გამოჩენილი რუსი სარდლები იოსებ სტალინის სამხედრო ნიჭსა და დამსახურებებზე – DidiSamamulo.Ge

გამოჩენილი რუსი სარდლები იოსებ სტალინის სამხედრო ნიჭსა და დამსახურებებზე

by SuperUser
A+A-
Reset

1879 წლის 21 დეკემბერს გორში დაიბადა გენიალური ქართველი – იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, შემდგომში – სტალინი.
იოსებ სტალინის პიროვნული ღვაწლი ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ფინეთის და მილიტარისტული იაპონიის დამარცხებაში უდიდესია. სტალინი პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომისა და დიდი სამამულო ომის როგორც წარუმატებლობებზე, მარცხებზე და დანაკარგებზე, ისე საბოლოო გამარჯვებაზე. დიახ, სტალინი არის გამარჯვების კონკრეტული ავტორი.

სტალინი 1941 წლის ივნისში ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღიდან ხელმძღვანელობდა ომს. 23 ივნისს სტალინი შევიდა უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის – „სტავკის“ შემადგენლობაში, ხოლო 10 ივლისიდან მისი მეთაური გახდა. 19 ივლისიდან 1947 წლის მარტამდე თავდაცვის სახალხო კომისრის (მინისტრის) პოსტსაც ითავსებდა, ხოლო 1941 წლის 8 აგვისტოდან 1945 წლის სექტემბრამდე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ. 1945 წელს მიიღო გენერალისიმუსის ტიტული და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

სტალინის ხელში კონცენტრირებული აღმოჩნდა სამხედრო ძალაუფლება, მაგრამ იგი ასევე უწყვეტად უძღვებოდა საბჭოეთის საგარეო პოლიტიკას და ამავე დროს, მას არც ეკონომიკასა და საშინაო პოლიტიკაზე ზრუნვა შეუნელებია – ყველაფერთან ერთად ხომ, სტალინს მინისტრთა საბჭოს (1946 წლამდე – სახალხო კომისართა საბჭოს) თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

მაინც რაში მდგომარეობს სტალინის გენიალურობა და როგორ გაართვა მან თავი ურთულეს ამოცანას – ერთდროულად, უშუალოდ ეხელმძღვანელა სამხედროებისთვის, დიპლომატებისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების სპეციალისტებისთვის? და, თან, დრო რჩებოდა არქიტექტურაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე ფიქრისა და ზრუნვისათვის!..

ამ მხრივ ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ შეიძლება სტალინის თანამედროვე გამოჩენილი რუსი (საბჭოთა) სამხედროების რამდენიმე ციტატი მოვიტანოთ, რომლებიც სტალინის უნიკალურ თვისებებს უფრო გასაგებს ხდის.

გიორგი ჟუკოვი (1896 – 1974) – წითელი არმიის გენერალური შტაბის უფროსი, უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, თავდაცვის კომისრის პირველი მოადგილე, სსრ კავშირის მარშალი: “შეუძლებელი იყო სტალინთან ისეთი მოხსენებით მისვლა, რომელიც, დავუშვათ, შეიცავდა ისეთ რუკას, სადაც თუნდაც უმნიშვნელოდ არსებობდა “თეთრი ლაქები”. ასევე შეუძლებელი იყო სტალინისთვის საორიენტაციო, მით უმეტეს – გაზრდილი მონაცემების მიწოდება. ი. ბ. სტალინი ვერ იტანდა ვარაუდიდან გამომდინარე პასუხებს, ითხოვდა ამომწურავ სისავსესა და სიცხადეს. მას ჰქონდა რაღაცნაირი განსაკუთრებული ამოცნობის უნარი და დაუყოვნებლივ პოულობდა მოხსენებებსა და დოკუმენტებში არსებულ სუსტ ადგილებს, იგი მკაცრად სთხოვდა ამისთვის პასუხს დამნაშავეებს”.

იგივე ჟუკოვი წერს: “სტრატეგიულ საკითხებში სტალინი ომის დაწყებიდანვე ერკვეოდა. სტრატეგია მისი პოლიტიკის ჩვეულ სფეროსთან ახლოს იდგა; და, რაც უფრო პირდაპირ ურთიერთქმედებაში მოდიოდა პოლიტიკურ საკითხებთან სტრატეგიის საკითხები, მით უფრო მყარად გრძნობდა იგი თავს… საკუთარმა ჭკუამ და ნიჭმა მას ომის მსვლელობისას მისცა შესაძლებლობა, ოპერატიულ ხელოვნებას იმდენად დაუფლებოდა, რომ თავისთან ფრონტების მეთაურები გამოეძახა და მათთან ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული თემები განეხილა. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც ადამიანმა, რომელიც ამ საკითხებში თავის ქვეშევრდომებზე არანაკლებად, ხშირად კი უკეთესად ერკვევა. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც იგი თავად პოულობდა და ასახელებდა საინტერესო ოპერატიული გადაწყვეტის გზებს”.

ჟუკოვი აგრძელებს: “ი. ბ. სტალინი საფრონტო ოპერაციების საკითხებს ფლობდა და მათ საქმის სრული ცოდნით უძღვებოდა. მას შეეძლო სტრატეგიულ მდგომარეობაში მთავარი რგოლი ეპოვნა და მას მტრის საწინააღმდეგოდ, ამა თუ იმ შეტევითი ოპერაციის განხორციელებისას გამოიყენებდა. ეჭვს გარეშეა, რომ სტალინი ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი იყო. გარდა ამისა, ოპერაციების უზრუნველყოფაში, სტრატეგიული რეზერვების შექმნაში, საომარი ტექნიკის წარმოების ორგანიზებაში და, საერთოდ, ყველაფერი იმის თავმოყრაში, რაც ფრონტს სჭირდება, ი. ბ. სტალინმა, პირდაპირ ვიტყვი, თავი გამოავლინა უდიდეს ორგანიზატორად. უსამართლობა იქნება, ჩვენ რომ მას ჯეროვანი პატივი არ მივაგოთ ამის გამო”.

ალექსანდრ ვასილევსკი (1895 – 1977) – ოპერატიული მართვის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, მოსკოვის კონტრშეტევის ორგანიზატორი, გენერალ-ლეიტენანტი: “სტალინზე, როგორც ომის წლების სამხედრო ხელმძღვანელზე, აუცილებელია სიმართლის დაწერა. იგი არ იყო სამხედრო ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა გენიალური ტვინი. მას შეეძლო საქმის არსში ღრმად შეღწევა და სამხედრო გადაწყვეტის კარნახი”. … “თუკი სტალინი რაიმით უკმაყოფილო იყო, ხოლო ომში, განსაკუთრებით, მის დასაწყისში, საამისო მიზეზი ბევრი იყო, მას შეეძლო ადამიანი მკვეთრი ფორმით და უსამართლოდ გაელანძღა. მაგრამ ომის მსვლელობისას იგი შესამჩნევად შეიცვალა. ჩვენს, გენშტაბის მუშაკებისა და თავდაცვის სახალხო კომისარიატის მთავარი სამმართველოების მიმართ, ფრონტების სარდლების მიმართ, იგი უფრო თავშეკავებული, მშვიდი გახდა – მაშინაც კი, როდესაც ფრონტზე რაიმე ცუდი ხდებოდა. მასთან შეხვედრა ბევრად უფრო მარტივი გახდა, ვიდრე უწინ იყო. როგორც ჩანს ომმა, მისმა ზიგზაგებმა, ჩვენმა წარუმატებლობებმა და წარმატებებმა სტალინის ხასიათზე იმოქმედეს”.

ვასილევსკი აგრძელებს: “მე კარგი ურთიერთობები მქონდა ნ. ს. ხრუშჩოვთან ომის დასრულების პირველ წლებში, მაგრამ ეს ურთიერთობები შემეცვალა მას შემდეგ, რაც მე მხარი არ დავუჭირე ხრუშჩოვის მტკიცებებს იმის თაობაზე, თითქოს ი. ბ. სტალინი ვერ ერკვეოდა ოპერატიულ-სტრატეგიულ საკითხებში და არაკვალიფიცირებულად ხელმძღვანელობდა ჯარების მოქმედებებს, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. მე დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეეძლო ხრუშჩოვს ასეთი რამის მტკიცება. როდესაც იგი პარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი და რიგი ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი იყო, ნ. ს. ხრუშჩოვს არ შეეძლო არ სცოდნოდა, რაოდენ მაღალი იყო სტავკისა და სტალინის ავტორიტეტი სამხედრო მოქმედებების წარმოების საკითხებში. მას ასევე არ შეეძლო არ სცოდნოდა, რომ ფრონტების და არმიების სარდლები დიდი პატივით ეპყრობოდნენ სტავკას, სტალინს და აფასებდნენ მათ შეიარაღებულ ბრძოლეში ნაჩვენები განსაკუთრებული კომპეტენტურობისათვის. …ჩემი ღრმა დარწმუნებულობით, ი. ბ. სტალინი …იყო ყველაზე ძლიერი და კოლორიტული ფიგურა სტრატეგიულ სარდლობაში. იგი წარმატებით ახორციელებდა ფრონტების მეთაურობას და შეეძლო არსებითი გავლენა მოეხინა ომში მოკავშირე ქვეყნების წამყვან პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებზე. სტალინთან მუშაობა საინტერესო და თან წარმოუდგენლად ძნელი იყო, განსაკუთრებით, ომის პირველ წლებში. იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა მკაცრ, ძლიერი ნებისყოფის სამხედრო ხელმძღვანელად, რომელსაც ამავე დროს პიროვნული მომხიბვლელობაც არ აკლდა. ი. ბ. სტალინს არა მხოლოდ უზარმაზარი ბუნებრივი გონება ჰქონდა, არამედ საოცრად დიდი ცოდნა. მისი ანალიტიკური აზროვნების შესაძლებლობები პარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს სხდომებზე, თავდაცვის სახელმწიფო ბიუროს სხდომებზე და სტავკაში მუდმივი მუშაობის დროს ჩანდა. სტალინი აუჩქარებლად, ოდნავ მხრებში მოხრილი, დააბიჯებდა და ისე უსმენდა გამომსვლელებს, ხანდახან კითხვას სვამდა, რეპლიკებს აკეთებდა. როდესაც განხილვა მთავრდებოდა, მკაფიოდ აყალიბებდა დასკვნებს, შედეგებს აჯამებდა. მისი დასკვნები არ იყო უხვსიტყვიანი, სამაგიეროდ არ აკლდათ შინაარსობრივი სიღრმე და, როგორც წესი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ან სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის დადგენილების საფუძველი ხდებოდა, ისევე როგორც უმაღლესი მთავარსარდლის დირექტივებსა და ბრძანებებში აისახებოდა”.

კირილ მოსკალენკო (1902 – 1985) – 38-ე და მე-40 არმიების სარდალი, სსრ კავშირის მარშალი: “როდესაც ნიკოლაი ვატუტინმა უმაღლეს [მთავარსარდალ]თან თავისი საუბრის შესახებ მოგვითხრო, მე ვერ ვფარავდი ჩემს გაოცებას იმ სინატიფის გამო, რომლითაც სტავკა აანალიზებდა სამხედრო მოქმედებებს და მე უნებურად აღმომხდა: “რომელი რუკებით ადევნებს თვალს უმაღლესი [მთავარსარდალი] ჩვენს ქმედებებს, თუკი ჩვენზე მეტს ხედავს და ჩვენზე ღრმად იყურება?” ნიკოლაი ფიოდოროვიჩმა გაიღიმა: “ორ- და ხუთათასიანებით უყურებს ფრონტს და ასიათასიანებით – თითოეულ არმიას. იგი იმის უმაღლესია, რომ გვიკარნახოს ჩვენ, შეგვისწოროს შეცდომები…”

ივან (ოვანეს) ბაგრამიანი (1897 – 1982) – 1-ლი ბალტიის და მე-3 ბელორუსიის ფრონტების სარდალი, სსრ კავშირის მარშალი: “ვიცოდი რა სტალინის უზარმაზარი უფლება-მოსილებანი და მისი რკინისებური მმართველობა, მე გაოცებული დავრჩი ხელმძღვანელობის მისეული მანერით. მას შეეძლო მოკლედ ებრძანებინა: “მიეცით კორპუსი! – წერტილი”. მაგრამ, ამასთან, სტალინი დიდი ტაქტითა და მოთმინებით იღვწოდა იმისთვის, რომ შემსრულებელი თავად დარწმუნებულიყო ამ ნაბიჯის აუცილებლობაში. შემდგომში მე, როგორც ფრონტის სარდალს, თავად მიწევდა უმაღლეს მთავარსარდალთან საუბარი და მე დავრწმუნდი, რომ მას თავისი ქვეშევრდომების აზრის მოსმენა შეეძლო. თუკი შემსრულებელი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და საამისოდ მყარი არგუმენტები ჰქონდა, სტალინი თითქმის ყოველთვის უთმობდა”.

ალექსანდრ გოლოვანოვი (1904 – 1975) – შორი მოქმედების ავიაციის სარდალი, მე-18 საჰაერო არმიის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი: “უმაღლესი მთავარსარდალი ი. ბ. სტალინი უმძიმესი მსოფლიო ომის სათავეში იდგა… როდესაც იგი ამა თუ იმ ადამიანს შეისწავლიდა და მის ცოდნასა და ნიჭში დარწმუნდებოდა, იგი ნდობით ეკიდებოდა ასეთ ადამიანებს, მე ვიტყოდი, უსაზღვრო ნდობა ჰქონდა. მაგრამ, ღმერთმა დაიფაროს, რომ ასეთ ადამიანებს ცუდი თვისებები გამოევლინათ რაიმეში. სტალინი ასეთ რამეს არავის პატიობდა… მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, თუკი შეიძლება ეს ასე ითქვას, შეესაბამებოდა მათ შრომას, მათთვის დავალებული საქმისადმი დამოკიდებულებას. ი. ბ. სტალინთან მუშაობა, უნდა პირდაპირ ითქვას, არ იყო მარტივი და იოლი. თავად იგი ფლობდა დიდ ცოდნას, არ ითმენდა ზოგადი ხასიათის მოხსენებებს, ზოგად ფორმულირებებს. ყველა კითხვას კონკრეტული პასუხები უნდა გასცემოდა, უაღრესად მოკლე და გასაგები… ის, რომ სტალინს შეეძლო ადამიანებთან მიკიბვ-მოკიბვის გარეშე საუბარი, ეთქვა მათთვის პირდაპირ ის, რასაც ფიქრობდა, ამ ადამიანისთვის წყენისა და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე ხდებოდა. ეს იყო სტალინის განსაკუთრებული ხასიათი. სტალინის წილი დიდი სამამულო ომის მსვლელობაში უაღრესად მაღალი იყო როგორც წითელი არმიის მმართველ პირთა შორის, ისე საბჭოთა არმიის შეიარაღებული ძალების ყველა ჯარისკაცსა და ოფიცერს შორის. ეს უდავო ფაქტია, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უპირისპირებს”.

ანდრეი ხრულიოვი (1892 – 1962) – თავდაცვის კომისრის მოადგილე, წითელი არმიის ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი: “სტალინი ყველაფერს თავისკენ იზიდავდა. თავად არსად მიდიოდა. მოვიდოდა, დავუშვათ, დღის ოთხ საათზე კრემლის კაბინეტში და იწყებდა გამოძახებებს. მას ჰქონდა სია, ვინ უნდა მოეწვია. როცა მოდიოდა, ესე იგი, თავდაცვის კომიტეტის ყველა წევრი უნდა გამოცხადებულიყო. ადრე არავინ იკრიბებოდა. მოვიდოდა სტალინი და მისი მდივანი პოსკრებიშევი იწყებდა მათთან რეკვას, ვინც მოცემულ მომენტში იყო საჭირო… თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყველა წევრს ჰქონდა თავისი სამუშაო უბანი. ასე, მოლოტოვი ტანკებზე აგებდა პასუხს, მიქოიანი – საინტენდანტო მომარაგებაზე, საწვავით მომარაგებაზე, ლენდ-ლიზის საკითხებზე, ხანდახან ასრულებდა სტალინის დავალებებს ფრონტზე ჭურვების გასაგზავნად. მალენკოვი დაკავებული იყო ავიაციით, ხოლო ბერია – საბძროლო მასალებითა და შეიარაღებებით. ყველა მოდიოდა სტალინთან საკუთარი საკითხებით და ამბობდა: გთხოვთ, მიიღოთ ესა და ეს გადაწყვეტილება ამა და ამ საკითხზე… და რა არის სტავკა? ეს იყო სტალინი, სტავკის წევრები, ოპერატიულ საკითხებთან დაკავშირეით გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე და თავდაცვის მთელი სახალხო კომისარიატი… არც სტავკაში, არც სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში არანაირ ბიუროკრატიზმს არ ჰქონია ადგილი. ეს იყო მხოლოდ ოპერატიული ორგანოები. ხელმძღვანელობა სტალინის ხელში იყო კონცენტრირებული… მთელ სახელმწიფო და სამხედრო აპარატში ცხოვრება დაძაბული იყო, მუშაობა – ოცდაოთხსაათიანი, ყველანი იმყოფებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. არავინ არ იძ₾ეოდა ბრძანებას, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე მოხდა თავისით. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა ა. ნოვიკოვმა ერთხელ ბრძანება გასცა, რომელშიც ასეთი პრეამბულა ეწერა: იმუშავეთ იმავე საათებში, როგორც სტალინი; ამაზე უმაღლესმა მაშინვე მისცა რეაგირება: რა მნიშვნელობა აქვს, რომ მე ასე ვმუშაობ. სტალინი მუშაობას იწყებდა და ასრულებდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დღეებში. მას შეეძლო ერთ დღეს ნაშუადღევის 4 საათზე მოსვლა, მეორე დღეს კი საღამოს 8 საათზე, მუშაობის დასრულება შეეძლო დილის 4-ზე ან 7 საათზე… სტალინი დოკუმენტებს ხშირად აწერდა ხელს ისე, რომ მათ არ კითხულობდა – მაგრამ ეს ასე იყო მანამ, სანამ თქვენ საკუთარ თავს არ გაუკეთებდით კომპრომეტაციას. ყველაფერი ნდობაზე იყო აგებული. თუკი სტალინი დარწმუნდებოდა, რომ ეს ადამიანი მატყუარაა, რომ მან იცრუა, მისი ბედი მაშინვე წყდებოდა… მე სტალინისთვის ხელმოსაწერად ათასობით დოკუმენტი მაქვს მომზადებული, მაგრამ მათი მომზადებისას თითოეულ ასოს ვაკვირდებოდი… თუკი არ მიძახებდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე მქონდა, მოვდიოდი თავად, შევდიოდი სტალინთან კაბინეტში. თუკი რაიმე სხდომა ტარდებოდა, ვჯდებოდი შესაფერისი მომენტის მოლოდინში. მე არასოდეს გამოვუგდივარ, თუმცა არც არავინ გამოუგდიათ იქიდან”.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შეფასებებისა, რომელსაც დიდ მთავარსარდალს აძლევდნენ პროფესიონალი სამხედროები.

Рекомендуем