1966 წლის დეკემბერში, მოსკოვთან ჰიტლერული ძალებისადმი უმძიმესი მარცხის მიყენების 25-ე წლისთავზე, მოსკოვში, ალექსანდრეს ბაღში, გადმოასვენეს უცნობი ჯარისკაცის ნეშტი, რომელიც ლენინგრადის გზატკეცილის 41-ე კილომეტრზე იქნა აღმოჩენილი. ამ მიდამოებში 1941 წელს მიმდინარეობდა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მოსკოვის გადასარჩენად.
1967 წლის 8 მაისს კი გაიხსნა მემორიალური არქიტექტურული ანსამბლი – “უცნობი ჯარისკაცის საფლავი”. დიდების მარადიული ცეცხლი, რომელიც ბრინჯაოს სამხედრო ვარსკვლავის შუაგულიდან ამოდის, ანთებულ იქნა პეტერბურგის მარსის მოედნიდან ჩამოტანილი ალისაგან.
“შენი სახელი უცნობია, შენი გმირობა უკვდავია” – ეს სიტყვებია ამოტვიფრული საფლავის გრანიტის ქვაზე. მარჯვნივ, კრემლის კედლის გაყოლებით, ერთ რიგად დგას ურნები, რომლებშიც ინახება გმირი-ქალაქებიდან ჩამოტანილი მიწა.
მიუხედავად კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული პრობლემებისა, უცნობი ჯარისკაცის ხსოვნის დღე წელსაც ღირსეულად აღინიშნება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

