ბაგრატიონი. "ოპერაცია ბაგრატიონი", იგივე ბელორუსიის სამხედრო ოპერაცია, 1944 წ.

ბელორუსიის ოპერაცია (კოდური სახელწოდებით ოპერაცია „ბაგრატიონი“, რუს. Операция «Багратио́н») —  საბჭოთა ჯარების შეტევითი ოპერაცია ბელორუსიის ფრონტზე (23 ივნისი—29 აგვისტო, 1944), დიდი სამამულო ომის ფარგლებში, რომელსაც კოდური სახელი გამოჩენილი რუსი მხედართმთავრის, ეროვნებით ქართველის, გენერალ პეტრე ბაგრატიონის (რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი) პატივსაცემად დაერქვა - ასევე ქართველი ეროვნების, იოსებ სტალინის ინიციატივით. ოპერაცია ერთ-ერთი უმსხვილესი იყო მსოფლიო ომების ისტორიაში.

სივრცული მასშტაბების თვალსაზრისით, ბელორუსიის შეტევითი ოპერაცია სამართლიანად ითვლება რუსული და საბჭოთა სამხედრო ხელოვნების უდიდეს მიღწევად. შედეგად, ვერმახტის ყველაზე მძლავრი დაჯგუფება - „ცენტრი“ - განადგურებულ იქნა.

 საბჭოთა ჯარების მიერ 1943-1944 წლის ზამთარში წარმატებით განვითარებული შეტევის შემდეგ, ბელორუსიის ფრონტის ხაზზე წარმოიშვა უზარმაზარი შვერილი, დაახლოებით 250 ათას კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც აღმოსავლეთისკენ ღრმად აღწევდა საბჭოთა ჯარების განლაგებაში და უდიდესი ოპერატიული და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისათვის. ამ შვერილის აღმოფხვრასა და ბელორუსიის გათავისუფლებას, გარდა თავისთავადი მნიშვნელობისა, შემდგომი შეტევისათვისაც დიდი როლი უნდა შეესრულებინა. წითელი არმიისთვის უმოკლესი გზა იხსნებოდა პირდაპირ პოლონეთისა და გერმანიისკენ და ფლანგური დარტყმების საფრთხე ექმნებოდათ მტრის არმიათა ჯგუფებს  -"ჩრდილოეთს" და "ჩრდილოეთ უკრაინას".

ცენტრალური მიმართულებით საბჭოთა ჯარებს დაუპირისპირდა ჰიტლერული არმიების ჯგუფი „ცენტრი“ (მე -3 სატანკო, მე -4, მე-9 და მე-2 არმიები) ფელდმარშალ ე. ბუშის მეთაურობით (28 ივნისიდან იგი გენერალ-ფელდმარშალმა ვ. მოდელმა შეცვალა, რომელიც „მესამე რაიხში“ თავდაცვის დიდოსტატად მიიჩნეოდა). მას მხარს უჭერდა მე-6 და ნაწილობრივ 1-ლი და მე-4 საჰაერო ფლოტების ავიაცია. საერთო ჯამში, მტრის ჯგუფში შედიოდა 63 დივიზია და 3 ქვეითი ბრიგადა, რომელთა რაოდენობა 800 ათასი ადამიანისგან შედგებოდა. მათ განკარგულებაში იყო 7,6 ათასი ქვემეხი და ნაღმმტყორცნი, 900 ტანკი და მოიერიშე ქვემეხი, ასევე 1300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი. არმიის ჯგუფის „ცენტრის“ რეზერვში 11 დივიზია იყო, რომელთა უმეტესობა მონაწილეობდა პარტიზანთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

1944 წლის ზაფხული-შემოდგომის კამპანიის დროს, უმაღლესი სარდლობის შტაბი გეგმავდა სტრატეგიული ოპერაციის ჩატარებას ბელორუსის საბოლოო გათავისუფლებისთვის. ამ მიზნით 4 ფრონტის ჯარების შეთანხმებული მოქმედება დაიგეგმა -  1-ლი ბალტიისპირეთის ფრონტის (გენერალი ი.ხ. ბაგაგრამიანი), მე -3 (გენერალ-პოლკოვნიკი ი.დ. ჩერნიახოვსკი), მე-2 ბელორუსული ფრონტის (გენერალ-პოლკოვნიკი გ.ფ. ზახაროვი) და 1-ლი ბელორუსული ფრონტის (გენერალი კ. კ. როკოსოვსკი), ოპერაციაში ასევე ჩართულ იქნენ შორი მოქმედების ავიაცია, დნეპრის სამხედრო ფლოტილია, ბელორუსიელი პარტიზანების ფორმირებების და რაზმების დიდი რაოდენობა.

ფრონტების შემადგენლობაში სულ 20 საერთო-საჯარისო, 2 სატანკო და 5 საჰაერო არმიები შედიოდა. დაჯგუფება სულ 178 მსროლელ დივიზიას ითვლიდა, 12 სატანკო, მექანიზებულ კორპუსებსა და 21 ბრიგადას. ფრონტების ჯარებს ჰაერიდან იცავდა 5 საჰაერო არმია.

ოპერაციის დედააზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ოთხი ფრონტის ჯარების სიღრმისეული დარტყმებით მომხდარიყო მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევა 6 მიმართულებით, ალყაში მოქცეულიყვნენ და განადგურებულიყვნენ მოწინააღმდეგის დაჯგუფებები ბელორუსიული შვერილის ფლანგებზე - ვიტებსკისა და ბობრუისკის რაიონებში, რის შემდეგაც, მინსკზე თანდათანობითი შეტევით, უნდა მომხდარიყო არმიათა ჯგუფის „ცენტრი“ ძირითადი ძალების ალყაში მოქცევა და მათი განადგურება ბელორუსიის დედაქალაქის აღმოსავლეთით. შემდეგ ეტაპზე კი, გაძლიერებული შეტევით მოხდებოდა კაუნას-ბელოსტოკ-ლიუბლინის ხაზზე გასვლა. 

წითელი არმიის დარტყმის მთავარი მიმართულება რომ მინსკი იქნებოდა, მოწინააღმდეგე არ მოელოდა. გერმანელებს ეგონათ, რომ არმიათა ჯგუფი „ცენტრი“ შედარებით იოლად გაუმკლავდებოდა რუსების შემოტევას. მათ თავიანთი ძირითადი ძალები უკრაინისკენ გადაისროლეს, რადგან შიშობდნენ, რომ საბჭოთა შეტევა რუმინეთის მიმართულებით, უკრაინის გავლით, განვითარდებოდა, რუმინულ ნავთობზე კონტროლის დასამყარებლად. საბჭოთა ხელმძღვანელობა კი თვენახევრის განმავლობაში ოპერაციის დაწყებამდე, აძლიერებდა და ზრდიდა თავისი ძალების რიცხოვნურ უპირატესობას ბელორუსიის მიმართულებით. ოპერაციის დაწყებისათვის შემტევი მხარე 1,2 მილიონ ადამიანს ითვლიდა, 34 ათას ქვემეხსა და ნაღმმტყორცნს, 4070 ტანკსა და თვითმავალ-საარტილერიო დანადგარს, დაახლოებით 5 ათას საბრძოლო თვითმფრინავს. საბჭოთა ჯარები მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალით 1,5-ჯერ აღემატებოდნენ, ქვემეხებითა და ნაღმმტყორცნებით - 4,4-ჯერ, ტანკებით და საარტილერიო დანადგარებით - 4,5-ჯერ, ხოლო თვითმფრინავებით - 3,6-ჯერ. 

გერმანელებმა ღრმად ეშელონირებული თავდაცვა შექმნეს, რამდენიმე ზღუდით, რომლის მთლიანი სიღრმე 250 კმ-ს აღწევდა. დაცვის ხაზები აგებული იყო მდინარეების დასავლეთ ნაპირებზე. ქალაქები ვიტებსკი, ორშა, მოგილიოვი, ბობრუისკი, ბორისოვი, მინსკი - ჰიტლერელებმა მძლავრი თავდაცვის კვანძებად გადააქციეს. 

თუმცა ამან გერმანელებს ვერ უშველა. 

ფრონტების მოქმედებათა კოორდინაცია დაევალათ სტავკის წარმომადგენლებს - გენშტაბის უფროსს, სსრკ მარშალს ა. მ. ვასილევსკისა და უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს - გ. კ. ჟუკოვს. ამავე მიზნით, მე-2 ბელორუსულ ფრონტზე გაიგზავნა გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსი გენერალი ს. მ. შტემენკო. საჰაერო ჯარების მოქმედებებს ათანხმებდნენ ავიაციის მთავარი მარშალი ა. ა. ნოვიკოვი და ავიაციის მარშალი ფ. ი. ფალალაევი. საარტილერიო ნაწილების მეთაურების და შტაბების ინსტრუქტირებისთვის მოსკოვიდან ადგილზე ჩამოვიდნენ არტილერიის მარშალი ნ. დ. იაკოვლევი და არტილერიის გენერალ-პოლკოვნიკი მ. ნ. ჩისტიაკოვი. 

ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო იყო 400 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, დაახლოებით 300 ათ. ტონა საწვავი, 500 ათას ტონაზე მეტი საკვები და ფურაჟი. ყველაფერი ეს საბჭოთა ხელმძღვანელობამ შეკრიბა და დროულად მიაწოდა ფრონტის ხაზს.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს და ოპერაცია „ბაგრატიონის“ ამოცანებს, იყოფა ორ ეტაპად: ოპერაციის პირველი ეტაპი 1944 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისამდე გაგრძელდა და ჩატარდა 5 საფრონტო ოპერაცია: ვიტებსკ-ორშის, მოგილიოვის, ბობრუისკის, პოლოცკისა და მინსკის; მეორე ეტაპი 5 ივლისს დაიწყო და იმავე 1944 წლის 29 აგვისტოს დასრულდა ასევე 5 საფრონტო ოპერაციით: შიაულიაის, ვილნიუსის, კაუნასის, ბელოსტოკისა და ლუბლინ-ბრესტის.

სამხედრო ისტორიკოსები, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ოპერაცია „ბაგრატიონი“ იმითაც გამოირჩევა, რომ მის ფარგლებში ისე, როგორც საბჭოთა ჯარების მიერ მანამდე განხორციელებულ არც ერთ სხვა სამხედრო ოპერაციაში, დიდი სიზუსტით განხორციელდა ყოველი დაგეგმილი ნაბიჯი. ოპერაციის პირველი ეტაპის დაწყებისთანავე, 12-დღიანი დაძაბული ბრძოლების შედეგად, საბჭოთა ძალებმა მოახერხეს არმიათა დაჯგუფება „ცენტრის“ მთავარი ძალების განადგურება. ოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებულმა სვლამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და სხვა ფრონტებზეც მოხდა საბჭოთა ჯარების წინსვლა.
1944 წლის 17-18 ივლისს საბჭოთა არმიამ პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა, რაც მნიშვნელოვანი მორალური გამარჯვება იყო - განმათავისუფლებელმა არმიამ საბჭოთა საზღვარს მიაღწია დასავლეთის მიმართულებით, რომელიც 1941 წლის ივნისიდან მოყოლებული, დაკარგული იყო. 

წითელი არმიის შენაერთებმა, ოპერაცია „ბაგრატიონის“ შედეგად, 600 კილომეტრით წაიწიეს დასავლეთის მიმართულებით და სამხედრო მოქმედებების ფრონტი 1100 კილომეტრამდე გააფართოვეს. გერმანელი ოკუპანტებისაგან გაიწმინდა ბელორუსიის ტერიტორია, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პოლონეთის ნაწილი, ლიტვის ნაწილი. საბჭოთა ჯარები გავიდნენ მდინარე ვისლაზე და მიუახლოვდნენ ვარშავას, ასევე კიონიგსბერგს აღმოსავლეთ პრუსიაში. გერმანული ჯარები აღმოსავლეთის ფრონტზე წელში გატყდნენ, ომის შემდგომი მსვლელობისას მათი ეფექტურობა უკვე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მანამდე. მათ ნახევარი მილიონი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს, 179 დარჩენილი დივიზიიდან 17 სრულიად განადგურდა, ხოლო კიდევ 50 დივიზია მწყობრიდან გამოვიდა, რადგან მათ პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეხოცათ.

რეგულარულ საბჭოთა ჯარებს წარმატებაში დიდად შეუწყეს ხელი ადგილობრივმა პარტიზანებმა, რომლებმაც მტრის ათეულ ათასობით ცოცხალი ძალა გაანადგურეს და უამრავი ტექნიკა მოსპეს ან დააზიანეს.

ბელორუსიაში საბჭოთა ჯარების გამარჯვებას უდიდესი შეფასება მისცეს დასავლელმა მოკავშირეებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რომლებმაც 1944 წლის ივნისიდან, ნორმანდიაში დესანტის გადმოსხმის შემდეგ, მეორე ფრონტი გაუხსნეს ნაცისტებს.
ბელორუსიაში ჩატარებული განმათავისუფლებელი ოპერაცია საბჭოთა ჯარისკაცებისა და ოფიცრების მამაცობის სიმბოლოდ იქცა; 1500 მათგანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ, სტალინის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა თავისი უპირატესობა გერმანულ სარდლობასთან შედარებით.

ძირითადი წყარო: http://mil.ru/ (სერგეი ლიპატოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი)

სამხედრო ისტორიაში უდიდეს ფართობზე წარმოებული ოპერაცია რუკაზე

ბელორუსი პარტიზანები გათავისუფლებულ მინსკში

ბატალიონის მეთაური 297-ე მსროლელ პოლკში, კაპიტანი გუბკინი (მარჯვნივ), რომლის ბატალიონმაც პირველმა გადაკვეთა გერმანიის საზღვარი აღმ. პრუსიაში, 1944 წლის 17 აგვისტოს



© Didisamamulo.ge
დაბრუნება