SS -ის გენერალის და ადოლფ აიხმანის თანამზრახველის ფრანც-იოზეფ ჰუბერის სინდისზეა ათეულ ათასობით ებრაელის სიკვდილი. მაგრამ ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურმა, CIA -იმ იგი, დასჯის ნაცვლად, ჯაშუშად გამოიყენა.
ეს ამბავი ახლახან გახდა ცნობილი, შესაბამისი ამერიკული და გერმანული არქივების გახსნის შემდეგ: მასობრივი მკვლელი „კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ ფარგლებში ჯაშუშად ამუშავეს. განა რა სარგებელი მოუტანა მან ასეთი, ამერიკულ დაზვერვას, რომელიც მის დანაშაულებს გადასწონიდა? – არც არანაირი!
გერმანიის მიერ 1938 წელს ავსტრიის ანექსიის შემდეგ, ჰუბერი ავსტრიის უდიდესი ნაწილის (დედაქალაქ ვენის ჩათვლით) საიდუმლო პოლიციის – გესტაპოს შეფი გახდა. მან დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ „არასასურველი… ებრაელები დაუყოვნებლივ იქნან დაპატიმრებულნი და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებულნი“.
დახაუს ბანაკი ჯერ კიდევ 1933 წელს გაიხსნა. წლების განმავლობაში ჰუბერის პოლიცაი ვენაში ებრაელების შეგროვებითა და მათი დახაუში და სხვა ბანაკებში სწრაფი გადაყვანით იყო დაკავებული. ამის შესახებ პროფესორმა მოშე ციმერმანმა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან, „ნიუ იორკ ტაიმსს“ განუცხადა. ჰუბერის სინდისზეა ათეულ ათასობით ადამიანის სიკვდილი.
ასეთი ტარტაროზი 1975 წლამდე დაუსჯელად ცხოვრობდა, პენსიასაც იღებდა მიუნხენში. სამოციანი წლების შუა ხანებიდან ამერიკელებმა ჰუბერი დაითხოვეს, რადგან თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით მცხოვრები ნაცისტი დამნაშავის მხილების საფრთხე გაიზარდა. მაგრამ ვინაიდან ამ შემთხვევაში ჰუბერის დათხოვნა დაუსაბუთებელი რჩებოდა, მას პენსია დაენიშნა.
„ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ეს რეალურად სამარცხვინო ფაქტია, რომ ჰუბერი მშვიდად ცხოვრობდა თავისი საკუთარი გვარით და სახელით“ – აღნიშნა ისრაელის ბარ-ილანის პროფესორმა შლომო შაპირომ. ავსტრიის გესტაპოს შეფი 1975 წელს, თავისი სიკვდილით, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

