პაპუაშვილი გიორგი იასონის (იოსების) ძე – DidiSamamulo.Ge

პაპუაშვილი გიორგი იასონის (იოსების) ძე

by dazva1111
A+A-
Reset

 

დაიბადა ხაშურის რ-ნის სოფ. დუმაცხოვში, 1918 წელს, გლეხის ოჯახში. წითელ არმიაში მსახურობდა 1938-1940 წლებში, მაგრამ მშვიდობიანი ცხოვრება დიდხანს არ დასცალდა – 1941-ის ივნისში, დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, ისევ გაიწვიეს პირდაპირ ფრონტზე.

1943 წელს გიორგი პაპუაშვილი უმცროსი ლეიტენანტი გახდა, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ. 1944 წლის აგვისტოს ბოლოს  ირიცხებოდა 311-ე საგვარდიო მსროლელი პოლკის მსროლელთა ასეულში, ლეიტენანტის ხარისხში და თავი დიდი მამაცობით გამოიჩინა – მდინარე დნესტრზე, მოლდავეთში, ჩვენი არმიის ფეხოსნების შეტევის დროს, თავისი ოცეულით შეიჭრა მტრის სანგრებში და მოცემულ ხაზს იქეთ გამაგრდა. ამ ბრძოლებში გ. პაპუაშვილის ოცეულმა 21 რუმინელი ჯარისკაცი მოკლა და კიდევ 17 ტყვედ აიყვანა, ასევე მოიპოვა მტრის 4 ნაღმმტყორცნი. ამ მამაცობისთვის პაპუაშვილი “სიმამაცისთვის” მედლით დაჯილდოვდა.

იმავე წლის ნოემბერში გვარდიის ლეიტენანტი გ. ი. პაპუაშვილი დანიშნულ იქნა მე-8 მსროლელი ასეულის მეთაურად, 108-ე საგვარდიო მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში. ნოემბრის ბოლო რიცხვებში ეს დივიზია ბუდაპეშტიდან 25 კილომეტრის დაშორებით დადგა, მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე, მდინარის ფორსირებისთვის სამზადისში.

წყალუხვი დუნაის ფორსირება 1944 წლის 4 დეკემბერს დაიწყო, საღამოს 8 საათზე, ქალაქ ერჩისთან. პირველები პაპუაშვილის მებრძოლები იყვნენ, ვინც მიუხედავად მოწინააღმდეგის მძაფრი საარტილერიო და სატყვიამფრქვევო ცეცხლისა, პირველებმა გადალახეს მდინარე და მის მარჯვენა სანაპიროზე ხელჩართულ ბრძოლებში ჩაერთვნენ. საბჭოთა ქვეითების შემდგომ წინსვლას ხელს უშლიდა ფაშისტების სტაციონარული ტყვიამფრქვევი. ლეიტენანტი პაპუაშილი პირადად მიცოცდა ამ ტყვიამფრქვევთან და იგი ხელყუმბარების საშუალებით მოსპო. ჯარისკაცები წინ წავიდნენ, მაგრამ მათ გზაზე მეორე ტყვიამფრქვევი გადაეღობა. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოხერხა მტრის საცეცხლე წერტილთან მიახლოება და მისი განადგურება.

გიორგი პაპუაშვილის ასეულმა თითქმის 100 ჰიტლერელი მოკლა ამ ბრძოლებში, მოწინააღმდეგე გამოყარა მიწის თხრილებიდან და შეინარჩუნა დაკავებული ზღვარი, რითაც უზრუნველჰყო პოლკის სხვა შენაერთების გადმოსვლა და დაპყრობილი პლაცდარმის გაფართოება. პირადად გიორგი პაპუაშვილმა, ხელჩართულ ბრძოლებში, მოკლა 5 ფაშისტი ჯარისკაცი, მაგრამ თავადაც დაიღუპა მის გვერდით აფეთქებული ნაღმის ნამსხვრევით.

გიორგი პაპუაშვილი დაკრძალულია სამხედრო სასაფლაოზე, ქალაქ ერჩიში (უნგრეთის ფეიერის პროვინცია).

გამოჩენილი გმირობისთვის, გ. პაპუაშვილს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, 1945 წლის 24 მარტს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ), ლენინის ორდენითა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით. 1944 წლის 11 მაისს მიღებული ჰქონდა წითელი ვარსკვლავის ორდენიც.

 

Рекомендуем