ევაკუაცია და ფრონტის უზრუნველყოფა ზურგიდან დიდი სამამულო ომის დროს | Эвакуация и обеспечение фронта с тыла во время ВОВ – DidiSamamulo.Ge

ევაკუაცია და ფრონტის უზრუნველყოფა ზურგიდან დიდი სამამულო ომის დროს | Эвакуация и обеспечение фронта с тыла во время ВОВ

by dazva1111
A+A-
Reset

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ მეტად საპასუხისმგებო გადაწყვეტილება მიიღო – ქვეყნის ევროპული ნაწილიდან მოსახლეობისა და სამრეწველო საშუალებების უსაფრთხო ტერიტორიებზე ევაკუაციის შესახებ. ქვეყნის ხელმძღვანელობა მართებულად მოელოდა, რომ მტერი მოახერხებდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავებას და არ შეიძლებოდა, მას ხელში ჩავარდნოდა საწარმოო საშუალებები – ქარხნები, ფაბრიკები, ენერგეტიკული ობიექტები, ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა.

სახალხო კომისართა საბჭოსა და საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1941 წლის 24 ივნისს გადაწყვეტილებით, დაფუძნდა მთავრობასთან არსებული საევაკუაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარედ სსრ კავშირის ტრანსპორტის კომისარი ლაზარ კაგანოვიჩი დაინიშნა, თუმცა სულ მალე, 3 ივლისს, იგი პარტიულმა მოღვაწემ და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლაი შვერნიკმა შეცვალა. საბჭოს მუშაობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო და პოლიტიკური მუშაკი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, დიდი გავლენა მოახდინა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ.

დასახული ამოცანის მიხედვით, გერმანელ ნაცისტებს, რაც შეიძლება, ნაკლები სარგებელი უნდა მიეღოთ დაპყრობილი ტერიტორიებიდან, ხოლო საბჭოთა კავშირს – ნაკლები ზარალი უნდა მიდგომოდა დასავლურ ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვის შედეგად. საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში – განსაკუთრებით, უკრაინაში და მოსკოვის მისადგომებთან, ძალზე ბევრი მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტი ფუნქციონირებდა. მთლიანობაში, საწარმოთა რიცხვი საბჭოეთის ევროპულ ნაწილში 31.850-ს აღწევდა. ეს იყო მანქანათმშენებელი, სამთო-სამადნო, მეტალურგიული, ქიმიური, საკვები, ქსოვილების საწარმოები. რაც მთავარია, ქვეყნის ამ ნაწილში მთელი საბჭოეთის ხალხის 40% სახლობდა.

საევაკუაციო საბჭომ თავისი შექმნიდან სამ დღეში, განსაზღვრა ადამიანების კონტინგენტის გაყვანისა და განთავსების პირობები, კიდევ რამდენიმე დღეში კი – სამრეწველო საშუალებების ევაკუაციის პირობები. აღმოსავლეთისკენ, ქვეყნის ზურგში, პირველ ყოვლისა, კვალიფიციური მუშები და სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდები, ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა გაეყვანათ. საწარმოო საშუალებებიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მანქანა-დანადგარებს, ფერად ლითონებს, საწვავ-საპოხ მასალას. სურსათ-სანოვაგის მხრივ, პირველ ყოვლისა, ხდებოდა ხორბლის მარაგების გადატანა.

განსაკუთრებული გადაწყვეტილებებით, მოხდა კულტურული ფასეულობების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. პირველ ყოვლისა, გადაზიდეს ლენინგრადის მუზეუმების – ერმიტაჟისა და რუსული მუზეუმის ფონდები, მოსკოვიდან გაიტანეს ძვირფასი ქვები და მეტალები, სსრ კავშირის ალმასის ფონდი, «ორუჟეინაია პალატის» ძვირფასეულობები.

ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის განხორციელება, უკვე დაწყებული ომის პირობებში, ურთულესი საქმე იყო და იგი უნაკლოდ ვერ მოხდებოდა. ძირითადი ტვირთი, პირდაპირი და ირიბი გაგებით, ქვეყნის რკინიგზის სისტემას დააწვა. ადგილებზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დატვირთვას უზრუნველყოფდნენ, ამ საქმეში ჩართული იყო ადგილობრივი პარტიული ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე ზურგის საჯარისო ნაწილები. მიუხედავად ამისა, იგრძნობოდა მუშა-ხელის ნაკლებობა ისევე, როგორც სპეციალური ტექნიკური საშუალებებისა და ტრანსპორტის დეფიციტი. ევაკუაცია ხშირად მიმდინარეობდა ფრონტის სიახლოვეს, მტრის ცეცხლის ქვეშ. გერმანული ურდოების სწრაფი შეტევის პირობებში, ყურადღება ექცეოდა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ტექნიკისა და მოწყობილობების დემონტაჟს. ევაკუაციის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს სწორად უნდა განესაზღვრათ, უმოკლეს ვადებში, თუ რის დემონტაჟი და გადატანა ღირდა და რის – არა. მნიშვნელოვან მოწყობილობას განეკუთვნებოდა ის დანადგარები, რომელთა სწრაფი დაშლა და ასეთივე სწრაფი აწყობა შეიძლებოდა, რათა ზურგის პირობებში ამ დანადგარებს ფრონტის სასარგებლოდ ემუშავათ.

ყველაზე რთულად ევაკუაცია ბელორუსიასა და ბალტიისპირეთში წარმოებდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა 2 მილიონზე მეტი ადამიანისა და 100-ზე მეტი სამრეწველო საწარმოს გადაადგილება აღმოსავლეთის მიმართულებით. სირთულის მიხედვით, ბელარუსიას ბევრად არ ჩამორჩებოდა უკრაინისა და ყირიმის ევაკუაციის პრობლემაც. მოხერხდა ინდუსტრიული გიგანტების დაშლა და გადატანა კიევიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ზაპოროჟიედან, ხარკოვიდან, დონეცკის ბასეინიდან. გერმანელები უკვე მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირს მიადგნენ, როდესაც მდინარის მარცხენა ნაპირზე მუშები აგრძელებდნენ ეშელონებში ტვირთების დაწყობას.

რის გატანაც ვერ მოხერხდებოდა ან აზრი არ ჰქონდა ამის გაკეთებას, აფეთქებულ იქნა – ძირითადად, ენერგეტიკული მეურნეობის ობიექტები.

ლენინგრადის ევაკუაცია უკვე 28 ივნისს დაიწყო. საბჭოეთის სიდიდით მეორე ქალაქიდან ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები გაჰყავდათ, მნიშვნელოვან დაზგებთან და არქივებთან ერთად. ევაკუაცია ლენინგრადის ბლოკადის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა – „სიცოცხლის გზისა“ და საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.

წარმატებით ჩაიარა მოსკოვის ევაკუაციამაც. დედაქალაქი ქვეყანის სიღრმეში შემოჭრილ მტერს, 1941 წლის შემოდგომაზე, მომზადებული დახვდა. 1941 წლიდან 1942 წლის შუა ხანებამდე, ჯამში დაახლოებით 1,5 მილიონი ვაგონი იქნა გამოყენებული, ადამიანებისა და ტვირთების საევაკუაციო ტრანსპორტირებისათვის.

ევაკუირებული ადამიანების 2/3 სოფლად განასახლეს, დანარჩენი 1/3 – ქალაქებში. ბევრი ადამიანი კავკასიის რესპუბლიკებმა, მათ შორის, საქართველომ, შეიფარა. დიდი ამაგი გასწიეს ლტოლვილებზე შუა აზიის ხალხებმა. ასე, მაგალითად, უზბეკეთში შეიქმნა მოძრაობა, ფრონტისპირა რეგიონებიდან გადმოყვანილი ობოლი ბავშების საშვილებლად. ტაშკენტელი შახმუჰამედოვების ოჯახმა ერთბაშად 16 ობოლი იშვილა.

მილიონობით ევაკუირებული მუშა-მოსამსახურე ჩაერთო ფრონტისთვის სასარგებლო შრომაში, რამაც განაპირობა საბჭოთა სახალხო მეურნეობის გადაყვანა სამხედრო ყაიდაზე და მძლავრი საომარი ეკონომიკის შექმნა. ამ კონომიკამ თავისი მასშტაბებით გერმანულ ეკონომიკას უკვე სულ რაღაც 1 წელიწადში გადააჭარბა, 1942 წლის მარტისთვის საბჭოთა ინდუსტრიამ აღადგინა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ომამდელი წარმოება.

ქვეყნის დასავლეთი რეგიონებიდან წამოღებული ქარხანა-დანადგარების ძირითადი ნაწილი ურალსა და კუზბასში გადაიტანეს, თუმცა ვოლგისპირეთის ქალაქებშიც – გორკიში, კუიბიშევში, სარატოვში, ასტრახანში, ასევე სტალინგრადში, რომელსაც ფრონტის ხაზი მაინც მისწვდა 1942 წლის შემოდგომაზე. ზოგიერთი გიგანტური ქარხანა ერთ ადგილზე ვერ აიწყობოდა, ამიტომ მას ანაწილებდნენ სხვადასხვა ადგილებში.

საწარმოო საშუალებების ძირითადი ნაწილი მაინც ურალისა და სამხრეთ ციმბირის მხარეში აეწყო. ასე, მაგალითად, მაგნიტოგორსკის მეტალურგიულმა კომბინატმა მიიღო და ააწყო 34 ქარხნის დანადგარები, ორსკისა და ჩელიაბინსკისამ – 13, ნიჟნი ტაგილისამაც -13, სინარის მილების კომბინატმა – 9 ქარხნის დანადგარები.  კუზბასის ქალაქებმა 50-ზე მეტი ევაკუირებული საწარმო მიიღეს და ააწყეს, მათ შორის, კემეროვოს კოქს-ქიმიურმა კომბინატმა შეიერთა ზაპოროჟიის, მარიუპოლისა და კრამატორსკის კოქს-ქიმიური ქარხნები, ზაპოროჟიის ფოლადის ქარხანა „დნეპროსპეცსტალი“ შევიდა კუზნეცკის მეტალურგიულ კომბინატში და ა. შ.

ქარხანა-დანადგარების ადგილებზე აწყობაში აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდობა. მაგალითისთვის: ორსკში 2 ათასი გოგონა და ვაჟი მუშაობდა, მედნოგორსკში 1300, ბუგურუსლანში – ათასი, ორენბურგში – 1680. 1941 წლის შემოდგომაზე კურგანში შემოსული ტვირთის გადმოზიდვაში მუშა-ხელის ნაკლებობის გამო პრობლემა შეიქმნა, კომკავშირის (პარტიის ახალგაზრდული ფრთა) მოწოდებით, ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა სამუშაოდ და ტვირთი ვაგონებიდან უსწრაფესად გადმოლაგდა.

როდესად მტრის ზეწოლა მოსკოვზე შესუსტდა და წითელი არმია კონტრიერიშზე გადავიდა 1941 წლის დეკემბერში, მთავრობამ სახალხო მეურნეობის განვითარების გეგმა მიიღო, შემდგომი წლის პირველი კვარტლისათვის. დაისახა ბევრი სირთულის გადალახვა. პრიორიტეტად გამოცხადდა ევაკუირებული საწარმოების სრულად აღდგენა და ამოქმედება ვოლგისპირეთში, ურალში, დასავლეთ ციმბირში, ყაზახეთსა და შუა აზიაში. ამ მომენტისათვის, თუჯისა და ფოლადის წარმოება 1941 წლის ივნისის წარმოების მოცულობის 23-32%-ს არ აღემატებოდა, ამიტომ სამხედრო საწარმოების ლითონში მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სახელმწიფო გეგმის მიხედვით, ლითონების სახელმწიფო მარაგების გახსნითაც უნდა გაძლიერებულიყო.

მტერი დროებით დაეპატრონა დონბასს – უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონს, საიდანაც ქვეყანა ნახშირის ძირითად მარაგს იღებდა. ნახშირის ნაკლებობამ 1941 წლის ბოლოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის წარმოებას. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლებამ მოახერხა კუზბასში, ურალში, ყაზახურ კარაგანდასა და საკუთრივ მოსკოვის ბასეინში კოქსური ნახშირის მოპოვების მკვეთრი გაზრდა, რითაც ვითარება გადაარჩინა. განსაკუთრებით საინტერესოა მოსკოვის მხარეში – პოდმოსკოვიეში შახტების აღდგენა, ვინაიდან ეს ფრონტის ხაზის გადაწევისთანავე მოხდა, 20 ათასი მეშახტის ხელით, რომელთა შორის, დონბასელი მეშახტეებიც იყვნენ. პირველ ეტაპზე აღდგენილ იქნა 27 შახტა, რათა მოპოვება 5 ათასი ტონიდან დღეში – 1942 წლის იანვრის მდგომარეობით, ასულიყო 10 ათას ტონამდე დღეში – 1942 წლის მარტის მდგომარეობით; შემდეგ ეტაპზე კი უკვე 67 შახტის აღდგენა დაიგეგმა და განხორციელდა.

საჭირო გახდა მანგანუმის მოპოვების გაძლიერებაც. უკრაინა ფაშისტებს ეკავათ, საქართველოდან კი მიწოდება შეფერხებული და არასაკმარისი იყო. ურთულეს პირობებში – ურალის ტაიგასა და ჭაობებში, დაიწყო მანგანუმის ღია წესით მოპოვება, ამ პროცესში მალე ყაზახეთიც ჩაერთო და ასე მოხდა დეფიციტის დაფარვა. მსგავსი ვითარება წიაღისეულის სხვა დასახელებების მიმართაც არსებობდა.

გაიზარდა ურალის მხარის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში. უკვე 1941 წლის მეოთხე კვარტალში ურალიდან ქვეყანას მიეწოდებოდა წარმოებული თუჯის 62%, ფოლადისა და სპილენძის დაახლოებით 50%. ალუმინის, მაგნიუმის, ნიკელისა და კობალტის თითქმის 100%-იც ურალში მოიპოვებოდა, ისევე, როგორც თუთიის 30% და ქიმიკატების ძირითადი ნაწილი.

ვოლგისპირეთსა და შუა აზიაში იწარმოებოდა კაბელები, სატელეფონო აპარატურა, აკუმულატორები, სამანქანო რადიატორები, ასევე ფეროშენადნობები; დასავლეთ ციმბირში – ნათურები, რადიოსადგურები, საჭრელი ინსტრუმენტები და უამრავი სხვა აუცილებელი პოზიციები.

ნავთობის მნიშვნელობა დიდი სამამულო ომის პირობებში განუზომელი იყო. სწორედ იმდროინდელი საბჭოეთის უმთავრესი – ბაქოს ნავთობსაბადოების დასაპატრონებლად (ციმბირის ნავთობსაბადოები ჯერ თითქმის არ იყო მოპოვებაში) მოიწევდა ფაშისტური არმია კავკასიაში 1942 წლის ზაფხულში. მთლიანობაში, მტერმა ვერ მიაღწია საბჭოთა კავშირის ძირითად ნავთობსაბადოებს არა მარტო კავკასიაში (მაიკოპის გარდა), არამედ ვოლგისპირეთშიც.

 

ევაკუაციის შედეგები და მისი მნიშვნელობა

გამოქვეყნებული მონაცემებით, 1941-1942 წლებში დასავლეთ ტერიტორიებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაყვანილ იქნა დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი და გადატანილ იქნა 2600-ზე მეტი საწარმო. ევაკუაციამ უზარმაზარი ადამიანური და საწარმოო რესურსები იხსნა განადგურებისგან, რამაც ფრონტის წარმატებული მხარდაჭერა განაპირობა. ევაკუირებულმა ქარხნებმა ხელი შეუწყო ზოგიერთი მანამდე ნაკლებ ინდუსტრიული რეგიონის სწრაფ განვითარებას. გარდაუვალი ხარვეზების მიუხედავად, ევაკუაციის ოპერაცია მთლიანობაში ბრწყინვალედ განხორციელდა საბჭოეთის უმაღლესი ხელისუფლების, სახელმწიფო და პარტიული რგოლების მუშაობის და, რაც გადამწყვეტია, ხალხის მასების ენთუზიაზმისა და პატრიოტიზმის წყალობით. ევაკუაციის წინ დასახული ყველა ძირითადი ამოცანა განხორციელდა. საბჭოთა კავშირის მიერ ომის დროს, უმოკლეს ვადებში განხორციელებულ ევაკუაციას, მსოფლიო ისტორიაში ანალოგია არ გააჩნია.

ზურგის ეკონომიკის ამოქმედება სამხედრო წარმოებაზე პირდაპირ და სწრაფ გავლენას ახდენდა. შედარებისთვის: 1941 წელს, 1 თვის მონაკვეთში, დეკემბერში – ნოემბერთან შედარებით, სამხედრო წარმოებაში ნახტომისებრ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, თოფებისა და კარაბინების გამოშვება 27%-ით, ქვემეხების – 21%-ით, ტანკების – 38%-ით, საბრძოლო თვითმფრინავების – თითქმის 55%-ით, ნაღმმტყორცნების – თითქმის 100%-ით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის – 120%-ით გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის უცხოელი მკვლევარებიდან ზოგიერთი აღიარებს საბჭოთა მიღწევების უნიკალურობას – მაგალითად, გ. ფოიხტერი წერდა: „ის, რომ ასეთ რთულ პირობებში საბჭოთა კავშირმა მოახერხა არა მხოლოდ თავისი წარმოების ადგილგადანაცვლება, არამედ, შედარებით მჭიდრო ვადებში თვითმფრინავების მასობრივი წარმოების აწყობა, მეორე მსოფლიო ომის უდიდეს ტექნიკურ მიღწევებს უნდა მივაკუთვნოთ“.

 

ზურგის ორგანიზება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბრძოლო ფრონტზე წარმატების მისაღწევად, აუცილებელია ძლიერი ზურგი. წითელი არმიის ზურგს თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე ანდრეი ხრულიოვი (1943 წლიდან – გენერლის რანგში) ხელმძღვანელობდა.

„ზურგის“ ცნება მოიცავს ფრონტებზე მებრძოლი არმიის მატერიალურ-ტექნიკურ და სამედიცინო უზრუნველყოფას, სატრანსპორტო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამართულ მუშაობას, ფინანსებს, კადრების მომზადებას, ცოცხალი ძალის მობილიზაციას, რეზერვების მზადყოფნას და უამრავ სხვა საკითხს. მთლიანობაში, საბჭოთა ზურგმა კარგად გაართვა თავი დასახულ ამოცანებს. ომის შემდეგ, უმაღლესმა მთავარსარდალმა – იოსებ სტალინმა პირადად ხრულიოვის სადღეგრძელოც შესვა.

ომის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწრაფი იერიშით მომავალი მტრული არმიების საწინააღმდეგო ზღუდეების აგება, ქვეყნის საკვანძო ქალაქების დაცვა. 1941 წლის ივლის-სექტემბერში გაიშალა მოსკოვის დასაცავი ზღუდეების მშენებლობა – მოჟაისკისა და რჟევ-ვიაზმის თავდაცვითი ხაზები, 250-კილომეტრიანი სიღრმითი სივრცით. სამუშაოები ხორციელდებოდა სამხედრო-სამშენებლო ორგანიზაციების მიერ, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის, ასევე მეზობელი სმოლენსკის, ტულისა და კალინინის ოლქების მოსახლეობის მონაწილეობით. მიწის სამუშაოებს (სანგრების გათხრა და სხვა) უპირატესად მშვიდობიანი მოქალაქეები – განსაკუთრებით, ქალები, ახორციელებდნენ. მარტო რჟევ-ვიაზმის თავდაცვით ხაზზე ყოველდღიურად 300-400 ათასი ადამიანი შრომობდა. ორი თვის მანძილზე გაითხარა 2250 კმ ტანკსაწინააღმდეგო ღრმულებისა და თხრილებისა, აშენდა 1 ათასამდე საფორტიფიკაციო ნაგებობა. თავდაცვის ხაზები შედგებოდა თავდაცვითი ზოლებისა და შუალედური ზღუდეებისაგან. რჟევ-ვიაზმის ხაზი დასავლეთის ფრონტის გარე კიდიდან 50-80 კილომეტრის მანძილზე გადიოდა და სარეზერვო ფრონტის ზურგის დამცავ ზღუდეს წარმოადგენდა.

რჟევ-ვიაზმის ხაზის დასრულება მხოლოდ 40-60%-ით მოესწრო, თუმცა ამ ხაზმა მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსკოვის წარმტებულ თავდაცვაში.

   *   *   *

მიუხედავად ამ უზარმაზარი წარმატებისა, ფაშისტური არმიების მიერ საბჭოთა კავშირის დიდი ნაწილის ოკუპაციამ და დაპყრობილ ტერიტორიებზე ბარბაროსულმა ქცევამ უდიდესი ზარალი მიაყენა ქვეყანას. ბუნებრივია, ადამიანთა უმეტესი ნაწილის ევაკუაცია შეუძლებელი იყო და ვერ განხორციელდებოდა, რამაც უამრავ ადამიანს დიდი უბედურება მოუტანა ისევე, როგორც სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ობიექტების უმრავლესობა განადგურდა და ქვეყანამ არნახული ეკონომიკური ზარალი მიიღო.

 

“Эвакуация и обеспечение фронта с тыла во время ВОВ” – глава из книги Гулбаата Рцхиладзе “Великая Отечественная Война 1941-1945. Справочник” (Тбилиси, 2022 г., НА ГРУЗИНСКОМ ЯЗ.).

Рекомендуем