გავრილოვი კუზმა ანტონის ძე

კუზმა ანტონის ძე გავრილოვი დაიბადა 1922 წელს, ონუფრიევის რაიონის სოფ. ზიბკოეში (ცენტრალური უკრაინა). საქართველოში ცხოვრობდა 1930 წლიდან. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. არაერთგზის იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენით, ლენინის ორდენითა და მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.

1943 წლის 23 სექტემბერს 38-ე მსროლელი დივიზია მდინარე დნეპრს მიადგა. დაიწყო მოწინავე ნაწილების გადასვლა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, რაც ტივებით, კასრებით, ნავებით, ბორნებით ხდებოდა. საბჭოთა დესანტს, როგორც ყველგან დნეპრზე, გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, ხშირი იყო ხელჩართული ბრძოლებიც. დნეპრის ზედაპირი დუღდა გერმანული ჭურვების და საავიაციო ბომბების აფეთქებებისგან. საბჭოთა ჯარების გადასვლა მარჯვენა ნაპირზე შეჩერდა საინჟინრო ჯარების მოსვლამდე. დესანტს უკვე ესაჭროებოდა დახმარება. ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დესანტს დახმარებოდნენ საარტილერიო ცეცხლით, მაგრამ არტილერიის ცეცხლს ხომ კორექტირება სჭირდება. დადგა საკითხი, თუ ვინ უნდა ითავოს ეს საქმე. 703-ე ქვედანაყოფის გვარდიის კაპიტანმა სემინგორმა ამ მიზნით, ფიქრის გარეშე, წითელარმიელი კუზმა გავრილოვი დაასახელა, რომელიც კავშრგაბმულობის ჯარში მსახურობდა.

გათბილისელებულ კუზმა გავრილოვს ყმაწვილობაში მეგობრებისთვის არაერთხელ მოუგია სანაძლეო მტკვრის გადაცურვაში. რა თქმა უნდა, დნეპრის გადაცურვა ომში სულ სხვა გამოწვევა იყო, ვიდრე მტკვრის გადაცურვა მეგობრებთან ერთად, მაგრამ ყმაწვილობაში მიღებული გამოცდილება მეომარს გამბედაობას ჰმატებდა. გავრილოვმა მცირე ტივი შეკრა, მასზე სატელეფონო აპარატი მოათავსა ასაკრეფი "კატუშკითა" და კაბელით. ამ ტივით მან დნეპრში შეცურა. უკვე შუა მდინარეში იყო  გავრილოვი, როდესაც მტრის ჭურვი დაეცა მის სიახლოვეს და ტივი დაიშალა. გავრილოვმა სწრაფი რეაქციით გადაარჩინა ტვირთი და დიდი გაჭირებით განაგრძო ცურვა. მან მიაღწია მარჯვენა ნაპირს, სადაც მას საბჭოთა მედესანტეები დახვდნენ და გადარჩენილი ტექნიკით მეთაურს წარუდგინეს. ადე დამყარდა კავშირი მარჯვენა ნაპირზე მყოფ დესანტსა და მარცხენა ნაპირზე განლაგებულ ძირითად ძალებს შორის, საბჭოთა არტილერიას საშუალება მიეცა, ზუსტი დამიზნებით ეწარმოებინა მოწინააღმდეგის მიმართ ცეცხლი.

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. კაბელი, რომელიც კუზმამ მდინარეში, ერთი ნაპირიდან მეორემდე გადმოჭიმა, მალევე გაწყდა. ქვეყნის ერთგულმა ჯარისკაცმა ისევ გადაცურა დნეპრი და საკაბელო კავშირი აღადგინა. და ეს გადაცურვა-გადმოცურვა, კავშირის აღდგენა, იმ ღამეს სამჯერ განმეორდა!

ომის შემდეგ კუზმა გავრილოვი თბილისს დაუბრუნდა, სადაც იგი 1995 წლამდე ცხოვრობდა (მუშაობდა ფერადი ბეჭდვის სტამბაში). 1990-იანების არეულობაში იგი რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლდა, სადაც მალევე, 1997 წელს გარდაიცვალა.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება