გოცირიძე გიორგი გიორგის ძე
გიორგის გიორგის ძე გოცირიძე დაიბადა 1910 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. ბრძოლების ურთულესი გზა განვლო სტალინგრადიდან ბერლინამდე, ომის დასრულებისას უკვე პოდპოლკოვნიკის რანგში იყო.
საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 25 ოქტომბერს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. ომის შემდგომ მუშაობდა მოსკოვის ოლქის მთავარ არქიტექტორად. მინიჭებული ჰქონდა ლენინური და სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიები. გარდაიცვალა 1977 წელს.
სტალინგრადში გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, გოცირიძემ, რომელიც მესანგრეთა ბატალიონს მეთაურობდა, თავი მდინარე დონის ფორსირებისას გამოიჩინა. მტრის გააფთრებული საარტილერიო ცეცხლის მიუხედავად, გოცირიძის მესანგრეებმა ხელმძღვანელობის დავალება პირნათლად შეასრულეს. გოცირიძემ ნაცისტები შეცდომაში შეიყვანა - დაიწყო მდინარეზე გადასასვლელის მშენებლობის იმიტაცია, როგორც დღეს იტყვიან, „ფეიკი“, ერთ ადგილზე, რეალური სამუშაოები კი სხვა ადგილზე განახორციელა, რითაც თავის ბატალიონს მტრის ცეცხლი აარიდა.
გოცირიძეს და მის მესანგრეებს, 150 კაცის შემადგენლობით, მტრის ზურგშიც აქვთ ბრწყინვალედ შესრულებული დავალება - მათ სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რომელამდეც გზა ბრძოლით გაიკაფეს.
მაგრამ ყველაზე დიდი ღვაწლი, რის გამოც მან გმირის წოდება მიიღო, გოცირიძემ მდინარე დნეპრის ფორსირებისას გაიღო. გოცირიძემ უზუსტესად გათვალა (რაც რთული საქმე იყო) მდინარის დინების სისწრაფე და მიმართულება, რომელშიც სახელდახელოდ დამზადებული, მაგრამ დიდი აფეთქების ძალის მქონე მოცურავე ფუგასური ნაღმები ჩაყარა ღამით. ეს გაკეთდა მტრის კატარღების საწინააღმდეგოდ, რათა მესანგრეებს მშვიდად შეძლებოდათ საინჟინრო სამუშაოების შესრულება მდინარის გადასაკვეთად. მართლაც, ნაღმებმა ზუსტად მიაღწიეს გერმანელების ჯავშნიანი კატარღების პლატფორმამდე, სადაც საშინელი ძალით იფეთქეს. პანიკაში ჩავარდნილმა მოწინააღმდეგემ, რომელმაც ვერ გაიგო, რა გზით მოხდა მათი პლატფორმის აფეთქება, დნეპრის ნაპირი მიატოვა და გაიქცა.