
ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე
აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია დაიბადა 1914 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში. სკკპ წევრი. არტილერისტი, კადრის ოფიცერი, დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე პრუტის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. მონაწილეობდა ომში იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ.
გარდაიცვალა 1975 წელს.
1944 წლის აგვისტოს ბოლოს გვარდიის მაიორი აკაკი ბუკია მსახურობდა მე-5 მექანიზებული დნესტრის კორპუსის საარტილერიო პოლკში. მაიორმა ბუკიამ პირველმა მოახდინა მდინარე პრუტის ფორსირება და რუმინეთის ტერიტორიაზე შეჭრა. მცირე ძალებით, პირადად გაანადგურა მტრის 3 ტანკი "პანტერა" და ალყასაც გაუძლო. ბუკიას 745-ე საქვემეხო პოლკმა ჯამში გაანადგურა მტრის 11 ტანკი, 8 თვითმავალი ქვემეხი, 120 ავტომობილი, 16 ჯავშანმანქანა, 92 საცეცხლე წერტილი, 300 ჯარისკაცი და ოფიცერი, 196 მათგანი კი ტყვედ აიყვანა.
აკაკი ბუკიას საბჭოთა კავშირის გმირად წარდგინების დოკუმენტში მარშალი მალინოვსკი აღნიშნავდა როგორც ბუკიას პირად მამაცობას და გმირულ საქციელს, ისე მის მიღწევას, რომ მან მცირე ძალებით მოახერხა მტრის აღმატებული ძალების ნეიტრალიზება. აღსანიშნავია ასევე, რომ ბუკიამ, გერმანული ტანკების განადგურების გარდა, პირადად მოახერხა დაახლოებით 100-მდე ნაცისტი ჯარისკაცის დახოცვა, რომლებსაც საბჭოთა ტანკის მუხლუხებით გადაუარა. ბუკიამ დიდ სამამულო ომში მოიარა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი, უკრაინა, შევიდა ბუდაპეშტსა და ვენაში, ხოლო მეორე მსოფლიო ომი იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში მონაწილეობით დაასრულა.