გამცემლიძე შოთა ლევანის ძე
შოთა ლევანის ძე გამცემლიძე დაიბადა 1921 წელს ქ. თბილისში. სკკპ წევრობის კანდიდატი. 1941 წლის მაისში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსიაში, ქ. აულოვენენში გაცხარებული ბრძოლისას უმცროსი სერჟანტი შოთა გამცემლიძე ხელყუმბარების კონით ხელში შეუვარდა მოწინააღმდეგის ტანკს და აფეთქდა მასთან ერთად. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ).
24 წლის სამშობლოს დამცველი ქართველი შოთა გამცემლიძე სმოლენსკის მე-4 საგვარდიო სუვოროვის წითელი დროშის ორდენოსანი მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლი იყო, როდესაც 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსიაში წარმოებულმა ბრძოლებმა კულმინაციას მიაღწია. გერმანული მილიტარიზმის ბასტიონი, აღმოსავლეთი პრუსია, საუკეთესო თავდაცვითი სისტემებით იყო აღჭურვილი, ხოლო გერმანელები მთელი თავიანთი ფანატიზმით იბრძოდნენ თითო გოჯა მიწისათვის. ქალაქ აულოვენენს გერმანული თავდაცვის სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა.
"მიუხედავად მოწინააღმდეგის ქარიშხლისებრი ცეცხლისა, რომელიც ყველა სახეობის იარაღიდან წარმოებდა, ქალაქში პირველი შეიჭრა ტანკსაწინააღმდეგო განყოფილების მე-2 ბატალიონის გვარდიის უმცროსი სერჟანტი გამცემლიძე, თავის ტანკსაწინააღმდეგო იარაღების განყოფილებასთან ერთად. მათ ორი თვითმავალი ქვემეხი და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს, საიდანაც ბატალიონის ქვეითებზე წარმოებდა ცეცხლი. დღის მეორე ნახევარში ქუჩის ბრძოლები გაძლიერდა. გერმანელებმა ტანკები და თვითმავალი ქვემეხები აამოქმედეს. ქალაქის დასავლეთ განაპირას ერთ-ერთ ქუჩაზე ბატალიონს ორმა "ფერდინანდმა" და "ვეფხვმა" ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და მისი სვლა შეუძლებელი გახადა...
შოთა გამცემლიძემ, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, ორი "ფერდინანდი" გახვია ცეცხლის ალში, მაგრამ მძიმე ტანკის, "ვეფხვის" სქელი წინა ჯავშანი ამ იარაღით ვერ გაიხვრიტებოდა. მაშინ, გამცემლიძემ გადაწყვიტა, ტანკი ყუმბარებით გაენადგურებინა. ერთი [ზუსტად ნასროლი] ყუმბარა ტანკის განადგურებას არ ეყო, ტანკმა ცეცხლი გააძლიერა კიდეც. გამცემლიძეს ყუმბარები გაუთავდა. მაშინ მან ფარულად დატოვა თავისი საცეცხლე პოზიცია და ამხანაგებთან მიცოცდა ყუმბარების წამოსაღებად. მან რამდენიმე ყუმბარა ერთად შეკრა და ადრე დაკავებულ პოზიციაზე ისევ მიხოხდა. მან თავის ამხანაგებს გამოსძახა: "შეხედეთ, ახლა ბატონი "ვეფხვი" ჰაერში აფრინდება!"
ამხანაგი გამცემლიძე ჩუმად მიეპარა მტრის ტანკს, რომელიც ქუჩაზე ახდენდა მანევრირებას და, თავისი ყუმბარების კონით შეუვარდა მას ქვევიდან. რამდენიმე წამში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. "ვეფხვი" მართლაც აფრინდა ჰაერში და თან გაიყოლა მეომარი - გვარდიის გმირი, გვარდიის უმცროსი სერჟანტი გამცემლიძე".
ამას გარდა, გამცემლიძის საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარდგინების რელაციაში ნათქვამია: "გამცემლიძის გმირულმა საქციელმა ბრიგადის მთელ პირად შემადგენლობას შეასხა ფრთები ახალი გმირობების ჩასადენად და გახდა ბრიგადის წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანის წარმატებული შესრულების საწინდარი".