ჭიათურის რაიონის სოფ. უსახელოში 1900 წელს დაბადებული ვლადიმერ პაპიძე დიდ სამამულო ომში 1942 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა. იბრძოდა სახელგანთქმულ 414-ე მსროლელ დივიზიაში, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული (ზღვისპირეთის არმია, მე-4 უკრაინის ფრონტი).
414-ე “ანაპის” დივიზია 1944 წლის იანვრიდან, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იბრძოდა. რიგითმა მებრძოლმა ვლ. პაპიძემ დიდი უნარი გამოავლინა მოწინააღმდეგის გამაგრებული საცეცხლე წერტილებისა და სანგრების განადგურებასა და დაკავებაში. პაპიძემ რამდენიმე ეპიზოდში უზრუნველჰყო საბჭოთა შენაერთების უსაფრთხო წინსვლა.
ასე, 1944 წლის 23 იანვარს, ქერჩის ნახევარკუნძულზე, პაპიძე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მიცოცდა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილთან, საიდანაც ფაშისტები ორი სტაციონარული ტყვიამფრქვევით წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს. პაპიძე მთელი ტანით აღიმართა მოწინააღმდეგის თხრილზე და ამბრაზურაში ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები ჩაყარა. კიდევ ერთი ფაშისტი, მეტყვიამფრქვევე, ქართველმა დანით მოსპო, ხელთ იგდო მისი ავტომატი და კიდევ 16 ჰიტლერელი გაანადგურა.
იმავე წლის 7 მაისს, სევასტოპოლის მისადგომებთან, ერთ-ერთ ხუტორში, ვლადიმერ პაპიძემ თითქმის იგივე გმირობა გაიმეორა – მიცოცდა მოწინააღმდეგის სანგართან, სადაც ძლიერი საცეცხლე წერტილი მოქმედებდა და ფლანგიდან მოსვენებას არ აძლევდა წითელარმიელებს. პაპიძემ ავტომატის საშუალებით ოთხი ფაშისტი მოკლა სანგარში, რის შედეგადაც მე-2 საბჭოთა მსროლელმა ასეულმა ხუტორის გვერდის ავლა შეძლო და, მოულოდნელი დარტყმით, 180 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი დახოცა. განვითარებული შეტევის შედეგად, წითელარმიელებმა გერმანელების მიერ გამაგრებული მთავარი ობიექტი, სოვხოზი #10, დაიკავეს, სადაც პირველი ვლადიმერ პაპიძე შეიჭრა და წითელი დროშა აღმართა.
ამ დამსახურებების გამო, ვლ. პაპიძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება – 1945 წლის 24 მარტს, ლენინის ორდენითა და “ოქროს ვარსკვლავით”. აღსანიშნავია, ასევე, რომ პაპიძეს ჯერ კიდევ 1943 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ჰქონდა წითელი ვარსკვლავის ორდენი, ჩრდ. კავკასიასა და ტამანის ნახევარკუნძულზე წარმოებული მამაცური ბრძოლებისთვის.
