ვაგინი ლეონიდ ივანეს ძე

ლეონიდ ივანეს ძე ვაგინი დაიბადა 1905 წელს ქ. თბილისში. მუშაობდა „წითელი ჯვრის“ კურიერად, მძღოლის თანაშემწედ, შავ მუშად წისქვილში. იყო სკკპ წევრი. კადრის ოფიცერი. 1924 წლიდან თავად შევიდა წითელ არმიაში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი დროშის ორდენებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა  1945 წლის 6 აპრილს- ვისლის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1976 წელს.

ლეონიდ ივანეს ძე 16 წლის ასაკში, 1921 წელს შევიდა წითელი არმიის რიგებში და პროფესიონალი სამხედროს კარიერა გაიკეთა. 1926 წელს ტფილისის ქვეითთა სკოლა დაამთავრა. მსახურობდა უშიშროების ჯარებში. 1937-1940 წლებში სწავლობდა ნარიმანოვის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაასრულა. მონაწილეობა მიიღო ფინეთთან 1939-1940 წლების ომში. 1940 წლის თებერვლიდან სამხედრო დაზვერვაში იყო. 

დიდი სამამულო ომის დროს ბრძოლებში 1941 წლის 6 ივლისიდან ჩაერთო და ჯერ მოსკოვის სამხედრო ოკრუგის 249-ე მსროლელი დივიზიის სამწყობრო განყოფილების უფროსი და ამავე დივიზიის დაზვერვის ცალკე ბატალიონს ხელმძღვანელობდა. იბრძოდა დასავლეთის და კალინინის ფრონტებზე, 1942 წლის იანვარში მძიმედ დაიჭრა, თუმცა ორ თვეში მწყობრში ჩადგა 16-ე გვარდიის დივიზიის ასევე საგვარდიო 43-ე მსროლელ პოლკს მეთაურობდა და იბრძოდა სმოლენსკში, მოსკოვის დაცვასა და კონტრშეტევაში, სხვა მნიშვნელოვან ბრძოლებში.

1943 წელს სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე გადაისროლეს, უკრაინაში, სადაც, სხვათა შორის, ერთი პერიოდი მეთაურობა ჩამოართვეს და დააქვეითეს, თუმცა შემდეგ ვაგინი 79-ე გვარდიის მსროლელი დივიზიის მეთაური გახდა. ვაგინის დივიზიამ უკრაინიდან გერმანიამდე, მდინარე ოდერამდე გაიარა მისი ხელმძღვანელობით და თავად ვაგინმა ამასობაში გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. განსაკუთრებული დამსახურებებისთვის მის დივიზიას ცალკე სახელწოდება - „ზაპოროჟსკაია“ მიიღო. 1944 წლის ივნისიდან 1-ლ ბელარუსულ ფრონტზე იბრძოდა ეს დივიზია და გვარდიული გენერალ-მაიორ ვაგინის ხელმძღვანელობით მდ. დასავლეთ ბუგის ფორსირების შემდეგ პოლონეთის ქალაქი ლუბლინი გაათავისუფლა, სადაც 1700 ნაცისტი იქნა დატყვევებული. 1944 წლის 1-ლ აგვისტოს დივიზიამ მტრისთვის მოულოდნელი 70 კილომეტრიანი მარში განახორციელა და მდინარე ვისლაზე გავიდა. დაკავებულ პლაცდარმზე მოგერიებულ იქნა მტრის კონტრშეტევები. გერმანელებმა 10-დღიან ბრძოლებში დაკარგეს 65 ტანკი და ჯავშანმანქანა, 8 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. ვისლა-ოდერის შემტევი ოპერაციის ფარგლებში დივიზია მდინარე ოდერს მიადგა. აქ, 1945 წლის 3 თებერვალს, თბილისელმა გენერალ-მაიორმა მძიმე ჭრილობა (უკვე მეორედ) მიიღო. გამარჯვების დღეს ჰოსპიტალში შეხვდა, სადაც გაიგო კიდეც მისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების შესახებ (სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, გმირის წოდებასთან ერთად ლენინის ორდენითა და „ოქროს ვარსკვლავის“ მედლის მინიჭებით). 

ომის შემდგომ განაგრძო სამხედრო კარიერა, უკვე რუსეთის ტერიტორიაზე. მინიჭებული აქვს სუვოროვის მე-2 ხარისხის ორდენი, წითელი დროშის ხუთი ორდენი და სხვა ჯილდოები.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება