ლეჟავა ვახტანგ აკაკის ძე
თბილისში 1923 წელს დაბადებული ვახტანგ ლეჟავა, კომკავშირის წევრი, 1941 წელს თბილისის სამხედრო ქვეითთა სასწავლებლის კურსდამთავრებული, გვარდიის ლეიტენანტის წოდებით, მოხალისედ ჩაირიცხა წითელი არმიის რიგებში, როგორც კი დიდი სამამულო ომის დაწყება გამოცხადდა. ლეჟავა კარგად იყო მომზადებული ფიზიკურად, სასკოლო ათწლედის დამთავრების შემდეგ იგი ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.
ფრონტზე მოქმედ არმიაში ლეჟავა მოგვიანებით, 1942 წლის იანვარში გაიგზავნა. იბრძოდა 45-ე (1943 წლის მარტიდან - 74-ე გვარდიულ) მსროლელ დივიზიაში სამხრეთ-დასავლეთის, ბრიანსკის, სტალინგრადის, დონის, ისევ სამხრეთ-დასავლეთის, მე-3 უკრაინულ ფრონტებზე. თავი გამოიჩინა დნეპროპეტროვსკის ოლქში, დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინის გათავისუფლებისას.
კერძოდ, 1944 წლის 31 იანვრიდან 12 თებერვლამდე, თავის ქვეით, ნაღმმტყორცნ რაზმთან ერთად, ლეჟავა ცეცხლით ამაგრდებდა წითელი არმიის მსროლელი დანაყოფების ქმედებებს. დნეპროპეტროვსკის ოლქის აპოსტოლოვოს რაიონის სოფელ ველიკაია კოსტრომკასთან მის ქვედანაყოფს მტრის ქვეითებმა ალყა შემოარტყეს.
ვახტანგ ლეჟავას ალყაში ბრძოლების გამოცდილება ჯერ კიდევ 1942 წლის ივლისში ჰქონდა მიღებული, როდესაც დივიზია, რომელშიც იგი იბრძოდა, ბელგოროდის ოლქის ქალაქ სტარი ოსკოლთან მოექცა მტრულ ალყაში. დიდი მსხვერპლის მიუხედავად, იმავე წლის 18 ოქტომბერს, დივიზიამ მოახერხა სტალინგრადის ფრონტის 62-ე არმიასთან შეერთება. ამიტომაც, ქართველი ლეიტენანტი არ დაიბნა, მტრის აღმატებულ ძალებს წრიული თავდაცვით მედგრად დაუდგა და დიდი ზიანი მიაყენა მას, თუმცა ამჯერად გმირული აღსასრული ჰპოვა ბრძოლის ველზე. ის, თუ რა მოხდა აპოსტოლოვოს რაიონში 1944 წლის თებერვალში, ვახტანგ ლეჟავას საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დაჯილდოების სიგელშია გადმოცემული:
„ლეჟავამ, რომელიც 82-მმ-იანი ნაღმტყორცნების რაზმს მეთაურობდა, 1944 წლის 31 იანვარს თავისი ნაღმმტყორცნების ცეცხლით მოწინააღმდეგის 4 საცეცხლე წერტილი, 4 ასაწყობი და 3 ხელის ტყვიამფრქვევი მოსპო, გაანადგურა 3 ბლინდაჟი და 40-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. 1944 წლის 1-ლ თებერვალს მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტის შტურმისას, დნეპროპეტროვსკის ოლქის სადგურ პავლოპოლიესთან, ამხანაგმა ლეჟავამ სანაღმე ცეცხლით გაანადგურა მტრის 20-მდე ჯარისკაცი, 2 ასაწყობი და 1 ხელის ტყვიამფქვევი, რითაც ხელი შეუწყო ბრძოლის წარმატებას და მსროლელი ქვედანაყოფების წინ წაწევას. 1944 წლის 12 თებერვალს დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელი ბოლშაია კოსტრომკასთვის წარმოებულ ბრძოლებში, ნაღმმტყორცნთა რაზმს, რომელსაც დროებით მეთაურობდა ამხ. ლეჟავა, 150-ზე მეტმა მოწინააღდეგემ შემოუტია, მაგრამ ამხ. ლეჟავა არ დაიბნა, მან მოაწყო წრიული თავდაცვა და მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 80-მდე მტრის ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. ამ ბრძოლაშ იგი თავად დაიჭრა, მაგრამ მოიგერია თავისი ტყვედ აყვანის ყველა მცდელობა. როდესაც მას დაეძგერა მტრის 12 ჯარისკაცი, სისხლის დაკარგვისგან დაუძლურებულმა ამხ. ლეჟავამ შესძახა - „კომუნისტები ტყვედ არ ბარდებიან!“ და ფეხებთან ხელყუმბარა დააგდო, რომლის აფეთქების შედეგად, საკუთარი თავი და მოწინააღმდეგის ჯარისკაცები გაანადგურა“ (ხელს აწერს გვარდიის პოლკოვნიკი სოკოლოვი - 74-ე გვარდიული მსროლელი დივიზიის მეთაური).
ვახტანგ ლეჟავა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე, მისი სიკვდილის შემდეგ, მე-3 უკრაინული ფრონტის მეთაურმა, არმიის გენერალმა ტოლბუხინმა წარადგინა. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვახტანგ ლეჟავასთვის გმირის წოდების მინიჭების დადგენილება 1944 წლის 13 სექტემბერს მიიღო. ქართველი გმირი დაკრძალეს უკრაინაში, სოფ. ველიკაია კოსტრომკაში.