზე, “ილ-2” აღჭურვილი იყო საკმაოდ სოლიდური შეიარაღებით, რაც მას საშუალებას აძლევდა, ყველა ტიპის სამიზნე გაენადგურებინა. მაღალი საბრძოლო მახასიათებლების გამო გერმანელებმა ილიუშინის ქმნილებას “შავი სიკვდილი” შეარქვეს. ექსპერტების მტკისებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, ამ ხარვეზებს გადასწონიდა თვითმფრინავის მაღალი საიმედოობა და მფრინავთა ოსტატობა.

საბჭოთა ინდუსტრიამ ჯამში 36 ათასი “ილ-2” გამოუშვა. თავდაპირველად ერთადგილიან მოიერიშეებს უშვებდნენ, მაგრამ საბჭოთა წარმოებამ მალე ორადგილიანი “ილიუშინების” გამოშვებაც შეძლო, რაც ამ თვითმფრინავის საბრძოლო შესაძლებლობებს ზრდიდა.

სერგეი ვლადიმირის ძე ილიუშინის დიდი საკონსტრუქტორო მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ მან შეძლო, ჯავშანი არა მხოლოდ დაცვის მიზნით, არამედ პლანერის ჩვეულებრივი კარკასის ნაცვლადაც გამოეყენებინა, რამაც საბრძოლო მანქანის წონა მნიშვნელოვნად შეამცირა.

მოიერიშე “ილ-2” 23-მილიმეტრიანი МП-6 და ВЯ-23 ლულებით აღჭურვა, ხოლო მისი ბომბების დატვირთვა 400-600 კილოგრამის ფარგლებში ფასდებოდა. თავდაცვის მიზნით, სასროლი იარაღის გარდა, თვითმფრინავის ეკიპაჟს შეეძლო საავიაციო ნაღმების გამოყენებაც, რომლებიც პარაშუტებით იყრებოდა.

ერთადგილიანი Ил-2-ის სიგრძე 11,6 მეტრი იყო, ფრთების სიგანე 14,6 მ., ასაფრენი მასა 5,31 ტონა, მაქსიმალური სიჩქარე 433 კმ/სთ, ფრენის სიმაღლე – 7800 მ, ფრენის მანძილი – 658 კმ. მოიერიშეს უყენებდნენ 1575 ცხენის ძალის АМ-38 დგუშიან ძრავს. თავდაპირველად ერთადგილიანი თვითმფრინავები იწარმოებოდა ეკონომიის მიზნით, მაგრამ მალე სახელმწიფომ შეძლო ორადგილიანების გამოშვებაც. ეკიპაჟის მეორე წევრი მსროლელი-რადისტი იყო, რომელიც უკანა კაბინაში უკანა ნახევარსფეროს დასაცავად იჯდა.

კონსტრუქტორ ილიუშინის ქმნილებამ მაღალი ეფექტურობა აჩვენა ყველა ტიპის სახმელეთო და საწყლოსნო ობიექტებთან ბრძოლაში. მოიერიშეების იოლი მსხვერპლი ხდებოდა მოწინააღმდეგის ქვეითი შენაერთები, სატრანსპორტო საშუალებები, ხიდები, საზღვაო არტილერია და გემები. ომის პირველ წლებში “ილ-2” ვერ ანადგურებდა გერმანულ ტანკებს, მაგრამ ვითარება შეიცვალა 1943 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ივან ლარიონოვის ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბების – ПТАБ-2,5—1,5-ების გამოშვება დაიწყო. მიუხედავად ამ ბომბების მოკრძალებული მასისა (1,37 კგ), ისინი შანსს არ უტოვებდნენ მძიმე გერმანულ ტანკებს “ვეფხვსა” და “პანტერას”. ლარიონოვის ბომბები გერმანელებს პირველად 1943 წლის კურსკის ბრძოლისას დააყარეს. “ილიუშინის” პილოტები დაბომბვის ეფექტს აძლიერებდნენ, როდესაც ქმნიდნენ საცეცხლე ზოლს 15 მეტრის სიგანითა და 70 მეტრის სიგრძით, ბომბების 75-100 მეტრის სიმაღლიდან ჩამოყრისას.

ამის შემდეგ გერმანული ტანკებისთვის მთავარ საფრთხედ სწორედ “ილიუშინების” ესკადრილიები იქცა, რადგან საბჭოთა ქვემეხები პირდაპირი სროლისას ვერ ძლევდნენ ტანკების ჯავშანს, თვითმფრინავებმა კი ეს ფუნქცია წარმატებით იტვირთეს.

თუკი გერმანელები “ილიუშინის” თვითმფრინავებს სიძულვილისგან “შავ სიკვდილს”, “ჭირს”, “მფრინავ ტანკსა” და “ბეტონის თვითმფრინავს” ეძახდნენ, საბჭოთა ჯარისკაცები მათ პირიქით, მოფერებით “ილიუშას” უწოდებდნენ.

“ილიუშა”, როგორც ეს ნამდვილ რუსულ იარაღს შეშვენის, მარტივად დასამზადებელი და მოსახმარებელი იყო, მის ეფექტურ საბრძოლო მახასიათებლებთან ერთად. ამიტომაც შეძლო საბჭოთა ინდუსტრიამ ამ თვითმფრინავის მასობრივი წარმოება უმოკლეს ვადებში და თან მათი მასობრივი რემონტის აწყობაც. “ილიუშინი” განსაკუთრებით საიმედო და კარგად დაცული თვითმფრინავი იყო, თავისი ჯავშნით.

თვითმფრინავის დაჯავშნულ კორპუსს უშვებდნენ პოდოლსკის, ლენინგრადის, სტალინგრადის, ზაპოროჟიესა და ნიჟნი ნოვგოროდის ქარხნებში. მარტივმა და საიმედო თვითმფრინავმა მრავალი საბჭოთა მებრძოლის – პილოტის სიცოცხლე იხსნა, არაერთ ექსტრემალურ ვითარებაში. მფრინავები მადლობის წერილებს წერდნენ კონსტრუქტორ ს. ილიუშინს.

Рекомендуем