კოპცოვი ვასილი ალექსანდრეს ძე

ტიფლისში 1904 წლის 1-ლ იანვარს უბრალო მუშის ოჯახში დაბადებული ვასილი კოპცოვი დიდ სამამულო ომში 1941 წელს უკვე საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით ჩაება. გმირობის გამოვლენა მან 1939 წელს, იაპონელი აგრესორების წინააღმდეგ მონღოლეთში, მდ. ხალხინ-გოლის მიდამოებში მოასწრო.

1939 წლის 22 აგვისტოს კოპცოვი, მე-6 მსუბუქი სატანკო ბატალიონის (მოგვიანებით ბრიგადად გადაკეთდა) მეთაურის რანგში, წინ გაუძღვა ბატალიონს შეტევაზე და მოწინააღმდეგის ძალების განადგურების შემდეგ, პირველი გავიდა მდინარე ხალეისტინ-გოლის ხეობაში, რითაც მოწინააღმდეგეს უკან დასახევი გზები მოუჭრა. კოპცოვის ჩასაფრებული ტანკები მუსრს ავლებდნენ იაპონელ მილიტარისტებს. 25 აგვისტოს, სპეციალური დავალების შესრულებისას, კოპცოვის ტანკი მტრის ზურგში აღმოჩნდა და თან დაზიანება მიიღო, თუმცა კოპცოვმა შეძლო იაპონელების შემოტევის მოგერიება ამ დაზიანებული ტანკიდან გახსნილი ცეცხლის საშუალებით და დამხმარე ძალების მოსვლამდე, ეკიპაჟთან ერთად, გაძლო. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მას ამ დავალების წარმატებით შესრულების გამო მიენიჭა (ასევე მიიღო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი საბრძოლო ორდენი).

1941 წლიდან კოპცოვი სატანკო ჯარების გენერალ-მაიორი გახდა. დიდ სამამულო ომში აქტიურად და წარმატებით იბრძოდა. 1942 წლის მაისიდან იყო ვორონეჟის ფრონტის მე-3 სატანკო არმიის მე-15 სატანკო კორპუსის მეთაური. 1943 წლის იანვარში წარმატებით მონაწილეობდა ოსტროგოჟ-როსოშანსკის შეტევით ოპერაციებში, რის შედეგადაც გერმანელები ალყაში მოექცნენ. ამის გამო კოპცოვი სუვოროვის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

ვასილი კოპცოვი ხარკოვთან ახლოს დაიღუპა ბრძოლებში, 1943 წლის 3 მარტს. დაკრძალულია ხარკოვის მხარეში, სტანიცა ლიხაჩოვოსთან, სადაც აღმართულია მონუმენტური ტანკი და თავად კოპცოვის ბიუსტი.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება