ოთხმოცი წლის წინ, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, როდესაც 4 საათს რამდენიმე წუთი გადასცდა, ნაცისტური გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად, ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს.
გერმანელების ავიაციამ მასობრივი შეტევები მიიტანა საბჭოეთის აეროდრომებზე, სარკინიგზო კვანძებზე, სამხედრო-საზღვაო ბაზებზე, ჯარების დისლოკაციის ადგილებზე, ასევე, მშვიდობიან ქალაქებსა და დაბებზე, საზღვრიდან 250-300 კმ-ის სიღრმემდე.
საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებით, მეორე მსოფლიო ომში გადამწყვეტი ფაზა დადგა – საბჭოთა კავშირის დამარცხება ევრაზიის კონტინენტზე და შემდგომ სხვა კონტინენტებზეც ფაშიზმის გამარჯვებას განაპირობებდა.
სისხლისმღვრელი ომი 1418 დღესა და ღამეს გაგრძელდა და ფაშისტური ბლოკის განადგურებით დასრულდა. საბჭოთა კავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ფაშისტური ბლოკის განადგურებაში. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945 წლები) მანძილზე საბჭოთა კავშირის დანაკარგებმა ადამიანური რესურსების მაჩვენებლით, მსხვერპლის საერთო რაოდენობის 40% შეადგინა – 26,6 მილიონი ადამიანი. მათ შორის, 8,7 მილიონი ბრძოლის ველზე დაეცა, 7,42 მილიონი ადამიანი ნაცისტებმა განზრახ დახოცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კიდევ 4,1 მილიონი – საოკუპაციო რეჟიმის დაუნდობელი პირობების გამო დაიხოცა. 5,27 მილიონი ადამიანი გერმანიაში და მის მოკავშირე ქვეყნებში კატორღულ სამუშაოებზე გადაიყვანეს, მათგან შინ ნახევარზე ოდნავ მეტი დაბრუნდა – 2,65 მილიიონი, მაგრამ 2,16 მილიონი დაიღუპა ტყვეობაში, კიდევ 450 ათასი ემიგრაციაში წავიდა.
ომისშემდგომი საბჭოთა კომისიის გამოთვლებით, ფაშისტმა ოკუპანტებმა მთლიანად ან ნაწილობრივ დაანგრიეს 1,7 ათასი საბჭოთა ქალაქი და დაბა, 70 ათასი სოფელი, ხოლო პირდაპირმა მატერიალურმა ზარალმა 679 მილიარდი საბჭოთა მანეთი (1941 წლის ფასებით) შეადგინა.
ყოველივე ეს უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო ომების ისტორიაში, ასეთი დიდი ტრაგედია არსად დატრიალებულა, ერთბაშად. საბჭოთა კავშირმა გმირულად გაუძლო ამ უბედურებას და ომიდან გაძლიერებული გამოვიდა, იოსებ სტალინის მეთაურობით.
თანამედროვე რუსეთში, 22 ივნისი 1992 წლიდან აღინიშნება, როგორც ხსოვნის და გლოვის დღე. რუსეთის ტერიტორიაზე ეშვება სახელმწიფო დროშები, ტელევიზიითა და რადიოთი არ გადაიცემა გასართობი გადაცემები, ასევე არ ტარდება შესაბამისი საჯარო ღონისძიებები. ქვეყნის ლიდერები მოსკოვში უცნობი ჯარისკაცის საფლავს ამკობენ ყვავილებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ატარებენ ომში დაღუპულთა საპატივსაცემო მემორიალურ ღონისძიებებს.
სურათზე: მოსკოველები ისმენენ ვიაჩესლავ მოლოტოვის განცხადებას ომის დაწყების შესახებ, 22.06.1941
