ოთხმოცი წელი გავიდა ნაცისტური გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტიდან. ურთულესი ოთხი წელიწადი, რომელიც საბჭოთა ხალხებმა და, მათ შორის, ქართველებმა გამოიარეს. მიაღწიეს დიდ გამარჯვებას – სამშობლოსა და მთელი მსოფლიოსთვის. 80 წელი დიდი დროა, ბევრი რამ ხუნდება მეხსიერებაში. მით უმეტეს ახლა, როდესაც “არამოდურია” დიდ სამამულო ომზე საუბარი და თვით ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს, წაშალოს ამ დიადი გამარჯვების ხსოვნა ჩვენს ხალხში.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ არასგზით. დასავიწყებელი არც ჩვენი ჯარისკაცების გმირობაა და არც ის მხეცობები, რომლებსაც ნაცისტები სჩადიოდნენ. ნაციზმი და ფაშიზმი მუდმივად უნდა იყოს დაგმობის ობიექტი, რადგან ახალგაზრდა თაობები არ შეცდნენ მავნე გავლენებისაგან. ეს ყველა ჯანსაღი ადამიანის თუ პოლიტიკური ძალის ინტერესშია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელსაც ჰქვია «Забвению не подлежит» – “დავიწყებას არ ექვემდებარება”. სამინისტროს ვებგვერდის სპეციალურ განყოფილებაში განთავსებულია აქამდე უცნობი საარქივო დოკუმენტები და ფოტომასალა, რომლებიც ნაცისტების მიერ სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს ასახავს. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა გამოძიებების მასალები, საბჭოთა სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური შეტყობინებები, წერილობითი აქტები ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, გერმანიაში გატაცებული ბავშვების წერილები და სხვა უნიკალური დოკუმენტები. პროექტის გაცხადებული მიზანი სწორედ რომ ნაცისტური იდეოლოგიის გაცოცხლების გამორიცხვაა.
გამოქვეყნებულ მასალებს შორის წარმოდგენილია საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილი დანაშაულებები. წითელი არმიის სამხედრო ექიმები, რომლებიც გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, წერდნენ იმ არაადამიანური პირობების შესახებ, რომლებშიც ისინი, სხვა ტყვეებთან ერთად, იმყოფებოდნენ 1941 წლის შემოდგომას ყოფილ თივის საწყობში შექმნილ ბანაკში, ქალაქ დემიანსკში (ნოვგოროდის ოლქი). რამდენიმე თვის განმავლობაში 13 ათას ადამიანს ღია ცის ქვეშ უწევდა არსებობა. შემდეგ ისინი “დაასახლეს” მიწურებში. თითო მიწურში გერმანელებმა 70-80 ადამიანი შერეკეს. “ამ პირობებში არა მხოლოდ დაწოლა, დაჯდომაც არ შეიძლებოდა, ამიტომ სამხედრო ტყვეთა უმეტეს ნაწილს ფეხზე მდგომს ეძინა” – წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
ბანაკის ტყვეები დღეში 12 საათის განმავლობაში დამქანცველ სამუშაოებს ასრულებდნენ – გაჰყავდათ გზები და ჩეხდნენ ტყეებს. ამასთან, მათ რამდენიმე დღის განმავლობაში არ კვებავდნენ, შემდეგ კი მცირე ჯგუფებად დაჰყავდათ ბოსტან-ბოსტან, კარტოფილის შესაგროვებლად, რომელსაც ტყვეები უმად, კანიანად, ჭამდნენ. გერმანელებს შეეძლოთ, ტყვეები ნებისმიერი საბაბით დაეხვრიტათ, მაგალითად, იმის გამო, რომ ადამიანი მიწურიდან გამოვიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ასეთი პირობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ 1942 წლის მაისში 13 ათასი ტყვიდან ცოცხლად დარჩენილი მხოლოდ შვიდასიღა იყო.
თავდაცვის სამინისტროს საიტზე მოთავსებულია ასევე საბჭოთა სამხედრო პროკურატურის მიერ 1944 წელს ჩატარებული გამოძიების მასალები, ნაცისტების მიერ ვარშავის სავოევოდოში, სადგურ ტრებლინკას მიდამოებში განხორციელებული მხეცობების გამო. სამხედრო პროკურორის მოხსენებაში დაწვრილებით არის აღწერილი ბანაკები და იქ მოთავსებული ტუსაღების კონტინგენტი. ერთ-ერთ ასეთ ბანაკს სამხედრო პროკურორებმა “სიკვდილის საერთაშორისო კომბინატი” უწოდეს. “ბანაკში ყოველდღიურად სამი-ოთხი ეშელონი შემოდიოდა, თითოში 6-8 ათასი ადამიანით. ეშელონები ევროპის და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ოკუპირებული ქვეყნებიდან და მხარეებიდან მოჰყავდათ” -აღნიშნულია დოკუმენტში.
ბანაკში მოყვანილი ადამიანების რაოდენობა 1942 წლის ივლისიდან 1943 წლის აგვისტომდე პერიოდში, დაახლოებით 3 მილიონამდეა; “მათ შორის იყვნენ ჩვილი ბავშვები და მოხუცები, ბევრი ქალი” – აღნიშნულია საპროკურორო მოხსენებაში.
ტრებლინკის მომავალ ტუსაღებს 100-200 კაცის ოდენობით შერეკავდნენ ხოლმე სატვირთო ვაგონებში. გზაში მათ არანაირ საკვებს არ აძლევდნენ, ხოლო მცირე რაოდენობით წყალს ბადრაგი საათებზე, სამკაულებსა და სხვადასხვა ფასიან ნივთებზე უცვლიდა. საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრების წინ ნაცისტები ტყვეებს არწმუნებდნენ, რომ ხდებოდა მათი გადასახლება და მოუწოდებდნენ, სახლებიდან წამოეღოთ ყველა ნივთი, განსაკუთრებით – ფასიანი ნივთი. მაგრამ ტრებლინკაში ჩამოყვანილ ტყვეებს გერმანელები გაზის კამერებში უკრავდნენ ხოლმე თავს და ხოცავდნენ, რის შედეგადაც დახოცილთა ფასიან ნივთებს ეუფლებოდნენ. ამოღებული ნივთები, დახარისხების შემდეგ, იგზავნებოდა გერმანიაში. ასე ტრებლინკიდან გერმანიისკენ გაიგზავნა სიკვდილის ბანაკის მსხვერპლთა ნივთებით დატვირთული ასეულობით ვაგონი.
იმ ტყვეებს, რომელთაც ნაცისტები მაშინვე არ კლავდნენ, რთული სამუშაოების შესასრულებლად აგზავნიდნენ: ქვიშის კარიერებზე, რკინიგზის საფარის შესაკეთებლად, დაღუპულთა გვამების გადასატანად. სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულ ადამიანებს დღეში 200-200 გრამ პურსა და გაუსუფთავებელი კარტოფილის სუპს აძლევდნენ. დაავადებულებს ხვრეტდნენ, გადარჩენილებს საკუთარი გართობის მიზნით აწამებდნენ – მაგალითად, დახვრეტის მუქარის ქვეშ აიძულებდნენ, მდგარიყვნენ მძიმე ქვებით ხელში, რამდენიმე საათის განმავლობაში.
გაზის კამერისა და დახვრეტების გარდა, ჰიტლერელები მკვლელობის სხვა ფორმებსაც იყენებდნენ
საარქივო მასალებში აღწერილია ერთ-ერთი ნაცისტი ჯალათის მიერ ჩადენილი საშინელებები: “დაუნდობლად ურტყამდა ჯოხს გაშიშვლებულ ადამიანებს, დედებს ხელიდან ჰგლეჯდა ჩვილ ბავშვებს… ჩვილ ბავშვს ფეხებში ხელებს ჩასჭიდებდა და თავს კედელზე არტყმევინებდა”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა სამხედრო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებების მასალები, ვარშავის სავოევოდოს სუხოჟებრის ბანაკების თაობაზე. ეს ბანაკი წითელმა არმიამ 1944 წელს გაათავისუფლა. 1941 წლის გაზაფხულზე აშენებულ ამ ბანაკში უკვე იმავე წლის 23 ივნისს შემოიყვანეს დაახლოებით ასი საბჭოთა სამხედრო ტყვე. წლის ბოლოს ტყვეთა რიცხვმა 120 ათასს მიაღწია. სუხოჟებრის ბანაკების პირობები მიმართული იყო ადამიანების განადგურებაზე.
“ტუსაღთა დახოცვის მთავარი მეთოდი იყო შიმშილი” – აღნიშნულია სამხედრო პროკურატურის ქაღალდებში. ბანაკებიდან ყოველდღურად 35 გვამებით დატვირთული ურიკა გაჰქონდათ, თითო ურიკაზე 7 გვამი იდო. აუტანელი პირობებით გამწარებული საბჭოთა ტყვეების ჯგუფი 1941 წლის აგვისტოში ბანაკის მავთულხლართს მიაწყდა ყვირილით -“ვაშა!”. ნაცისტებმა ყველა მათგანი დახვრიტეს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში თავისი საშინელებებით სახელგანთქმული ოსვენციმის ბანაკის შესახებაც არის მონაცემები: რუკა-სქემები, ტუსაღთა და ბანაკის განმათავისუფლებელ ჯარისკაცთა ჩვენებები.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოქვეყნებულია ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი უამრავი მხეცობის დამადასტურებელი საბუთები (საკონცენტრაციო ბანაკების გარეთ). ნაცისტთა მსხვერპლთა რიცხვის საკმაოდ დიდი ნაწილი – პატარა ბავშვები არიან.
მასალებში, რომლებიც ლვოვის ოლქის ქალაქ სოკალის (უკრაინა) მცხოვრებთა მასობრივი დახვრეტის ადგილის შესწავლას ეხება, ექსჰუმირებული ბავშვთა გვამების ფოტოებია. ერთ-ერთ ფოტოზე ორი წლის ბავშვის სხეულია გადაღებული – გაჩეხილი თავის ქალით.
ვილენის ოლქში, იმ ადგლს, სადაც ხდებოდა საბჭოთა მოქალაქეების ხოცვა, ერქვა “ბაზა”, რომელიც სადგურ პონარისთან ახლოს მდებარეობდა. ადამიანები იქ მოტყუებით გადაჰყავდათ, თითქოს საცხოვრებელი ადგილის ცვლილების მიზნით. სამი წლის მანძილზე პონარისთან ნაცისტებმა დახოცეს დაახლოებით 200 ათასი მშვიდობიანი მოსახლე და ტყვედ აყვანილი წითელარმიელები – რუსები, ებრაელები, პოლონელები, ბელარუსები, ლიტველები…
1944 წლის 15 აგვისტოს შედგენილ აქტში, “გერმანელი ფაშისტი ნაძირლების მიერ ბრესტის ოლქის რაიონულ ცენტრ დომაჩოვოში ჩადენილი მხეცობების შესახებ”, წარმოდგენილია ნაცისტების მიერ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მკვლელობა. დოკუმენტი შეიცავს 100 ბავშვის სახელებსა და გვარებს. 54 მათგანი ერთბაშად დახვრიტეს, 15 გადაამისამართეს გეტოებში და იქ დახოცეს, 27 გადაარჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, 3 ბავშვი ომის პირველ დღესვე დაიღუპა, კიდევ ერთი ბავშვის ბედი უცნობია.
თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალები შეიცავენ 1-ლი ბელორუსიის ფრონტის პოლიტსამმართველოს პოლიტიკურ მოხსენებას წითელი არმიის პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელობისადმი. საქმე ეხება 2 ათასი ბავშვის ბედს, რომლებიც ნაცისტებმა მინსკის ოლქის პუხოვიჩის რაიონის სოფელ სკობროვკაში ბანაკში შეჰყარეს. ნაცისტები მოზარდებს აიძულებდნენ დივერსიების განხორციელებას, დანარჩენებს პირდაპირი გაგებით სისხლს სწოვდნენ – დაჭრილი ჰიტლერელი ოფიცრებისათვის; ხშირად იმდენი რაოდენობის სისხლს ართმევდნენ ბავშვებს, რომ მათ გადარჩენის შანსები აღარ რჩებოდათ.
წარმოდგენილ დოკუმენტებში მოცემულია ასევე კიევის და ლვოვის ოლქებში ჩადენილი დანაშაულებანი, ნაცისტური ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დირექტივები საბჭოთა მოქალაქეების განადგურების მოთხოვნით და ბევრი სხვა საშინელი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

