ოგანოვი სერგო მამბრეს ძე – DidiSamamulo.Ge

ოგანოვი სერგო მამბრეს ძე

by dazva1111
A+A-
Reset

სერგო (სერგეი) ოგანოვი თბილისელი რკინიგზელის ოჯახში დაიბადა 1921 წლის 23 თებერვალს. სკოლის ასაკიდანვე გამოიჩინა ინტერესი სამხედრო საქმისადმი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სამთო-საარტილერიო სასწავლებელი და ივნისში უკვე დიდ სამამულო ომში ჩაება. იბრძოდა სამხრეთის ფრონტზე, გამოიარა დნეპრის ბრძოლები ქალაქ ხერსონთან, იცავდა მელიტოპოლს და ბოლოს, ქ. დონის როსტოვს. სწორედ აქ იქნა შეჩერებული გერმანული სამხედრო მანქანა, რაშიც თავისი წვლილი იმჟამად 20 წლის სერგო ოგანოვსაც მიუძღვის.

ამ დროს, მომავალი გმირი, 606-ე მსროლელთა პოლკის საარტილერიო ბატარეას მეთაურობდა, ლეიტენანტის რანგში. ბაქოს 317-ე მსროლელთა დივიზიის შტაბის 29 ოქტომბრის ბრძანებით, ოგანოვმა თავისი ბატარეა სოფ. ბოლშიე სალის დასავლეთით, 2 კმ-ზე მანძილში, განალაგა, მტრის ტანკებისთვის როსტოვზე სვლის შესაფერხებლად.

ოგანოვის ბატარეამ დასახული ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა, მიუხედავად მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობისა, როდესაც გერმანულ ტანკებს ავიაციაც წამოეშველა. ბრძოლებმა კულმინაციას 17-18 ნოემბერს მიაღწია. გერმანელებმა არაერთი ტანკი დაკარგეს, მაგრამ წინ ვერ წაიწიეს. ბატარეის 16 ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის, მეთაური სერგო ოგანოვი, ამ ბრძოლებს შეეწირა. მათ მტერს ერთი გოჯა მიწაც არ დაუთმეს. ამასობაში მათ დასახმარებლად მოვიდნენ წითელი არმიის 317-ე მსროლელი დივიზიის ნაწილები და ვითარება საბოლოოდ დასტაბილურდა, მეტიც, საბჭოთა ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

1972 წლის მაისში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კურგან ბერბერ-ობაზე, სადაც დაიღუპა ოგანოვის ჯგუფი, მათი სადიდებელი ძეგლი გაიხსნა, სერგო ოგანოვის პერსონალური ძეგლი კი 2024 წელს, როსტოვის 46-ე გიმნაზიის ეზოში დადგეს.

 

Рекомендуем