მას შემდეგ, რაც 1945 წლის იანვარში საბჭოთა ჯარებმა ყოფილ აღმოსავლეთ პრუსიაში (ამჟამად რუსეთის კალინინგრადის ოლქი) სწრაფი სტრატეგიული შეტევა განავითარეს, დადასტურდა, რომ გერმანული “რაიხის” ამ ნაწილში ფუნქციონირებდა არაერთი ბანაკი, სადაც საბჭოთა ტყვეები არაადამიანურ მოპყრობას განიცდიდნენ გერმანელი ნაცისტების მხრიდან. ჩვენმა ვებგვერდმა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი საბჭოთა კავშირის გმირის, აშოტ კაზარიანის სატანკო პოლკის მაგალითზე უკვე ახსენა, რომ როდესაც ბატალიონმა რამდენიმე დღის მანძილზე 150 კილომეტრით შეძლო წინ წაწევა, მოხდა ტყვეთა ასეთი ორი ბანაკის გათავისუფლება 660 სამხედრო საბჭოთა ტყვითურთ. შეტევების სწრაფ განვითარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისედაც გამხეცებული გერმანელები ტყვეებს ცოცხლად აღარ ტოვებდნენ და ყველას ხვრეტდნენ, თუკი გრძნობდნენ, რომ წითელი არმია ახლოს არის და უცილობლად გაათავისუფლებს ტყვეებს.
რუსეთის სპეცსამსახურმა ФСБ -მ ამ დღეებში დამატებითი არქივები გახსნა და კალინინგრადის ოლქს, მისი წარმოშობის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გადასცა. ამ არქივებით მტკიცდება, რომ აღმოსავლეთ პრუსიაში 50-მდე საკონცენტრაციო ბანაკი მოქმედებდა (მათ შორის 17 – კიონიგსბერგში). ამ ბანაკებში ჰიტლერელები ყოველდღიურად ხოცავდნენ ტყვეებს – გაზის კამერებში, დახვრეტის გზით თუ შიმშილით. ეს ეხებოდა ათასობით საბჭოთა სამხედრო ტყვეს, ასევე დატყვევებულ მშვიდობიან მცხოვრებთ.
არქივები, კერძოდ, მოიცავს მასალებს, ნაცისტების მიერ შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის ფილიალში ჩადენილი საშინელი დანაშაულებების შესახებ. აქ გერმანელი ნაცისტები ტყვეებს ინექციების საშუალებით, ტიფის ბაქტერიებით და სხვა ინფექციებით აავადებდნენ.
