კანანაძე ალექსანდრე გიორგის ძე

დაიბადა 1916 წელს (11 ნოემბერს) რომანოვსკი ხუტორში, ახლანდელ კრასნოდარის მხარის ქ. კროპოტკინში, მუშის ოჯახში. განათლება თბილისში, რკინიგზის ტექნიკუმში, მიიღო (დაასრულა 1937 წელს), შევიდა შეიარაღებული ძალების რიგებში, 1941 წელს კი შავი ზღვის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 16 მაისს. გარდაიცვალა მოსკოვში 1999 წელს (25.10), დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე. 

1941 წლის ივნისიდანვე ჩაერთო მტერთან ბრძოლებში - შავი ზღვის ფლოტის სატორპედო კატარღების 1-ლი ბრიგადის მე-3 დივიზიონის კატარღების რგოლის მეთაურის, უფროსი ლეიტენანტის რანგში. 

ა. კანანაძემ მონაწილეობა მიიღო არაერთ საზღვაო ბატალიაში, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1943 წლის რამდენიმე ბრძოლაში. მაგალითად, 25 აპრილს თავისი კატარღით მოწინააღმდეგის 4 კატარღის შემოტევას გაუძლო და ძვირფასი ტვირთი, რომელიც ჩვენი მებრძოლებისთვის გადაჰქონდა სატვირთო გემს, შეინარჩუნა. ასევე დანაკარგების გარეშე ჩაატარა კანანაძემ ქერჩში, ელტინგენის რაიონში 18-ე სადესანტო არმიის მედესანტეების გადასმა და მტრის განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის მიუხედავად, თავად ჩაძირა ორი რუმინული გემი. 

ასეთივე მამაცი და გამბედავი მოქმედებებით კანანაძემ ხელი შეუწყო სევასტოპოლის განმათავისუფლებელ ოპერაციებს, ჩაძირა 5000-იანი ტონაჟის მქონე რუმინული გემი, რომელიც ჯარებით და ტექნიკით იყო დატვირთული და სევასტოპოლიდან რუმინეთისკენ მიემართებოდა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება