რას ფიქრობს 21-ე საუკუნის გერმანიის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის პასუხისმგებლობაზე მეორე მსოფლიო ომის და, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მიმართ აგრესიის დაწყების თაობაზე? გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ინტერვიუ მისცა გაზეთ Die Rheinische Post-ს, რომელშიც, სხვადასხვა აქტუალურ პრობლემასთან ერთად, საუბარი შეეხო გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს. ისტორიის საკითხზე შტაინმაიერმა სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანული საზოგადოების პრინციპი კვლავინდებურად იქნება – “nie wieder” – “აღარასოდეს”, რაც გერმანიის მხრიდან ოდესმე ფაშიზმისა და აგრესიის გამეორების შესაძლებლობის გამორიცხვას გულისხმობს. რუსეთთან ურთიერთობები, რიგი ფაქტორების გამო, დღესდღეობით გართულებულია – აღნიშნა მან, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია გერმანია-რუსეთის კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ გერმანიას თავისი ისტორიის განსაკუთრებულობა ახასიათებს:
“ჩვენთვის, გერმანელებისთვის, კიდევ ერთი განსაკუთრებული განზომილებაა მნიშვნელოვანი: ჩვენ გვახსოვს რუსეთთან ურთიერთობის ძალიან მდიდარი და განსხვავებული მოვლენების შემცველი ისტორია. იყო ნაყოფიერი პარტნიორობის ფაზები, მაგრამ უფრო მეტად იყო საშინელი სისხლისღვრაც. 22 ივნისს 80 წელი გადის მას შემდეგ, რაც გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა ამ ომში 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაკარგა. ეს არ ამართლებს რუსეთის არასწორ პოლიტიკას დღეს, მაგრამ ეს მთლიანი სურათი მხედველობიდან არ უნდა დავკარგოთ. დიახ, ჩვენ რთული ურთიერთობების აწმყოში ვცხოვრობთ, მაგრამ არის ასევე წარსული და ასევე მომავალი” – აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ინტერვიუში 6 თებერვალს.
