ბახტაძე გიორგი (გრიგოლ) გიორგის ძე

გიორგი გიორგის ძე ბახტაძე დაიბადა 1916 წელს დაბა ხონში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1943-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებისათვის.  გარდაიცვალა 1957 წელს.

1942 წელს წითელი არმიის რიგებში ნებაყოფლობით შევიდა და ომობდა ჩრდილო კავკასიაში, ტამანისა და ყირიმის ნახევარკუნძულებზე. შემდეგ უკრაინის გათავისუფლებაში ჩაერთო. გიორგი ბახტაძე ხერსონის 295-ე დივიზიის 1038-ე მსროლელთა პოლკში მსახურობდა 1-ლი ბატალიონის მე-2 მსროლელი რაზმის მეთაურად.

1944 წლის 12 მარტს დივიზიამ მიიღო ქ. ხერსონთან ახლოს, მდ. დნეპრის ფორსირების ბრძანება. დასახული ამოცანის განსახორციელებლად გიორგი ბახტაძის რაზმი წინა ხაზზე გამწესდა. სოფელ კუზმინკა-გლინიცასთან მოწინააღმდეგეს მრავალი საცეცხლე წერტილი ჰქონდა მოწყობილი, ტერიტორია სანგრებითა იყო გამაგრებული, სანგრებთან მისადგომები კი - დანაღმული. გიორგი ბახტაძემ პირადად შეისწავლა ბრძოლის ველი და შეტევის გეგმა შეადგინა. მას უნდა უზრუნველეყო რაზმის მყისიერი გადაგზავნა დნეპრზე, რათა მოწინააღმდეგეს რეაგირება ვერ მოესწრო და ჩვენი ჯარისკაცების რიგებში მსხვერპლი დიდი არ ყოფილიყო. რაზმის შემადგენლობიდან მოხალისეთა ჯგუფები შედგა, რომელთაც დანაღული ტერიტორიების წინ დამატებით აღმართული მავთულხლართები უნდა გადაეჭრათ.

ბახტაძის რაზმმა დაკისრებულ ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა. მტერს კონტრშეტევის საშუალება არ მისცა და უკან დაახევინა. ბახტაძის რაზმმა მტერს 25 კილომეტრის მანძილზე სდია. გაანადგურეს 40 ნაცისტი, 3 ტყვედ აიყვანეს. დივიზიას გზა გაეხსნა ხერსონისკენ. ქალაქის გათავისუფლებაში ბახტაძე და მისი რაზმელები ასევე პირველ რიგებში იბრძოდნენ და პირველებმა აღმართეს ქალაქის ცენტრში წითელი დროშა.

უკრაინის მე-3 ფრონტის სარდალმა, მარშალმა მალინოვსკიმ ბახტაძეზე რელაციაში დაწერა: "თავისი პირადი მამაცობისა და ვაჟკაცობის მაგალითით, აგულიანებდა მებრძოლებს, არ მოსცილებია დანაყოფებს, მოხერხებულად ხელმძღვანელობდა მათ, მიუხედავად ყველა სირთულის, მოწინააღმდეგის ჯიუტი წინააღმდეგობისა და ქარიშხლისებრი ცეცხლისა, საბრძლო ამოცანა სამაგალითოდ შეასრულა".



© Didisamamulo.ge
დაბრუნება